გილოცავთ ახალ წელს და ქრისტეშობას!
Wednesday Dec 30, 2009
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენო ერთგულო მკითხველო,
გავიდა საქართველოსთვის კიდევ ერთი მძიმე და ამავდროულად მოვლენებით აღსავსე ერთი წელი. ერეკლე მეორის საზოგადოება ზუსტად ერთი წლისაა. ჩვენ ოფიციალურად სწორედ 2008 წლის 31 დეკემბერს დავფუძნდით. ორგანიზაცია მე და ჩემმა სამმა მეგობარმა შევქმენით, დღეს კი ჩვენს რიგებში საქართველოს ასობით მოქალაქეა გაერთიანებული. ჩვენ გვყავს ერთგული მხარდამჭერები ბათუმსა და ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში და საჩხერეში, ბორჯომში, ხაშურში და გორში, საგარეჯოში, თელავში და, რა თქმა უნდა, თბილისში. ჩვენ გამოგვიჩნდა მრავალი მხარდამჭერი და მეგობარი საქართველოს ფარგლებს გარეთაც, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციაში, რაც სავსებით ლოგიკურია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე. ჩვენ გავიჩინეთ მტრებიც, როგორც შინ, ისე გარეთ, რაც ასევე ლოგიკურია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ არ ვნანობთ, რადგან დღეს საქართველოში უკვე მრავალი ალაპარაკდა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ეს აზრი მძიმედ, მაგრამ მაინც იმკვიდრებს ადგილს ქართულ საზოგადოებაში. რუსეთის საზოგადოებაშიც გამოჩდნენ ძალები, რომლებიც უკვე სკეპტიკურად აფასებენ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და დაუშვებლად მიაჩნიათ ორ ერთმორწმუნე ერს შორის დღეს არსებული სიტუაცია.
ჩვენი ერთი წლის ნამუშევარი ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული. ამ სტატიების, გაზეთების, ფოტოგალერეისა და ვიდეობლოგების უკან დგანან საქართველოზე შეყვარებული ადამიანები, მათი დაუღალავი შრომა, უძილო ღამეები, მწუხარება და სიხარული. ამ ერთი წლის მანძილზე მრავალი დევნა და შევიწროვებაც გამოვიარეთ და ერთადგომისა და მხარდაჭერის სიხარულიც. გამამხნევებელ ბარათებს ვღებულობდით მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ნოვგოროდიდან, თელავივიდან, ბერლინიდან, ასევე ჩვენი სამშობლოს თითქმის ყველა კუთხიდან. ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ მხცოვანი და საპატიო ადამიანები. ჩვენთან თანამშრომლობს მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება, ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში არსებობს ძალები (არა პრორუსული, როგორც გვიწოდებენ), რომლებიც იზიარებენ ქართველ და რუს ხალხს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის აუცილებლობის იდეას და ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ერთვექტორიან პოლიტიკას. ამ ერთმა წელიწადმა დაგვანახა, რომ სამართლიანი საქმის, სიკეთეზე დაფუძნებული საქმის, წინაპრების სადიდებლად გაკეთებული საქმის კეთებას დიდი თანხები არ სჭირდება, თუმცა რესურსების ნაკლებობის გამო ვერ განვახორციელეთ ბევრი კარგი იდეა, მათ შორის რუსული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსების ამოქმედება, პოეტური ალმანახის მეორე ნომრის გამოშვება, გაზეთის ტირაჟის გაზრდა და სხვა. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც თუნდაც სულ მცირედი წვლილი შეიტანა ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაში.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მეგობრების რიგები გაიზრდება, ხოლო მტრებისა – შემცირდება. გილოცავთ ყველას შობა-ახალიწლის დადგომას. უფალი ფარავდეს თქვენს ოჯახებს!
საუკეთესო სურვილებით,
არჩილ ჭყოიძე
ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე



