ერეკლე მეორის საზოგადოება

ხელები შორს მართლმადიდებლური ეკლესიისგან

Friday Nov 20, 2009

1   ტელეკომპანია ,,იმედის” შენობასთან ერეკლე მეორის საზოგადოებამ საპროტესტო აქცია გამართა. ერეკლე მეორის საზოგადოება აღშფოთებულია 14 ნოემბერს ეთერში გასული ვ. სანაიას ტელეგადაცემის ,,კრემლის პატრიარქის” გამო, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პატრიარქს კირილეს და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
   აქციაზე სიტყვით გამოვიდა ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე. 
   ,,სამწუხაროა, რომ “იმედი– ორ მართლმადიდებლურ ერს შორის შუღლს აღვივებს,-თქვა მან,- ორი წელია გადაცემებში ვერ ვგებულობთ, რა ხდება საქართველოში. საინფორმაციო გადაცემებს იწყებენ და ამთავრებენ რუსეთით. ყველაფრის ხელაღებით კრიტიკა შეიძლება, მაგრამ მიუღებელია, ეკლესიისა და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა. 14 ნოემბერი მოთმინების უკანასკნელი წვეთი იყო ამ ხალხისთვის, ვინც აქ დგას, და არა მარტო მათთვის. შეიძლება პოლიტიკოსზე აუგი თქვა, მაგრამ არ შეიძლება შეაგინო და შეურაცხყო მთელი მართლმადიდებლური ეკლესია და რუსეთის პატრიარქი. იგი ერთადერთი ადამიანია რუსეთში, ვინც არ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას და ამბობს, რომ არასოდეს მოხდება ამ ორი რეგიონის აღიარება.
   მაინტერესებს, ,,იმედში” მომუშავე ჟურნალისტები, მართლმადიდებლობას რომ აგინებენ, ვისი შთამომავლები არიან-მურვან ყრუსი თუ შაჰ აბასისა? არ გრცხვენიათ, დაგავიწყდათ, რომ ცოტნე დადიანის, დავით აღმაშენებლის, ერეკლე მეორის შვილები ხართ? სირცხვილია თქვენი საქციელი,  -ასე მიმართა ,,იმედის’ ჟურნალისტებს არჩილ ჭყოიძემ.
   2
გადაცემის გამო აღშფოთება გამოხატა ევრაზიის ინსტიტუტის თავმჯდომარემ გულბაათ რცხილაძემ. 
   ,,არა მხოლოდ კირილეზე, დროდადრო ჩვენს პატრიარქზე- ილია მეორეზეც ვრცელდება ასეთი სიბინძურეები. ახლა ეს ,,იმედმა” უფრო გახსნილად და თამამად გააკეთა, რადგან რუსეთის სახელმწიფოსთან რთული ურთიერთობა გვაქვს და კირილეც რუსეთის სახელმწიფოს მიათვალეს.
   ამიტომ ეს არ იყო შემთხვევითი, არც ცალკე კონტექსტში განსახილველია იმ კამპანიისგან, რომელიც მიმართულია ილია მეორის წინააღმდეგ. ეს ერთი სცენარია, ერთი რეჟისორი ჰყავს და ერთი იდეოლოგიის წარმომადგენლები არიან. თუმცა გვინდა, გვჯეროდეს, რომ მათ ვერ გაიაზრეს, რა რეპორტაჟი გააკეთეს. რეპორტაჟშიც კი ვერ დაფარეს, რომ კირილე ის პიროვნებაა, ვინც უარი თქვა პიონერთა, კომკავშირის რიგებში შესვლაზე. ჯარშიც კი არ უმსახურია და ახალგაზრდობიდანვე თავი გადადო საეკლესიო სამსახურისთვის. მათ ეს აღიარეს, ვერ დაფარეს და გამოიყვანეს ის მარგინალი ხალხი, როგორიცაა ნოვოდვორსკაია, ლოთი ბარავოი, ვისაც არაფერი არ მოეკითხება.
   ეს დასაგმობია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, გონს მოეგონ. ასეთი ზერელე დამოკიდებულება არ შეიძლება. კარგი იქნებოდა, რომ ამ აქციაზე ჩვენი საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ.” 
  
3აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ: ჟიული სიყმაშვილი, თემურ თვალიაშვილი.     მათი აზრით, ,,იმედმა” საშინელი ცილისწამება გაავრცელა რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ. ბზიგნევ ბზეჟინსკიმ თავის დროზე თქვა: ჩვენი მიზანი სსრკ-ს დანგრევა იყო, ახლა კი მთავარი ამოცანაა მართლმადიდებლობის დანგრევაო.  საქართველოსა და რუსეთის ეკლესიების ერთიანობა კიდევ ერთხელ ბაქოში გაცხადდა, სადაც ორი ქვეყნის ეკლესიების მეთაურები ერთმანეთს შეხვდნენ. მაგრამ გამოჩნდნენ ,,იმედის” ჟურნალისტები, ვინც ამ ერთიანობის წინააღმდეგ გაილაშქრეს. 
  ,,ასეა ყოველთვის: დაღმართს აღმართი მოსდევს. ნგრევას-შენება. საქართველოშიც მალე დადგება დრო, როცა ძლიერი, მართლმადიდებლური ქარი დაუბერავს,”-დაასკვნა თემურ თვალიაშვილმა.
    და ბოლოს, ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ აღნიშნა, რომ მათი მიწვევის მიუხედავად, აქციაზე არ მოვიდნენ: ტელეკომპანია ,,რუსთავი 2,” საზოგადოებრივი მაუწყებელი და ,,კავკასია.” სამაგიეროდ, მან მადლობა გადაუხადა ტელეკომპანია ,,ალანიას,” რომელიც შეძლებისდაგვარად აშუქებს ერეკლე მეორის საზოგადოების ღონისძიებებს.
  
4არჩილ ჭყოიძის თქმით, ერეკლე მეორის საზოგადოება უპირატესობას ანიჭებს ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან რელიგიას-მართლმადიდებლობას, მაგრამ მისთვის ასევე მიუღებელი იქნება ნებისმიერი სხვა აღმსარებლობის შეურაცხყოფა. 

ტექსტი მოამზადა

ნინო ბარბაქაძემ