ერეკლე მეორის საზოგადოების განცხადება
Thursday Dec 24, 2009
ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები თავიდანვე აპროტესტებდნენ არა მხოლოდ მხედრული დიდების მემორიალის დანგრევას ქუთაისში, არამედ თვით პარლამენტის გარკვეული ფუნქციური დატვირთვის გადატანასაც. ამ უკანასკნელით ნამდვილად არ გაუმჯობესდება ქუთაისის ინფრასტრუქტურა, ხოლო სამუშაო ადგილების გაზრდა იქნება ხელოვნური და იგი მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს. ამავდროულად, არსებობს საშიშროება, რომ რუსთაველის გამზირის ყიდვა-გაყიდვით აღფრთოვანებული ხელისუფლება ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტის შენობასაც თავისუფლად მიაყიდის, რადგან სანაცვლო ქუთაისში უკვე მომზადებული ექნება.
ყოველივე ზემოთქმული მჭიდრო კავშირშია იმ ახირებასთან, რომელმაც დედა-შვილი შეიწირა გასულ შაბათს, 19 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ითქვა, ბევრიც დაიწერა და კიდევ ბევრი დაიწერება. ფაქტია, რომ ტრიალ მინდორში მემორიალის დანგრევის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა და ეს არის უპატივცემულობის გამოხატვა როგორც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი მეომრების მიმართ, ასევე მემორიალის ავტორისაც, სასიქადულო ქართველი მოქანდაკის, ბატონ მერაბ ბერძენიშვილის და ყველა იმ ადამიანის, ვინც თუნდაც ერთი აგური დადო მის მშენებლობაზე.
მისასალმებელია რუსეთის პრემიერ მინისტრის, ბატონ ვლადიმერ პუტინის ინიციატივა ამ ძეგლის მოსკოვში აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ, ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებს მიგვაჩნია, რომ ამ ძეგლის აღდგენა უპირველეს ყოვლისა ქართველი ერის ღირსების საკითხია და იგი სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა აღადგინოს, და უნდა აღადგინოს იგი საქართველოში, იმ ცოდვილი ადგილიდან მოშორებით, სადაც ალბათ ჩვენ თუ არა ჩვენი შთამომავლები მაინც სულ სხვა ძეგლს დადგამენ.
აღნიშნული მემორიალის მოსკოვში აღდგენასთან დაკავშირებით ერეკლე მეორის საზოგადოება კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ქართველი და რუსი ხალხის სულიერი ერთობისა, ჩვენი საერთო ისტორიისა, ერთად გამოვლილი ისტორიული ქარტეხილებისა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ორ ერს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას და წარსულის მწარე შეცდომების გამოსწორებას.



