ერეკლე მეორის საზოგადოება

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის საქართველოს ფილიალის პრეზენტაცია

Sunday Nov 15, 2009

1ქ–ნ  ნანა ჯაფარიძე

ქალბატონებო და ბატონებო,
პატივცემულო სტუმრებო

მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. როგორც ხედავთ, პრეზიდიუმში ორი ცარიელი სკამი დგას. ისინი ცარიალია არა იმიტომ, რომ ჩვენს აუდიტორიაში ორი ღირსეული ადამიანი არა გყავს, არამედ იმიტომ, რომ ისინი განკუთვნილი იყო ჩვენი სტუმრებისთვის, კერძოდ, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის რუსეთის ფილიალის დირექტორის, ბატონი ალექსანდრე კინტერაიასათვის და სრულიად რუსეთის ლიტერატურულ-ისტორიული პრემიის “ალექსანდრე ნეველის” საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონ მარინა გუსევასთვის. ისინი და კიდევ ერთი სტუმარი, ბატონი ალექსანდრე ველიგონენკო საქართველოს ხელისუფლებამ ცინიკურად არ შემოუშვა საქართველოში, მათ, უკვე თბილისის აეროპორტში ჩამოფრენილებს ვიზის მიღებაზე ყოველგვარი განმარტების გარეშე უთხრეს უარი. ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გამორჩა, ავსტრიელი ადვოკატი, ბატონი ერიხ რებასოა, რომელიც დღეს დარბაზში იმყოფება და თუ შეკითხვები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ.

დღეს ჩვენ პატივი გვაქვს ოფიციალურად წარმოგიდგინოთ საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის საქართველოს ფილიალი. აქ დამსწრე საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ კონგრესი დაარსდა 2009 წლის თებერვალში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში მან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

ჩვენს მიერ გავრცელებულ მასალებში მოკლედ არის ჩამოყალიბებული კონგრესის მთავარი მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე უმთავრესი ამოცანები, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. 2

ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ბატონი ალექსანდრე ებრალიძე არის დამფუძნებელი სრულიად რუსეთის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიისა – “ალექსანდრე ნეველი”. აღნიშნული პრემიის თანადამფუძნებელია რუსეთის მწერალთა კავშირი და ეს პრემია ძალზე პოპულარულია რუსეთში, განსაკუთრებით მას შემდგ, რაც მას დაემატა სამუზეუმო კომპონენტი – სამუზეუმო-მემორიალური პროექტების სახით. ბატონმა ალექსანდრე ებრალიძემ, საქართველოს მწერალთა კავშირთან ერთად, დააწესა სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია “დავით აღმაშენებელი”. ამ პრემიის დებულება არის ჩვენს მიერ დარიგებულ მასალებში და ასევე საინფორმაციო კუთხეში. ვფიქრობთ, რომ იგი პოპულარული გახდება ქართველ ავტორთა შორის. მასში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს ცნობილმა ქართველმა მწერლებმა, ისტორიკოსებმა და პუბლიცისტებმა.

წელს, 3 სექტემბერს, მოსკოვის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა ანისიმოვის საინტერესო მონოგრაფიის პრეზენტაცია. ეს გახლავთ ფაქტობრივ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი თხზულება პეტრე ბაგრატიონის შესახებ. წიგნის შექმნა და გამოცემა შესაძლებელი გახდა ბატონი ალექსანდრე ებრალიძის მხარდაჭერით, რომელიც თავად არის ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი და დიდი ყურადღებით ეკიდება ისტორიული ჟანრის მწერლობის განვითარებას. საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეს წიგნი უკვე ითარგმნება ქართულად და მას მკითხველი იხილავს 2010 წლის გაზაფხულზე.

კონგრესის პრეზიდენტის, ბატონ ალექსანდრე ებრალიძის წინააღმდეგ წარმოებული ნეგატიური კამპანიის მიუხედავად, კონგრესი ნელ-ნელა, მაგრამ დამაჯერებლად იმკვიდრებს საკუთარ ადგილს როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მრავალი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციისაგან იგი ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ნიშნით განსხვავდება. მის შემადგენლობაში არიან არამხოლოდ ქართველები და საქართველოს მოქალაქეები, არამედ საქართველოს მკვიდრი ყველა ხალხის წარმომადგენლები, მათ შორის ისინიც, რომელთა წინაპრებმაც ათეული წლების წინ დატოვეს საქართველო. ამის დასტურია თუნდაც რამდენიმე დღის წინ პეტერბურგში გამართული შეხვედრა ბერძნულ სათვისტომოსთან, რომლის წევრთა საგულისხმო ნაწილი საქართველოდან წასული ბერძნები არიან.

ჩვენი ფილიალის მცირერიცხოვანმა კოლექტივმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღევანდელი დღე ჩვენთვის და ჩვენი მხარდამჭერებისათვის სადღესასწაულო ყოფილიყო და ქვეყანაში არსებული მძიმე ფონის მიუხედავად, რაც მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტით არ არის გამოწვეული, ამ პრეზეტაციას გარკვეული იმედისმომცემი ტონალობა შეეტანა ჩვენს ყოფაში.

3სამწუხაროდ არასასიამოვნო ინციდენტები მხოლოდ ჩვენი სტუმრებისათვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმით არ ამოწურულა. გუშინ ჩვენს ოფისს ეწვია უბნის ინსპექტორი, ბატონი ზვიად ძამსაშვილი, ხოლო იმავდროულად, ასევე უბნის ინსპექტორი, ბატონი ედუარდ მანუკიანი ჩემს საცხოვრებელ სახლში მივიდა და არკვევდა ჩვენი ოჯახის ყოფითი ცხოვრების საკითხებს. ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ მათი ქმედება ნამდვილად არ გაცდენია სამართლებრივ ფარგლებს და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიცია შეჭრას ცდილობდა ოფისში, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა შეუირაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ამ ორი უბნის ინსპექტორის სინქრონული მსვლელობა ჩვენს ოფისში და ჩემს საცხოვრებელ სახლში შემთხვევითი არ იყო და ალბათ გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით განხორციელდა.

დღეს სამწუხაროდ იმდენად დაკარგულია ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომ ასეთ გარემოებებში შემთხვევითობას თითქმის გამოვრიცხავთ, არადა ხელისუფლებისადმი რწმენა ქვეყნის ძლიერების, თუ გნებავთ, მისი არსებობის საწინდარია. კონფუცი ამბობდა, რომ ქვეყნის ძლიერებისთვის აუცილებელია პური, იარაღი და რწმენა. შეიძლება წაართვა ხალხს პური, წაართვა იარაღი, მაგრამ თუ მან დაკარგა რწმენა, პური და იარაღი მას ვეღარაფერს უშველის. დღეს ეს რწმენა და ნდობა შელახულია და გარკვეული საპირო ღონისძიებების მიუხედავად ხალხი გრძნობს იმ ქედმაღლობას და ნაპრალს, რომელიც მასსა და ხელისუფლებას შორისაა გაჩენილი.

გაბრიელ გარსია მარკესს აქვს ნათქვამი – “ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან დახედოს თანამოძმეს, როცა მას ფეხზე წამოყენება სჭირდება”.

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი, მისი პრეზიდენტის, ბატონი ალექსანდრე ებრალიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ფეხზე წამოსაყენებლად შეიქმნა და იმედია, რომ ამ მძიმე და საპატიო მისიას იგი საქართველოს ხალხებთან ერთად ღირსეულად შეასრულებს.