ვინ მოყვარესა არ ეძებს . . .
Thursday Nov 19, 2009
2009 წლის 17 ნოემბერს ”მშვიდობის და თანხმობის” ფედერაციაში ლიტერატურული საღამო ჩატარდა. საღამო მიეძღვნა კაცობრიობის გამოჩენილი პოეტის შოთა რუსთაველის უკვდავ პოემას ”ვეფხისტყაოსანს”, რომელიც სხვადასხვა ეროვნების და მორწმუნეობის ადამიანთა მეგობრობაზე, სიყვარულზე და ერთგულებაზე მოგვითხრობს.
ღონისძიების ჩატარება ერთობლივად ითავეს რუსულ-ქართული ერთიანობის ფონდმა, მოსკოვის №1331 სკოლამ, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესმა, რუსეთის ეროვნებათა გაერთიანებების კონგრესმა, რუსეთის მშვიდობის და თანხმობის ფედერაციის, ეროვნებათა შორის პროგრამის ”ერთად” და საერთაშორისო მწერალთა კავშირების გაერთიანების ხელშეწყობით.
საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა, სადაც დამსწრენი არა მარტო მაყურებლად გრძნობდნენ თავს, არამედ უშუალო მონაწილეებად. ნიშანდობლივია, რომ ქართულ დიასპორათა 200-მდე წარმომადგენელთან ერთად შეკრებილთა შორის სხვადასხვა ეროვნულ დიასპორათა წარგზავნილებიც იყვნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ საღამომ, რომელმაც 3 საათზე მეტს გაგრძელდა, დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი პროგრამა, რომელსაც ძირითადად ქართული ცეკვა-სიმღერები წარმოადგენდა, უხვად იყო შეზავებული სხვადასხვა ხალხთა მუსიკალური ხელოვნების ნიმუშებით რუსეთში დაარსებული მრავალი დიასპორების წარმომადგენელთა შესრულებით.
საღამოს ორგანიზატორებს და მონაწილეებს მისალმება გამოუგზავნა რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ა.პ. ტროშინმა. მისალმებაში უმაღლესად შეფასებულია შ. რუსთაველის პიროვნება და ასეთი ღონისძიების მნიშვნელობა.
შესავალი სიტყვით საღამო გახსნა რუსეთ-საქართველოს ხალხთა ერთიანობის ფონდის პრეზიდენტმა პროფესორმა ვლადიმერ ხომერიკმა. თავის გამოსვლაში პროფესორმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა შ. რუსთაველის გენიალური ნაწარმოების დღევანდელ აქტუალობას, იმას, რომ ”ვეფხისტყაოსანი” ხელს უწყობს ინტერნაციონალური საზოგადოების ფორმირებას ქსენოფობიის და აგრესიულობის გარეშე. აძლიერებს ეროვნებათა შორის ურთიერთობებს და ახალგაზრდობის სულიერ აღზრდას, მის პატრიოტულ სულისკვეთებას.
მოსკოვის ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძრის წინამძღვარმა მამა კირილემ (სახაროვმა) ლოცვა აღავლინა და მადლობა მიაგო რუსეთ-საქართველოს ერთიანობის ფონდს მისი საქმიანობისათვის.
სიტყვით გამოსულმა სსრკ-ს სახალხო არტისტმა, გამოჩენილმა კინორეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ქართულად გააჟღერა ლოცვა ”მამაო ჩვენო” და ვრცლად ილაპარაკა ”ვეფხისტყაოსნის” სიღრმისეულ შინაარსზე, მის უდიდეს მნიშვნელობაზე დღევანდელობისათვის. მადლიერი დარბაზი ფეხზე ადგომით მიესალმა გამოჩენილ ხელოვანს. საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გალინა ხარაზოვამ დააჯილდოვა ბატონი რეზო მედლით ”კულტურაში და ხელოვნებაში გამოჩენილი წვლილის შეტანისათვის”.
თავის მისასალმებელ სიტყვაში ”მშვიდობის და თანხმობის” ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ კამიშანოვმა მიმართა სხვადასხვა ეროვნული დიასპორის ხელმძღვანელებს უფრო აქტიურად ისარგებლონ ”მშვიდობის და თანხმობის” ფონდის მრავალფეროვანი უსასყიდლო დახმარების შეთავაზებებით.
მოკლე, საინტერესო მოხსენებებით ”ვეფხისტყაოსნის” ამა თუ იმ ასპექტების ირგვლივ გამოვიდნენ ჟურნალ ”ხალხთა მეგობრობის” მთავარი რედაქტორი ალ. ებანოიძე, ცნობილი პოეტი და მთარგმნელი მ. სინელნიკოვი, მწერალი და მთარგმნელი მ. ჯგუბურია.
დადებითი ემოციებით დამუხტული იყო რუსი პოეტისა ინა შახოვას, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ნორა გრიგორიანის, ყაზახი მწერლის აიშახომარის ტაჯიკურ და ყირგიზულ დიასპორათა ხელმძღვანელობა ხურშედა ხამრაკულოვას და ჯამილი ბეგიევას გამოსვლები. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მსოფლიო სახალხო დიპლომატიის ფონდის პრეზიდენტის, პროფესორ ვალერი გაბისოვის გამოსვლამ, რომელშიც მან საგნის ღრმა ცოდნით შეაფასა შ. რუსთაველის ნაწარმოების მნიშვნელობა, მასში გამოხატული ქართველი ხალხის სხვა ერებთან ერთსულოვნება, რომელსაც ვერანაირი უზნეო მმართველნი ვერ ჩამოშლიან. დამსწრენმა სათანადოდ შეაფასეს მე-9 კლასელების ანა შჩაველევას, გიორგი და ლევან ფანცულაიების მიერ ”ვეფხისტყაოსნიდან” წაკითხული ნაწყვეტები. მათი გამოსვლა მომზადდა შესანიშნავი პედაგოგის, 133-ე სკოლის დირექტორის ანა კონსტანტინეს-ას პერეკრეოსტ-კერესელიძის ხელმძღვანელობით. ამავე მოსწავლეების შესრულებით გაიჟღერა ა. წერეთლის ლექსზე შექმნილმა სიმღერამ ”ძილი”, რომელიც დიდმა მგოსანმა შ. რუსთაველის ხსოვნას მიუძღვნა.
ამ საღამოს შემოქმედებითი ნაწილის მომზადებაში დიდი დამსახურება მიუძღვით მანანა ცანავას და კონცერტმეისტერ ლეილა სიყმაშვილს.
საყოველთაო აღტაცება გამოიწვია მაყურებლებში ზემოაღნიშნული სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის ”კავკასიონის” (ხელმძ. სერგო შენგელია) შესრულებით ცეკვების ”ქართულის” და ”შატილის” შესრულებამ. საკონცერტო პროგრამა ორგანულად შეავსო თათრულმა, რუსულმა, ყაზახურმა, ებრაულმა და ქართულმა სიმღერებმა, ნაილეტ ფატეხოვას, პავლე ბეკერმანის, რუსლან კადიროვის, ტატიანა პოლტავსკაიას შესანიშნავი შესრულებით. ქების სიტყვებს იმსახურებს აგრეთვე საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი და მისი წამყვანი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, მშვიდობის დესპანი პროფესორი ვლადიმერ კირილეს-ძე ხომერიკი.
შეუძლებელია არ აღინიშნოს დარბაზის მდიდრულად და მაღალი გემოვნებით გაფორმება, რაც ავთანდილ ქავთარაძის და როზეტა მეშფელიანის უდავო დამსახურებაა.
კულტურის, ლიტერატურის და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების, სხვადასხვა ეროვნული დიასპორების წარმომადგენლების ეს დაუვიწყარი შეხვედრა ქართული ღვინის დაგემოვნებით დასრულდა. წარმოთქმულ სადღეგრძელოებში არაერთხელ და ხაზგასმით ითქვა რუსულ-ქართული ურთიერთობების სასწრაფოდ აღდგენის შესახებ, რაც ჩვენი ორივე ხალხის ინტერესებშია. აქვე იმასაც დავძენთ, რომ არც ერთი გამოსვლა არ ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს, თუმცაღა ამ შეხვედრის მადლი ბევრად აღემატება ყველა პოლიტიკოსის ნამოქმედარს. ასეთი იყო შეკრებილთა ძირითადი აზრი, რომელიც რუსთაველის ენაზე ასეთნაირად ჟღერს: ”ვინცა მეგობარს არ ეძებს, ისა თავისა მტერია…”
იულია ხომერიკი,
მგუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის
მე-V კურსის სტუდენტი



