ანონსი-რუსული და ქართული ენების შემსწავლელი კურსების შესახებ
Saturday Jan 9, 2010
ერეკლე მეორის საზოგადოება ასრულებს დანაპირებს და ხსნის რუსული და ქართული ენებისა და ლიტერატურის შემსწავლელ კურსებს.
ჩვენი საზოგადოების სურვილი იყო გაეხსნა უფრო მასშტაბური კურსები, რადგან როგორც რუსული, ისე ქართული ენის შესწავლის მსურველი ბევრი აღმოჩნდა, მაგრამ ერეკლე მეორის საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულმა ნეგატიურმა კამპანიამ და ზეწოლამ საქართველოში მოქმედი ბიზნესმენები აიძულა თავი შეეკავებინათ კურსების დაფინანსებისაგან. სწორედ უსახსრობის გამო კურსები გაიხსნება ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისში (უზნაძის ქ. N15). საბედნიეროდ საზოგადოების წევრთა რიგებში აღმოჩნდნენ სპეციალისტები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი უსასყიდლოდ და მაღალკვალიფიციურად ჩაატარონ ლექციები და ახალგაზრდებს (რომლებსაც არა აქვთ საშუალება, მაგრამ აქვთ სურვილი) შეასწავლონ როგორც ქართული ასევე რუსული ენა, კულტურა და ისტორია.
ერეკლე მეორის საზოგადოება მადლიერებით შეხვდება ნებისმიერ შემოწირულობას, რომელსაც ამ კეთილშობილური საქმისთვის გაიღებენ ქართველი თუ რუსი ბიზნესმენები ან კერძო პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით და მიზანშეწონილად თვლიან ერეკლე მეორის საზოგადოებისთვის ხელშეწყობას.



