სტალინის ფენომენით ნებისმიერი ქართველი უნდა ამაყობდეს
Tuesday Dec 22, 2009
გორში სტალინის დაბადებიდან 130 წელი აღნიშნეს. ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინიციატივით ჯერ სტალინის მუზეუმთან გაიმართა მიტინგი, მოგვიანებით კი – მის მონუმენტთან შეიკრიბნენ. აქციაში აქტიურად მონაწილეობდა ერეკლე მეორის საზოგადოება. მისმა წევრებმა შეკრებილთ გაზეთ ,,ერეკლეს გზის” ახალი ნომერი დაურიგეს. გავესაუბრეთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.
თემურ ფიფია, ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი.
- ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო გვაშორებს დრო იმ ეპოქას, რომელშიც სტალინი მოღვაწეობდა, მით უფრო ვრწმუნდებით ამ პიროვნების სიდიადეში, იმ გზის სისწორეში, რომელსაც დაადგა ქვეყანა სტალინის ხელმძღვანელობით.
130 წლისთავი – ეს არის არა მხოლოდ სტალინის დაბადების დღის აღსანიშნავი თარიღი, არამედ კიდევ ერთხელ გავახსენებთ ქართველ ხალხს, მოძმე ხალხებს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ერთად გამოვიდეთ კრიზისიდან. ისევ უნდა აღვადგინოთ უწინდელი მეგობრობა ხალხებს შორის, ერთიანი პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე და ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას. დღეს აქ ჩამოვიდნენ დელეგაციები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან – აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, კახეთიდან.
აკაკი ალანია, ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი.
- სტალინის დაბადების დღე იმიტომაა მნიშველოვანი, რომ ამ ადამიანმა გვიხსნა ჩვენ მონობისგან, მოგვცა ბედნიერი ცხოვრება და უზრუნველყო ჩვენი შვილების მომავალი, რომელიც შემდეგ კომპარტიაში შემძვრალმა არამზადებმა ისევ წაგვართვეს. ამ დღეს მილიონობით კომუნისტი აღნიშნავს მსოფლიოში – დაახლოებით 60 მილიონი ჩინეთში, 30 მილიონამდე – ინდოეთში, 15 მილიონამდე – ბრაზილიაში.
ირაკლი ყანდარელი, ომის ვეტერანი,
– სტალინი მუდამ ჩვენს გულებშია. მაგრამ დღეს აღშფოთებული ვარ ქუთაისში მომხდარი ვანდალობით. მხოლოდ ვანდალიზმი შეიძლება ეწოდოს დიდების მემორიალის აფეთქებას. ესტონეთშიც აქვთ ასეთი მემორიალი, მაგრამ იქ აშენებული არ დაუნგრევიათ, სხვა ადგილზე გადაიტანეს. საქართველოში კი აშენებულს ვაფეთქებთ, რის შედეგადაც დედა-შვილი დაიღუპა. ასე ვხვდებით გამარჯვების დღეს.
თემურ მირიანაშვილი, პოლიტოლოგი და მწერალი;
– სტალინის გარდაცვალების შემდეგ გასულმა წლებმა, განსაკუთრებით კი – ბოლო ხუთმა წელიწადმა ხალხს დაანახვა, რომ ის, რისთვისაც სტალინი იბრძოდა, მცდარი არ ყოფილა. თუმცა ხალხს პირიქით უქადაგებენ. ჩემი თაობის წარმომადგენლები სტალინის სიძულვილით გაგვზარდეს, ასე ჩაგვინერგეს, მაგრამ დღეს შემოვბრუნდით და სულ სხვა თვალით ვუყურებთ მას.
სტალინის რეიტინგი ხალხში ძალიან იზრდება. აქ ზღვა ხალხი შეიკრიბებოდა, მაგრამ ხელისუფლება ფაშისტური მეთოდებით იბრძვის, რამდენიმე ადამიანმა მითხრა, სიამოვნებით მოვიდოდი, მაგრამ სამსახურიდან გამოგვაგდებენო.
მინდა გითხრათ, რომ სტალინი დღეს იმარჯვებს. დასავლეთი სტალინის მეთოდებით იხანგრძლივებს სიცოცხლეს. მალე ვიხილავთ ამ სახელმწიფოების ნგრევას და ჩვენი სოსოს გამარჯვების მომსწრე გავხდებით.
ნუგზარ ავალიანი, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.
-აქ ერთად გამოვეშურეთ იმერეთი, გურია, აჭარა…მაგრამ დათქმულ დროს ვერ მოვედით. ჩვენ ვიმყოფებოდით ქუთაისში, მოვინახულეთ ის ადგილი, სადაც ვანდალურად ააფეთქეს დიდების მემორიალი. ეს ძეგლი მხოლოდ ქუთაისს არ ეკუთვნოდა, ის მთელი საქართველოსი იყო, პროგრესული მსოფლიოს კუთვნლება. ეს ძეგლი იმათ ააფეთქეს, ვინც ჰიტლერს ეკეკლუცება და ფაშიზმის დამკვიდრებისათვის, პროგრესული კაცობრიობის წინააღმდეგ იბრძვის.
სამწუხაროდ, ნანგრევებთან არ მიგვიშვეს, პოლიციის გაძლიერებული ძალა იცავს.
ამ მემორიალთან ფიცი დავდეთ, მოვა დრო, იმ ძეგლსაც აღვადგენთ და მის გვერდით ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში უკანონოდ, უღმერთოდ, არაადამიანურად დაღუპულთა სამახსოვრო მემორიალსაც დავდგამთ. ეს იქნება არა მხოლოდ ცალკეული პიროვნებების, არამედ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი.
არჩილ ჭყოიძე, ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე.
– ყურადღება უნდა გავამახვილო ქუთაისში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. მონუმენტის დანგრევა არ არის მხოლოდ ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, ესაა მთელი მსოფლიოს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების უგულებელყოფა. ნებისმიერი ქვეყანა-ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ევროპის სხვა ქვეყნები პატივს მიაგებენ ომში დაღუპულებს. რაც ჩვენთან ხდება, დიდი სირცხვილია. ამ სირცხვილს კარგა ხანი ვერ მოიშორებს საქართველო, რადგან მეორე მსოფლიო ომში მთელმა პროგრესულმა კაცობრიობამ გაიმარჯვა, ეს არ იყო მხოლოდ საბჭოთა კავშირის ომი ფაშიზმის წინააღმდეგ.
რაც შეეხება სტალინის ფენომენს, მისით ნებისმიერი ქართველი უნდა ამაყობდეს. სტალინი ის ადამიანი იყო, ვისმა გამჭრიახობამ და გონიერებამ დაამარცხა ფაშისტური გერმანია. დიდების მემორიალი სწორედ ფაშისტების დანგრეულია. 300 ათასი ქართველი დაიღუპა ამ ომში. ვკითხოთ ამ ვანდალებს, ომობდა თუ არა მათი დიდი ბაბუა ან ნათესავი, იქნებ ამას მაინც შეეჩერებინა მათი ნაავკაცარი? მათ ამით არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის გმირები შეურაცხყვეს, არამედ მთელი საქართველო, ჩვენი წინაპრები. ჩვენ ყველა ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ და აღვადგინოთ ის ურთიერთოებები, რომელიც დავკარგეთ რუსებთან, ბელორუსებთან და სხვა ხალხებთან.
სტალინმა, ანტიფაშისტური კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად, უდიდესი როლი შეასრულა ფაშიზმის დამარცხებაში, და ყველა ქართველს უნდა გვეამაყებოდეს, რომ იგი ქართველი იყო. კერპად არც სტალინი უნდა გავიხადოთ და არც ჩვენი სასიქადულო მეფე – ერეკლე მეორე. ჩვენ კერპი არ გვჭირდება. ღმერთი ჩვენ ერთი გვყავს – უფალი იესო ქრისტე. სტალინმაც, როდესაც ჩამოიცილა ათეისტთა მთელი კოლონა – ლენინი, ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი და სხვები რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა.
ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ადამიანების ღვაწლის დაფასება. უშეცდომო არავიანაა. უარყოფითიც და დადებითიც წლების გადასახედიდან უნდა შევაფასოთ ყველას სათანადო პატივი მივაგოთ.
იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სახლ-მუზეუმთან შეკრებილმა მიტინგის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პანტელეიმონ გიორგაძის ხსოვნას. ამ დღეს ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის, სტალინის საზოგადოებისა და ერეკლე მეორის საზოგადოების ინიციატივით დაიწყო ხელმოწერები სტალინის მონუმენტის შესაძლო დემონტაჟის წინააღმდეგ. სტალინის ძეგლს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს ნიშნად იმისა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ბელადის ძეგლის აღებას.
ლალი შანიძე



