სამრეკლოც მე დავანგრიე?
Friday Dec 4, 2009
ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარის, არჩილ ჭყოიძის კომენტარი: ამ ბოლო პერიოდში საქართველოში გამოჩდნენ საზოგადოებრივი ძალები, რომლებსაც დაუშვებლად მიაჩნიათ საქართველოსა და რუსეთს შორის შექმნილი ვითარება და ყველა ღონეს ხმარობენ ორ მართლმადიდებელ ერს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად. ამ ძალების გააქტიურებას გააფთრებით შეხვდა ხელისუფლება და მისი მოქმედება ზოგჯერ აბსურდამდეც მიდის. რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის მომხრეა საქართველოს საპატრიარქოც. ალბათ ესეც არის მიზეზი ამ ბოლო დროს პატრიარქზე და სამღვდელოების სხვა წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებისა ისეთი ადამიანების მხრიდან, რომელთა აზრი, რბილად რომ ვთქვათ, არც კომპეტენტურია და არც გულწრფელი.
რამდენიმე დღეა საქართველოს პრესა ფართოდ აშუქებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ბატონ მესუთ ბოზქირის თვრამეტწლიან მოღვაწეობას საქართველოში. მთელ ამ მედიაპროპაგანდას ლეიტმოტივად გასდევს ბატონი მესუთის სიტყვები: “მე გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება მივუძღვნა ქართველებსა და თურქებს შორის ნდობის აღდგენას”. თუ მისასალმებელია თურქებისადმი ნდობის აღდგენა, რომლებსაც დღემდე მიტაცებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის საგულისხმო ნაწილი, რატომ იდევნება ასე გაშმაგებით ყველა, ვინც ცდილობს საერთო ენა გამოძებნოს რუსებთან და ნიადაგი მოამზადოს რუსულ-ქართული პოლიტიკური დიალოგისათვის?!
პასუხი ამ კითხვაზე მკითხველისთვის მიგვინდვია. ქვემოთ კი გთავაზობთ ნიკოლაი სილაევის სტატიას. იგი სხვა რუს საზოგადო მოღვაწეებთან ერთად საქართველოში არ შემოუშვეს. მანამადე საქართველოსკენ გზა გადაუკეტეს აბსოლუტურად სამშვიდობო მიზნებით მომავალ რუს ლიტერატორებს, მარინა გუსევასა და ვლადიმერ ველიგონენკოს. მტრობამ ბევრი რამ დაანგრია — დაზარალებული, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველო არ არის. რუსეთის საღი ძალები კარგად ხვდებიან, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება დიდი შეცდომა იყო. მრავალი რუსისთვის მიუღებელია ის არანორმალური და არაბუნებრივი ურთიერთობა, რომელიც ჩენს ქვეყნებს შორის განვითარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ისინი ცდილობენ მტრობით დანგრეული სიყვარულით ააშენონ. მათ ჰყავთ თანამოაზრენი საქართველოში. ამისკენ მოგვიწოდებს საქართველოს ეკლესია. ამას მოითხოვს ჩვენგან უფალი. დავფიქრდეთ და იქნებ ჩვენ გავცეთ პასუხი – სამრეკლოც მართლაც სილაევმა დაანგრია?!
ნიკოლაი სილაევი, ჟურნალ “ექსპერტის” პოლიტიკური განყოფილების რედაქტორი
პირველ დეკემბერს, მე და ჩემს უფროს კოლეგას, ისტორიკოსსა და საარქივო საქმის სპეციალისტს, სერგეი ვლადიმერის ძე მირონენკოს, თბილისის აეროპორტში საქართველოში შესვლაზე უარი გვითხრეს. ქართველ მესაზღვრეებს მიზეზი არ განუმარტავთ. ქვეყანაში შესვლაზე უარის შესახებ გამოცემული აქტის ასლში, რომელიც სომხეთის სასაზღვრო პოლიციის მუშაკებმა გადმოგვცეს, “უარის თქმის მიზეზის” გრაფაში მონიშნებული იყო პუნქტზე – “სხვა საფუძვლები უარისთვის”.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ მუშაკმა ალექსეი მილერმა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის მრჩეველმა არტიომ მალგინმა, რომლებიც თბილისში ჩვენთან ერთად მოდიოდნენ, ნებაყოფლობით თქვეს უარი საქართველოში შესვლაზე.
ამასთან დაკავშირებით სინანული გამოხატეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტმა, ჩაშლილი ვიზიტის ყველა მონაწილემ საკმარისი კომენტარები გააკეთა ჟურნალისტებთან. შეიძლებოდა ამ ამბავს არც დავბრუნებოდით. მაგრამ ოთხშაბათ საღამოს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პირადად მოაწერა ხელი ქვეყანაში შესვლაზე უარის გადაწყვეტილებას. “რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც არ შემოუშვეს საზღვარზე, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ”, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანმა მანანა მანჯგალაძემ.
მანამდე სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალი დაგვდო საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გია თორთლაძემ. “ეს ადამიანები რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსნები არიან, პუტინისა და მედვედევის უხლოესი წრიდან. ისინი აკონტროლებენ რუსეთის უდიდეს ფინანსურ საშუალებებს”, – ამბობს დეპუტატი. ჟგუფის ერთ-ერთ წევრზე, ალექსეი მილერზე მან ასევე თქვა, რომ იგი “ხელმძღვანელობს ევროპაში ნავთობის მიწოდების ჩრდილოეთ მიმართულებას” და რომ საქართველოში მიდის “ნაბუკოს” გაზსადენის პროექტის ჩაშლის მიზნით. ეს შეუმოწმებელი ასოციაციაა: ისტორიკოსი მილერი არის “გაზპრომის” მმართველის სეხნია და გვარიც ერთი აქვთ.
დეპუტატი იმიტომაც არის დეპუტატი, რომ ხანდახან აბდაუბდაც თქვას. მაგრამ ვინაიდან ამ სიტყვებს საკაშვილიც შეუერთდა, აქ ალბათ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს.
ეს ვიზიტი სექტემბრის ბოლოდან მზადდებოდა, როდესაც თბილისში მე განვიხილე ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის შესაძლო კონტურები. მაშინ საზღვარზე რაიმე სირთულეს არ წავწყდომივარ. იდეა ის გახლდათ, რომ პოლიტიკურ საკითხებთან მინიმალური შეხებით გაგვეფართოვებინა საქართველოში რუსეთის შესახებ და რუსეთში საქართველოს შესახებ ცოდნა. სწორედ ამან განაპირობა თბილისში გამგზავრებულ მეცნიერთა ჯგუფის შემადგენლობა – მათ შორის კავკასიის სპეციალისტი მხოლოდ ერთი იყო, ხოლო ყველა დანარჩენი – ცნობილი და დამსახურებული ისტორიკოსი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მათი მოხსენებების თემები არ ეხებოდა რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, არც საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციას და, რა თქმა უნდა, არც მიხეილ სააკაშვილის პიროვნებას. მაგალითად, ალექსეი მილერი აპირებდა მოხსენება გაეკეთებინა თემაზე «Понятия „сверхдержава”, „великая держава” и „империя” в современной российской политике». არტემ მალგინი აპირებდა მოეთხრო რთულ საკითხებზე მომუშავე რუსულ-პოლონური ჯგუფის შესახებ. სერგეი მირონენკო დათანხმდა მრგვალ მაგიდასთან მოეთხრო საქართვლოსა და რუსეთის სამეცნიერო და ექსპერტთა საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებისა და მიმართულებების შესახებ. ამ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე ჩამოსვლის მზადყოფნა გამოთქვა ჟურნალ “როსიისკაია ისტორიას” (რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის გამოცემა) მთავარმა რედაქტორმა ანდრეი მედუშევსკიმ – მას სურდა მოხსენება გაეკეთებინა ჟურნალის კონცეფციის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა მასში საქართველოს ისტორიის თემატიკის გაშუქება და როგორ შეიძლებოდა ამ საქმეში ქართველ ისტორიკოსთა ჩართვა.
არავინ არ აპირებდა დაეკავებინა პოზა, თითქოს რუსეთსა და საქართველოს შორის არაფერი მომხდარიყოს. ეს შეუძლებელია. არავინ არ აპირებდა ქართველი კოლეგებისათვის მოეწოდებინა “კვლავ ერთად ესვათ ღვინო და ემღერათ”. ჩანაფიქრი სამ მარტივ თეზისს ეფუძნებოდა. პირველი: მეცნიერებს არ შეუძლიათ გადაჭრან პოლიტიკური უთანხმოება მოსკოვსა და თბილისს შორის. მეორე: ეს უთანხმოება გადაუჭრელია იმის გამო, რომ ორ ქვეყანას შორის არ არსებობს ურთიერთგაგება და ადგილი აქვს ცოდნის დეფიციტს ერთმანეთის შესახებ. მესამე: მეცნიერებს შეუძლიათ ცოდნის დეფიციტის დაძლევა, ეს პრაქტიკულად მათი სამუშაოა.
ცნობა ამ ვიზიტის მზადებასთან დაკავშირებით საკმარისი აღმოჩნდა, რათა საქართველოს ტელევიზიებს დაეწყოთ განხილვა იყო თუ არა საერთოდ საჭირო ჩვენი შეშვება საქართველოში. ამას მოჰყვა ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა და დეპუტატ თორთლაძის მხურვალე გამოსვლა.
მე არ ვიცი კონკრეტულად რა საკითხებს დადებენ მაგიდაზე, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა დარეგულირების განხილვა დაიწყება, და არც ვაპირებ რაიმე მოსაზრებები გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით. ერთი რამ კი ცხადია, რომ შეუძლებელი იქნება ამ საკითხთა წრის ხელოვნური შეზღუდვა. ცოდნის დაგროვება და სამეცნიერო კონტაქტების გაფართოვება ეს ის საფეხურია, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით გრძელვადიანი დარეგულირების გზაზე. დიდი მადლობა ყველას რუსეთშიც და საქართველოშიც, ვისაც ეს ესმის. როგორც საკუთარი გამოცდილებით მივხვდით, ერთადერთი საწინააღმდეგო არგუმენტი ქვეყანაში შესვლასთან მიმართებით არის სპეცსამსახურებთან კავშირში დადანაშაულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი პირის სახელით წაგვიყენეს.
სხვათაშორის სპეცსამსახურების შესახებ. სერგეი მირონენკო – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივის დირექტორი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის რუსეთის ისტორიის კათედრის გამგე. მისი წიგნი: “Самодержавие и реформы: политическая борьба в России в первой четверти XIX века” კლასიკადაა აღიარებული. მისი რედაქტორობით ასევე გამოიცა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივის გზამკვლევი 6 ტომად, დეკაბრისტთა აჯანყების დოკუმენტების კრებული, გულაგის ისტორიის დოკუმენტური მასალების შვიდტომეული. ალბათ გენერალია, არა?
ნიკოლაი სილაევი – ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის კავკასიის კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი, ჟურნალ “ექსპერტის” პოლიტიკური განყოფილების რედაქტორი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ისტორიის შესახებ დოკუმენტური კრებულის შემდგენელი. ლეიტენანტობას შეწვდება?



