საქართველოსა და რუსეთის ხალხთა მეგობრული და კულტურული კავშირები საუკუნეებითა და დიდ ადმიანთა სახელებითაა შედუღაბებული
Tuesday Feb 23, 2010
რუსეთისა და საქართველოს ხალხთა მეგობრობა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დაბადებამდე საუკუნეზე მეტი ხნით ადრე დაიწყო (ეს იმ შემთხვევაში, თუ ათვლას დავიწყებთ მოსკოვში ქართული სლობოდას გახსნიდან), 350 წელს ითვლის და ურთიერთობათა მდიდარი მოვლენებითაა სავსე. ამასთანავე, თითქმის 200 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაკავშირებდა საერთო ისტორია და მჭიდრო კულტურული, სულიერი და ეკონომიკური კავშირები. ბოლო ოცი წლის ქართულ-რუსული ურთიერთობების ლოგიკური ახსნა შეუძლებელია, რადგან ისინი არ ასახავს ორი მეგობარი და მართლმადიდებელი ხალხის ჭეშმარიტ ინტერესებს. ხალხს აწუხებს და გულს სტკენს პროცესები, რომლებიც თითქმის ყველაზე უფრო ახლობელ ორ ერს შორის მიმდინარეობს. მათი კავშირები მჭიდროა, მრავალია შერეული ქორწინება, მჭიდროა კულტურული და სულიერი ერთობა. დღეს არსებული არამეგობრული დამოკიდებულება ვერ მოემსახურება ვერც საქართველოსა და ვერც რუსეთის ინტერესებს. ისინი განსაკუთრებით მწვავედ აისახება ქართველ ხალხზე და მის მომავალზე. ბოლო ათწლეულების დამოკიდებულება, რომელიც ყოფითი უთანხმოებით დაიწყო და მივიდა – შეიარაღებულ კონფლიქტამდე, საქართველოს სახელმწიფოს რღვევამდე და რუსეთთან ეკონომიკური, სატრანსპორტო, კულტურული და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე, ყოველმხრივ ართულებს ქართველი ხალხის ცხოვრებას, ხელს უშლის მას მსოფლიო საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დაკავებაში და შესაძლოა ეროვნული კატასტროფის მიზეზი გახდეს კეთილშობილი ქართველი ხალხისა და უმდიდრესი ქართული ეთნოსისთვის.
საზღვარგარეთ მყოფ ქართულ დიასპორას ძლიერ აღელვებს მისი ეთნიკური სამშობლოს ბედი და იქ არსებული სიტუაცია. მათ შორის არიან იმ ერების წარმომადგენლებიც, რომლებიც დაიბადნენ და ცხოვრობდნენ საქართველოში, რომლებიც გაჟღენთილნი არიან ჭეშმარიტი ქართული სულით და პატრიოტიზმით, და როგორც არავინ – დაინტერესებულნი არიან მისი კეთილდღეობით. მშობლიურ მხარეს მოწყვეტილი მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა ორმაგად განიცდის არსებულ მდგომარეობას, რადგან მას აქვს ეკონომიკური პოტენციალი და ლობისტის უნარი, მაგრამ იგი ვერ იყენებს საქართველოს სტაბილურობისა და განვითარებისათვის ესოდენ საჭირო რესურსს, რომელსაც შეუძლია რეალურად შეაჩეროს ქვეყნის ნგრევის პროცესი, ააღორძინოს მისი ეკონომიკა, შეაჩეროს ეროვნული თვითმყოფადობის და სულიერების დეგრადაციისკენ სვლა.
ქართული დიასპორის მრავალფეროვნების მიუხედავად, უნდა აღნიშნოს განსაკუთრებული როლი და ადგილი თითქმის მილიონამდე ქართული წარმომავლობის ადამიანისა, რომელიც ცხოვრობს და შრომობს რუსეთის ფედერაციაში. მათ შორის მრავლად არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და კულტურის მუშაკები, რომლებსაც განსაკუთრებით საპატიო ადგილი უკავიათ საზოგადოებაში და ცხოვრების კომფორტული პირობებით არიან უზრუნველყოფილნი, თუმცა ისინი ინდიფერენტულად არიან განწყობილი მათ ეთნიკურ სამშობლოში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების მიმართ. ალბათ ისინი ფიქრობენ, რომ “ფარშევანგის პოზა”, რომელშიც ისინი იმყოფებიან, მათ შემდგომ კეთილდღეობასა და სიმშვიდეს უზრუნველყოფს. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ეს ორმაგი შეცდომაა როგორც საკუთარი ისტორიული სამშობლოს, ისე ჩვენი დღევანდელი სამშობლოს მიმართებით. სრულიად ცხადია, რომ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ჩვენი რიგიც მოვა და პასუხს ჩვენც მოგვთხოვენ, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. პასუხი საკუთარ სინდისსაც უნდა გავცეთ, თუმცა რომელ სინდისზეა საუბარი? მეორე ნაწილი, ე.წ. ბიზნესმენები და მედროვეები, რომლებიც ცდილობენ ორმაგი მოღალატური თამაში ითამაშონ, ყოველ ღონეს ხმარობენ რათა მოიპოვონ და დაიცვან თავიანთი, ხშირად ბინძური ბიზნესი როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. როგორც ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ მათი არასანდო და ჭუჭყიანი საქმიანობის შესახებ არ იციან ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურებმა.
არიან კიდევ გზააბნეული და მოკლეჭკუის ურაპატრიოტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთში დღევანდელი ქართული რეჟიმის “ფარული” მხარდაჭერით ისინი საქართველოს “სასიკეთოდ” მოქმედებენ. სინამდვილეში ისინი საქართველოში კატასტროფის მიახლოებას უწყობენ ხელს და იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ცხოვრობენ, სულ ცოტა, ვირთხებივით და თაღლითურად იქცევიან. სხვათა შორის, ამ კატეგორიაში, რომელიც გულწრფელად ცდება, მე არ ვგულისხმობ პროვოკატორებსა და საქართველოს აგენტებს, რომლებიც რუსეთში მოქმედებენ. ისინი შესაძლოა გაამართლო კიდეც ეროვნული პატრიოტიზმით და გაგებით მოეკიდო მათ, ვიდრე ზემოაღნიშნულ ორ კატეგორიას.
იგივე შეიძლება ითქვას დევნილთა უბრალო მასაზე, რომლებიც თავის გადარჩენას ცდილობენ და არ შეუძლიათ განსაზღვრონ საკუთარი ადგილი ან შესძლებლობები, რომლითაც სიტუაციაზე გავლენას იქონიებდნენ. და რა თქმა უნდა, საქართველოდან წასული დიასპორის ყველაზე დიდი ნაწილი არის ადამიანთა ის კატეგორია, რომელსაც სწორად ესმის მიმდინარე მოვლენათა რეალობა და მათი წარმოშობის ბუნება. რაც მთავარია, მათ სწორად ესმით რაოდენ კატასტროფულად საშიშია საქართველოს მიერ წარმოებული პოლიტიკა, რომელსაც დღევანდელი რეჟიმი ატარებს, ხოლო განსაკუთრებით დამღუპველია რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკა, ანუ იმ ქვეყნის მიმართ, რომელზედაც გადის პრაქტიკულად საქართველოს ყველა ინტერესი, და, იმ ერთადერთი ქვეყნის მიმართ, რომელსაც რეალურად შესწევს უნარი დახმარება გაუწიოს საქართველოს ყველაზე მწვავე პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც ქართველ ხალხს აწუხებს.
დიასპორის სწორედ ეს კატეგორია, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენს და საზოგადოებრივ და ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევა, რაც უზრუნველყოფს ხელსაყრელი ნიადაგის შექმნას ქართველი ხალხის წარმომადგენელთა რუსეთში უსაფრთხო და წარმატებული ცხოვრებისთვის.
სწორედ მათი საქმიანობა, რომელიც მიმართულია რუს და ქართველ ხალხს შორის მეგობრული, კულტურული და სულიერი კავშირების განმტკიცებაზე, ხელს უწყობს ქსენოფობიური დამოკიდებულების შემცირებას, სწორი კონტაქტების დამყარებას, ხელისუფლებასთან ურთიერთობების ჩამოყალიბებას და რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან წასული ადამიანებისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნას, ასევე საქართველოსა და მისი ხალხის შესახებ სწორი წარმოდგენისა და აღქმის ფორმირებას.
სწორედ ქართული დიასპორის ეს წარმომადგენლები უწევენ საყოველთაო დახმარებას ქართველ ხალხს, ახორციელებენ ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ პროგრამებს და ამყარებენ კონტაქტებს რუსეთთან, რაც უპირველეს ყოვლისა ესოდენ საჭიროა თვით საქართველოსთვის.
რუსეთში მცხოვრებ ქართველთა სწორედ ეს ნაწილი ცდილობს გააერთიანოს ძალისხმევა საქართველოს საზღვარგარეთულ დიასპორებთან, რათა მსოფლიო საზოგადოებრიობას სწორი წარმოდგენა შეექმნას საქართველოზე, სწორად განსაზღვროს მისი როლი და ადგილი საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და აამაღლოს მისი საქმიანობის ეფექტიანობა, რათა: შეწყდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული კულტურის დამანგრეველი პროცესები; ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუწიონ თავიანთ თანამემამულეებს ეთნიკურ სამშობლოში; ხელი შეუწყონ საქართველოში ტერიტორიული პრობლემის სასიკეთოდ გადაწყვეტას; ხელი შეუწყონ თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას როგორც რუსეთთან, ისე კავკასიის რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან; ხელი შეუწყონ პარლამენტარიზმისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარებას.
სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი, რომელსაც ალექსანდრე ებრალიძე ხელმძღვანელობს და რომელიც მოქმედებს ფართოდ, სისტემურად და თანმიმდევრულად, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში. მან მოკლე დროის განმავლობაში ეფექტიანი ჰუმანიტარული საქმიანობა განახორციელა, თავის გარშემო შემოიკრიბა საქართველოს ხალხთა 50-მდე დიასპორა რუსეთიდან და საზღვარგარეთიდან, რომლებიც პატრიოტულად არიან განწყობილნი.
ქართულ დიასპორათა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც 2009 წლის დეკემბერში ჩატარდა, ყველა მონაწილემ დაუჭირა მხარი კონგრესის მიზნებს, ამოცანებსა და მიმდინარე საქმიანობას, მოიწონეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის სურვილს მონაწილეობა მიიღოს (შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში) საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოში, და აირჩიეს იგი საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთის დიასპორათა ლიდერად.
სწორედ ამ მიმართულებით მოქმედების კუთხით რუსეთში განსაკუთრებით წარმატებით მუშაობს რამდენიმე ეროვნულ-კულტურული და საზოგადოებრივი ქართული ორგანიზაციები, მათ შორის: კრასნოდარში (მ. გულუა); როსტოვში (რ. შიოლაშვილი); თათარსტანში (მ. ხახუნაშვილი); ტვერში (ხ. თოლორდავა); ნოვოსიბირსკში (მ. ტოსტიაშვილი); ივანოვოში (რ. შანიძე); სარატოვში (გ. ქვაჩახია); ვლადიკავკაზში (რ. ცინდელიანი); ტიუმენში (ა. კაცია), ვლადიმირში (ვ. ქობალია); ნიჟნი ნოვგოროდში (რ. შენგელია); მოსკოვში (ვ. ადვაძე); სანკტ-პეტერბურგში (ა. კინტერაია) და სხვები.
თითოეული ორგანიზაცია ატარებს სხვადასხვ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება რეგიონში მათი დიასპორის ინტერესების დაცვას, რუსულ-ქართული მეგობრული ურთიერთობების განვითარებას, ისტორიულ სამშობლოსთან კონტაქტების განვითარებას და თანამემამულეთათვის მხარდაჭერას.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის 4 თებერვალს ჩატარდა კულტურულ-მასობრივი ღონისძიება – მხატვრულ-ლიტერატურული საღამო “ალექსანდრე პუშკინი და ილია ჭავჭავაძე – ეპოქის უდიდესი სახელები”, რომელიც მიეძღვნა ამ გამოჩენილ პოეტთა შემოქმედებას (რომლებიც იყვნენ მე-19 საუკუნეში თავიანთი ქვეყნების ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეები), მათ გენიასა და წვლილს რუსული და ქართული კულტურების ურთიერთგამდიდრების საქმეში, მათ საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობდა სულიერებას, მეგობრობას, სიყვარულსა და თანხმობას სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა შორის.
საღამო ჩატარდა “რუსი და ქართველი ხალხის ერთობის” ფონდის მიერ, მოსკოვის 1131-ე სკოლასთან ერთად, რომელიც ქართული ეთნოკულტურის კომპონენტს ავითარებს. საღამოს ორგანიზების მონაწილე იყო საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი, რუსეთის ეროვნულ გაერთიანებათა კონგრესი, მშვიდობისა და თანხმობის ფედერაცია, მწერალთა კავშირების საერთაშორისო თანამეგობრობა და რუსეთის მწერალთა კავშირი.
საღამოს ესწრებოდნენ წარმომადგენლები: რუსეთის ფედერალური საბჭოდან, რუსეთის სახელმწიფო დუმიდან, რუსეთის საზოგადოებრივი პალატიდან, ხელისუფლების ორგანოებიდან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. საზოგადოებას წარუდგინეს რუსულ-ქართული პოეტური ალმანახი, რომელიც ერეკლე მეორის საზოგადოებამ 2009 წლის მიწურულს გამოსცა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ხელშეწყობით. საღამო გახსნა და მიჰყავდა “რუსი და ქართველი ხალხის ერთობის” ფონდის პრეზიდნეტს.
ლიტერატურულ-მხატვრული ნაწილი დაიწყო “ხალხთა მეგობრობის” ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა ა.ლ. ებანოიძემ. თანამომხსენებლებად გამოვიდნენ: ცნობილი პოეტი და მთარგმნელი მ.ი. სინელნიკოვი; მწერალი და ჟურნალისტი, მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაციების კავშირის მთავარი სპეციალისტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში ბ. ნამიცეიშვილი; რუსეთის მწერალთა კავშირის მდივანი მ.ა. გუსევა.
საღამოზე ლექსები წაიკითხეს: საქართველოს პირველმა ელჩმა რუსეთში, აკადემიკოსმა ვ. ადვაძემ; სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა, რუსეთის დამსახურებულმა არტისტმა ვ. ფროლოვმა; ცნობილმა უიგურელმა პოეტმა ვ. სადიკოვმა; ტაჯიკელმა პოეტმა ხ. ხამრაკულოვამ; კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის დოქტორანტმა ს. ტუღუშმა და სხვებმა.
ცალკე მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიციით დამსწრეთა წინაშე წარსდგნენ 1131-ე სკოლის მოსწავლეები (დირექტორი ზ.კ. პერეკრესტ-კერესელიძე), რომლებმაც მქუხარე ოვაციები დაიმსახურეს. საღამოს საკონცერტო ნაწილი გახსნა ამავე სკოლის მოცეკვავეთა ანსამბლმა “კავკასიონი” (ხელმძღვანელი ს. შენგელია), რომელმაც განუმეორებელი ქართული რიტმის, ტემპერამენტისა და გრაციის ფეიერვერკი შემოიტანა. საღამოზე აჟღერდა რომანსები ცნობილი სოლისტის, ა ზაბელინასა და ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, მ. მესხის შესრულებით. მაყურებელი მოხიბლეს შესანიშნავმა ჩონგურზე შემსრულებელმა და ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელმა ვ. ბიგვავამ, ცნობილმა სოლისტებმა და საერთაშორისო და რუსეთის კონკურსების ლაურეატებმა ნ. კოსმინსკაიამ, მ. სობოლევამ, პ. ბეკერმანმა და ვ. ოგანესიანმა.
საღამო დასრულდა ქართული სიმღერით “სულიკო”, რომელიც ერთად შეასრულეს ექსპრომტად საერთაშორისო ტრიომ ზაბელინის, კონსმინსკაიასა და მესხაძის შემადგენლობით. მთელი დარბაზი, სადაც 300 ადამიანი იყო, ოვაციებით აჰყვა მომღერლებს, რითაც დასრულდა ეს საღამო, თუმცა არავინ დაშლილა და კვლავ დიდხანს იღებდნენ სურათებს, საუბრობდნენ მეგობრობაზე და რუსი ხალხის დაუფარავ სიმპათიებზე საქართველოს მიმართ, ყველა გამოგონილი ბარიერების მოხსნაზე, რომლებიც არ ემსახურება ჩვენი ხალხების ინტერესებს და ჩვენს მეგობრობას, რომელიც საუკუნეებით და დიადი სახელებითაა შედუღაბებული და რომელსაც ვერანაირი დოლარი ვერ დაარღვევს.
პროფესორი ვ.კ. ხომერიკი
რუსი და ქართველი ხალხის ერთობის” ფონდის პრეზიდენტი



