ერეკლე მეორის საზოგადოება

რაც მოგივა დავითაო…

Wednesday Dec 16, 2009

1 

არჩილ ჭყოიძე

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თვრამეტი მძიმე და მღელვარებით აღსავსე წელიწადი გავიდა.   ამ ხნის განმავლობაში უკვე რამდენიმე ხელისუფლება გამოვიცვალეთ (გადემოკრატებული შევარდნაძის ჩათვლით), სამოქალაქო ომის  სუსხიც ვიწვნიეთ და კონფლიქტური კერებიც გავაჩაღეთ; ჩვენივე ხელით დავარბიეთ სამეგრელო, გავძარცვეთ და ნაწილ-ნაწილ გავყიდეთ ფაბრიკა-ქარხნები, გავანიავეთ ეროვნული დოვლათი, მიწასთან გავასწორეთ მეცნეირება და განათლება… ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ დავკარგეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო და კოდორის ხეობაც კი, სადაც მტრის ფეხი არასოდეს დადგმულა.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო ნახევარ მილიონამდე ჩვენი თვისტომი დევნილი გაგვიხდა. თვრამეტი წელიწადია ქართული საზოგადოება გაუთავებლად ბჭობს და კამათობს იმის თაობაზე, თუ ვის გამო აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში. ერთნი ეროვნულ მთავრობასა და ზვიად გამსახურდიას ადანაშაულებენ, მეორენი – შევარდნაძეს, მესამენი კი – რუსეთს. ზოგიერთები ჩვენი უბედურების მიზეზად  შეერთებულ შტატებს მიიჩნევენ და თითს „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსული ხელისუფლებისკენ იშვერენ. გუთავებელ ურთიერთბრალდებებს დასასრული არ უჩანს. დრო კი შეუჩერებლად გარბის და ღრმა ჭაობში ჩაფლულ საქართველოს ახალ-ახალი საფრთხეები ემატება.

სამწუხაროა, რომ ქართველი საზოგადოება, ვისაც თავი ინტელექტუალურ ელიტად ჰყავს წარმოსახული, იშვიათად საუბრობს იმაზე, რომ უახლესი ისტორიის მანძილზე დატრიალებულ კატასტროფებში ლომის წილი ჩვენვე მიგვიძღვის; დიახ, სწორედ ჩვენ ვართ დამნაშავე, რომ ასე დაიქცა და გავერანდა უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანა.  ამასთან ერთად, არ გვსუს ან ძალა არ შეგვწევს ბოლომდე გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და მთელი არსებით, თავგანწირულად ჩავდგეთ მის სამსახურში.

თუკი ქრონოლოგიურად მივყვებით და გავაანალიზებთ ბოლო 18 წლის უახლეს ისტორიას, დავინახავთ, თუ როგორ დაემსგავსა ქართული საზოგადოება რაღაც ამორფულსა და უსახურს, რომელმაც დაკარგა  საუკუნეებგამოვლილი თვისებები, თუმცა ახალიც ისეთი დამახინჯებული ფორმით შეითვისა, რომ დღეს თავად ვერ გაგვირკვევია საით მივდივართ და რისკენ ვისწრაფვით.  

 დავიწყოთ იმ ავბედითი 9 აპრილის დღიდან, დღიდან, რომელიც  იქცა არა საბჭოთა კავშირის ნგრევის დასაწყისად (როგორც მაშინდელი დისიდენტები ამბობდნენ), არამედ ქართველ და რუს ორ ერთმორწმუნე ერს შორის შუღლის ჩამოგდების საბაბად, რაშიც დასავლეთმა მშვენივრად გამოიყენა ქართველ დისიდენტთა მთელი კოჰორტა, ზოგი გააზრებულად, ზოგიც კი – გაუაზრებლად.   

 დღეს მავანს ჰგონია, რომ საქართველოში გამეფებული ანტირუსული ისტერია სააკაშვილის ბრალია. არადა სააკაშვილი მხოლოდ გამგრძელებელია იმ იდეოლოგიისა, რომელსაც ეროვნული მოძრაობა ქადაგებდა 20 წლის წინ.  სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოება აჰყვა ეროვნულ მოძრაობას და ყველანაირი განსჯის გარეშე ერთმანეთთან გააიგივა საბჭოთა კავშირი და რუსეთი. დაიწყო რუსის და ყოველივე რუსულის ლანძღვა–გინება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამას წინ უძღოდა ასტაფიევის „Ловля пескарей в Грузии“ და ანდრეი სახაროვის ღვარძლიანი განცხადება საქართველოს იმპერიის დაშლის აუცილებლობის შესახებ. ეს ფაქტი განსაკუთრებით საგულისხმოა, რადგან, როგორც ვხედავთ, საქართველოში მომავალი კონფლიქტების სიგნალი სწორედ სახაროვის განცხადებაში გამოჩნდა.  იგი ცნობილი საბჭოთა დისიდენტი იყო და, მაშასადამე, რბილად რომ ვთქვათ, დასავლეთისაგან ნალოლიავები.   

 ხშირად გვავიწყდება თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა საქართველო 200 წლის წინათ, როდესაც  სახელმწიფოებრიობა სწორედ რომ დაკარგული ჰქონდა. საქართველო მხოლოდ იდეაში არსებობდა: აჭარა, ფოთი, ყულევი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, ქუთაისი, ბორჯომი დაკარგული იყო. ისედაც პატარა ქვეყანას რამდენიმე მეფე და თავადი ჰყავდა, რომლებიც მუსულმანური ქვეყნების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ და რომ არა ერეკლე მეორის სიმამაცე და პოლიტიკური გონი, საქართველოს ვერაფერი ვერ იხსნიდა. მის მიერ ხელმოწერილ ტრაქტატში იყო  მუხლი, რომლის მიხედვითაც  რუსეთი ვალდებულებას იღებდა საქართველოსთვის მიეკუთვნებინა  სამხედრო გზით დაბრუნებული ძირძველი ქართული ტერიტორიები.  რა თქმა უნდა, ის პირველი ტრაქტატი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას არ ითვალისწინებდა და იგი სამწუხაროდ დაარღვია არა მხოლოდ რუსეთმა, არამედ საქართველომაც, რაც ცალკე განხილვის თემაა და ერთ საგაზეთო სტატიაში ვერ მოთავსდება.  მოკლედ ვიტყვი – დღეს საქართველოში ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთს შეუერთდა არა გეორგიევსკის ტრაქტატის, არამედ გიორგი მეცამეტის მიერ შედგენილი ტრაქტატის საფუძველზე, რომელიც მან 1799 წელს დადო ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ, ხოლო 1783 წლის ტრაქტატი იმ დროისათვის უკვე გაუქმებული იყო.

 გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ, 1786 წელს, დედოფალმა დარეჯანმა საზავო ხელშეკრულება დადო ავარის ხანთან ომართან, მიუხედავად ამისა, რუსეთის იმპერიამ შეასრულა თავისი პირობა და საუკუნოვანი ბრძოლების შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა თავისი ძირძველი ტერიტორიები: აჭარა, აფხაზეთი, ახალციხე, ახალქალაქი და ფოთი. ასევე ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოს რუსეთის იმპერიაში ყოფნის საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სიკვდილით დასჯილი არც ერთი მოქალაქე არ ჰყავდა. ამრიგად, ქართველი ხალხი 80-იანი წლების ბოლოს ისე აჰყვა ახალ ტალღას, რომ არც კი დაფიქრებულა, ვის და სად მიჰყვებოდა. როგორც ჩანს, ძალზე დიდი იყო დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წყურვილი და, რაც მთავარია, იმ თაობას ძალზე ეჩქარებოდა ამ მიზნის მიღწევა.  ამან გამოიწვია ყოველივე საბჭოურის გმობა და უსამართლო თავდასხმები ადამიანებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს ნომენკლატურულ თანამდებობებზე მუშაობდნენ.

 ყოველივე საბჭოურის მიმართ უკიდურესად რადიკალურად განწყობილთა განსაკუთრებული რისხვა იოსებ სტალინსა და ლავრენტი ბერიას დაატყდათ. არადა, ამ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული მრავალი დოკუმენტის ზედაპირული ანალიზიც კი უჩვენებს, რომ მათ არ მისცეს საშუალება დასავლეთის ძლიერ სახელმწიფოებს დაეძიძგნათ ჟორდანიას ხელისუფლების მიერ გაყიდული საქართველო (დღეს უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ ნოე ჟორდანიასაც მიუძღვის წვლილი ილიას მკვლელობაში თუ არა, მისი მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ფილიპე მახარაძის მართლმსაჯულებისაგან დახსნაში მაინც).  ეს ის მთავრობა გახლდათ, რომელმაც ილიას მკვლელობა ასეთი რემარკით შეაფასა: „ხეს ჭრიან, ნაფოტები ცვივაო“.  ხოლო კირიონ I წამებულ პატრიარქს კი საერთოდ განუცხადეს, რომ მათ არ სჭირდებოდათ ლოცვებში მოხსენიება და არც მართლმადიდებლური ეკლესია.

 ოქტომბრის რევოლუცია (რომელსაც მრავალი კომენტატორი გასული საუკუნის ოციან წლებში მეფის რუსეთის წინააღმდეგ ებრაელთა აჯანყებას ეძახდა), რომელიც იყო ათეისტთა რევოლუცია და მიზნად ისახავდა რუსეთის თვითმყოფადობისა და მართლმადიდებლობის მოსპობას, ძალზე სახიფათო აღმოჩნდა საქართველოსთვის.  ტროცკიმ, ლენინმა, ბუხარინმა და კამენევმა გადაწყვიტეს საქართველოს ბოლომდე დაქუცმაცება და დანგრევა.  ბრძოლები მიმდინარეობდა ცხინვალში, საქართველოს მოწყვიტეს აფხაზეთი და იგი ცალკე რესპუბლიკად შეიყვანეს სსრ კავშირში. 1931 წელს სტალინი ახერხებს აფხაზეთის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსის შეცვლას და მას საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას უქვემდებარებს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით.  ამ გადაწყვეტილების განცხორციელებაში და აფხაზეთში ქართველთა მომრავლებაში დიდი წვლილი მიუძღვის სწორედ ლავრენტი ბერიას (თუ აფხაზ სეპარატისტებთან კამათისას აფხაზეთის სტატუსს და იქ ქართველი მოსახლეობის რაოდენობას ვიშველიებთ, ეს სწორედ ბერიას დამსახურებაა). ასევე ლავრენტი ბერიას დამსახურება იყო თურქი–მესხების გასახლება, რომლებსაც დავიწყებული ჰქონდათ ყოველივე ქართული და იმ კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყნის ერთიანობას (თუმცა გარკვეული ეთნიკური, კულტურული თუ რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაცია ყოვლად მიუღებელია, მაგრამ ასეთი ფაქტები ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე თითქმის ყველა ასაკოვანი სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი).

 ლავრენტი ბერიასა და სტალინის მმართველობის დროს, ასევე შემდგომ პერიოდში, საქართველოში სწრაფი ტემპით ვითარდებოდა მრეწველობა, მძიმე ინდუსტრია და სოფლის მეურნეობის. მთელ საბჭოთა კავშირში სახელი გაითქვა  ქართულმა ღვინომ, მინერალურმა წყლებმა, ჩაიმ და ციტრუსმა, რამაც საქართველო კავკასიაში დომინანტი რესპუბლიკა გახადა. მადლობის ნაცვლად  საქართველოსადმი ერთგული ეს ორი ადამიანი მუდმივი ლანღვის სამიზნედ იქცა.  (რამდენიმე წლის წინ ერთ ჩინელ მაღალჩინოსანს შევხვდი.  რუსულად ჩემზე უკეთ საუბრობდა და ძალიან სერიოზულად მითხრა: „ქართველებს არ გმართებთ სტალინის ასეთი გინება.  იქნებ სასწორის პინაზე დაგედოთ რა გააკეთა მან ცუდი და რა კარგი ქვეყნისთვის.  ჩვენ ვიცით, რომ თავმჯდომარე მაოსაც ჰქონდა შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომების მიხედვით კი არ ვაფასებთ, არამედ იმ დამსახურებისთვის, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობაში მიუძღვის.  ჰოდა წარმატებებსაც იმიტომ ვაღწევთ, რომ ამაგს არავის ვუკარგავთ, და კიდევ იმიტომ, რომ დიდი მოთმინება გვაქვს“).

ქართული საზოგადოების დიდი შედომა იყო ეროვნული ხელისუფლების დროს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ გალაშქრება. რამდენიმე ტვინნაკლული სეპარატისტის გამო ქართულ საზოგადოებაში ყველაზე უკეთ ინტეგრირებული, პრაქტიკულად ერთიანი კულტურის მქონე ძმების შევიწროვება და ტერორი დაიწყო მთელი რესპუბლიკის მასშტაბით. სამწუხაროდ იგივე განმეორდა 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც მთელმა საზოგადოებამ, ოპოზიციის ჩათვლით, არ დაგმო 8 აგვისტოს აგრესია ჩვენი ძმების თუ არა, ჩვენი თანამოქალაქეების, სამაჩაბლოში მცხოვრები ოსების წინააღდეგ, ეს უკვე  საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ განხორციელდა (იხ. ტალიავინის კომისიის დასკვნა) და როგორც თვით დასავლეთში გამოქვეყნებული ზოგიერთი პუბლიკაციიდან ჩანს, შემკვეთი აშშ იყო, და არა რუსეთი.

სირცხვილი იყო, როდესაც ქართველმა ხალხმა თვალი დახუჭა და პირში წყალი ჩაიგუბა სერბეთის დაბომბვისა და დაქუცმაცების გამო. საგულისხმოა, რომ რუსეთი აღიარებდა სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც საქართველოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან საქართველოს ორი გაყინული კონფლიქტის ბედი დიდად იყო დამოკიდებული რუსეთის პოზიციაზე. საქმე მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას არ ეხება. სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მთელი საქართველო, ერი და ბერი უნდა გამოსულიყო, რამეთუ პრაგმატული ხედვის გარდა არსებობს ზნეობა და ზნეობრივი პრინციპები, რაც ჩვენ გვავალებდა დავმდგარიყავით ჩვენი მართლმადიდებელი ძმების გვერდით, რომლებიც,  საქართველოს მსგავსად, საუკუნეების განმავლობაში კბილებით იცავდნენ მართლმადიდებლობას. ხოლო კოსოვო, სადაც 200-მდე ეკლესია–მონასტერია, არა მხოლოდ სერბი ხალხის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს საკუთრებაა და მისი დაცვა მართლმადიდებელი სამყაროს ვალია. ასე რომ, აქაც ჩვენმა საზოგადოებამ უნიათობა გამოიჩინა და მართლმადიდებლობის მტრებს მიემხრო.  ამის შემდეგ გულუბრყვილობაა უფლის წყალობის მოლოდინი.

 არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის სამარცხვინო ფაქტიც, როდესაც „ვარდების ხელისუფლებამ“ მოსვლიდან სულ რამდენიმე კვირაში სასტიკად დაარბია  ეკლესია გლდანში, მაგრამ რა? არც ამის გამო არ გამოხატა პროტესტი ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ. იგივე განმეორდა სხალთაში მშენებარე ეკლესიის  დანგრევის დროსაც, მაშინაც სირაქლემას პოზიციაში აღმოჩნდა ჩვენი ნაქები საზოგადოება. ასევე სამარცხვინო იყო, როდესაც გვირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელობის გამო სულ რაღაც 1000-მდე კაცი რომ გამოვიდა პროტესტის გამოსახატად. კიდევ უფრო სამარცხვინო ის იყო, რომ იმ ათასკაციან მანიფესტანტთა ნახევარს პოლიტიკოსები წარმოადგენდნენ, რომლებიც თავიანთი პიარით უფრო იყვნენ დაკავებულნი, ვიდრე კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების დაცვით.  არადა მსაგავსი ფაქტის გამო, როდესაც საბერძნეთში პოლიციელმა შემთხვევით 15 წლის ბიჭი მოკლა, მინისტრიც გადააყენეს და პოლიციის უფროსიც. პოლიციელიც დაიჭირეს და მილიონნახევარი ადამიანიც გამოვიდა ქუჩაში. ეს იმიტომ, რომ  ჩვენგან განსხვავებით ბერძენ ხალხს ერთიანი საზოგადოება ჰყავს.

 ასევე საშინელ შავ ლაქად დარჩება საქართველოსათვის 7 ნოემბერი, სადაც მშვიდობიან მომიტინგეებზე სისხლიანი ხელი აღმართა  ხელისუფლებამ, მაგრამ რა? კვლავ მცირედი გაბრძოლება და ბედთან შერიგება. საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც მუშაობდა პოლიციაში, პარლამენტში, ჯარში და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, თავისუფლებას, ღირსებას, თავიანთი ძმებისა და დების გვერდით დგომას ქართველი ხალხის მკვლელებთან და ჯალათებთან ერთად დგომა ამჯობინეს და თავიანთი ჯამაგირების გამო იუდასავით გაყიდეს საქართველო 30 ვერცხლად, რითიც დაემსგავსნენ საღორეში გამომწყვდეულ სალაფავნაჭამ ღორებს, რომელთა სტომაქის ამოყორვა  პატრონის კეთილგანწყობაზე იქნება დამოკიდებული.

 ასე, რომ  სანამ ვინმეს დავაბრალებთ საქართველოში განვითარებულ უბედურებებს, უნდა გავიხსენოთ ქართული ანდაზა – „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“. ყველაფერში დამნაშავე ჩვენი საზოგადოებაა, საზოგადოება კი თითოეული ჩვენგანია. ლექსში „ბედნიერი ერი“ დიდმა ილიამ შესაშური სიზუსტით დაგვიხატა ჩვენი თავი, მაგრამ ბევრი ვერაფერი შევისმინეთ. არც გამორჩეულად პატრიოტი მწერალი – გრიგოლ რობაქიძე უნდა დავივიწყოთ, რომელიც თავის დროზე მწარე გულისტკივილით შენიშნავდა, „ქართველ ერს ერთადერთი მტერი ჰყავს, თვითონ ქართველი ერი“…

 იქნებ ამ სიტყვებმა მაინც დაგვაფიქროს?!