ერეკლე მეორის საზოგადოება

ერეკლე მეორის საზოგადოება მოუწოდებს ჟურნალისტებს ნუ იქნებიან ,,ბრმა იარაღად” გამოყენებულნი

Wednesday Dec 30, 2009

1ერეკლე მეორის საზოგადოება უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ტელეკომპანია იმედის მიერ ამ ბოლო დროს გაშვებული ანტიმართლმადიდებლური სიუჟეტების გამო. სულ რაღაც ერთი თვის წინ ვახო სანაიას გადაცემაში შეურაცხმყოფელ ფერებში დახატეს რუსეთის პატრიარქი კირილი, დაადანაშაულეს იგი სასულიერო პირისათვის შეუფერებელ  ქმედებებში.  იმავე სიუჟეტში რუსეთის პატრიარქს დაუპირისპირეს  განკვეთილი მღვდელი გლებ იაკუნინი და მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერი ნოვოდვორსკაია. ამ ფაქტს მოჰყვა ერეკლე მეორის საზოგადოებისა და ევრაზიის ინსტიტუტის წევრებისა და მხარდამჭერთა მწვავე პროტესტი, რომელიც მათ იმედის ტელეკომპანიის წინ საპროტესტო აქციით გამოხატეს, რომელიც, სამწუხაროდ, ტელეიმედს არ გაუშუქებია.

დღეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლების არასწორი ქმედებების გამო (სხვათა შორის საქართველოს ექს-პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის წინასაახალწლო ინტერვიუში აღიარა ხელისუფლების ბრალეულობა ამ ურთიერთობებში) საქართველო-რუსეთს შორის ვითარება უკიდურესად  დაძაბულია, ტელეარხი იმედი ყველაფერს აკეთებს რათა გააღრმავოს ორ ერთმორწმუნე ერს შორის შუღლი და გაავრცელოს ცილისმწამებლური ინფორმაციები რუს და ქართველ სასულიერო პირებზე, ხოლო კანონიკური შეფასებების მისაცემად ეთერს უთმობს არა კომპეტენტურ სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს, არამედ ბასილ კობახიძის მსგავს განკვეთილ მღვდლებსა და ბატონ ლადარიას მსგავს ექსპერტებს.  ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ განმეორდა გუშინ, 28 დეკემბერს, არქიმანდრიტ რომან ლუკინის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში. ვინც მის ინტერვიუს  მოუსმინა, უდავოდ დაინახავდა იმ სითბოსა და ქრისტესმიერ სიყვარულს, რომლითაც არქიმანდრიტი რომან ლუკინი საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არის განწყობილი.

სანამ რუსულენოვანი მრევლის არსებობა-არარსებობაზე საკუთარ დასკვნებს გააკეთებდეს, ბატონ ლადარიას მართებს კარგად გაეცნოს იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის  მრევლს, რომელსაც მრავალი მწვავე პრობლემა ჰქონდა, რომელთა მოგვარება გასული წლის ზაფხულში გახდა შესაძლებელი, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ჩარევის შემდეგ.  მაშინაც ამ მრევლის ინტერესების დაცვას აქტიურად დაუჭირა მხარი ერეკლე მეორის საზოგადოებამ. 

 ერეკლე მეორის საზოგადოება კიდევ ერთხელ მოუწოდებს იმედის ტელეარხის ხელმძღვანელობას და ჟურნალისტებს არ დაივიწყონ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და რომ ქართველი და რუსი ხალხის შერიგების ერთადერთი გზა მართლმადიდებლობაა. ღვთის მადლით, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სასულიერო პირები ამას ხვდებიან და ყველაფერს აკეთებენ ორ მართლმადიდებელ ერს შორის სიყვარულის აღსადგენად. ერეკლე მეორის საზოგადოება მოუწოდებს იმედის არხის ჟურნალისტებს არ დაუშვან მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მათი ბრმა იარაღად გამოყენება.