ერეკლე მეორის საზოგადოებამ გახსნა რუსული და ქართული ენების უფასო შემსწავლელი კურსები
Thursday Jan 21, 2010
გუშინ, 2010 წლის 20 იანვარს, ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისში ჩვეულებრივზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. აქ იყვნენ საზოგადოების წევრები, გულშემატკივრები, პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლები, თუმცა ტელეკამერები ძირითადად რუსულ ტელეარხებს ეკუთვნოდა. როგორც ყოველთვის, ერეკლე მეორის საზოგადოების ღონისძიებით დაინტერესდა ტელეკომპანია “ალანია” (მართალია იგი დღეს სხვა სახელწოდებით მაუწყებლობს, მაგრამ ჩვენ კვლავ ამ ლამაზი სახელით ვიხსენიებთ). რუსულენოვანი ჟურნალისტების სიმრავლე კი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამ დღეს, 14:00 საათზე, ერეკლე მეორის საზოგადოება აწყობდა რუსული და ქართული ენების უფასო შემსწავლელი კურსების პრეზენტაციას.
ამ პროექტის განხორციელებას საზოგადოება დიდი ხანია გეგმავს. ამის შესახებ ჯერ კიდევ საზოგადოების გახსნის დღეს განვაცხადეთ. მას შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა. ვიმედოვნებდით, რომ რაიმე სოლიდურ დახმარებას მივიღებდით რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესების მხარდამჭერებისაგან. უნდა აღინიშნოს, რომ მორალური მხარდაჭერა და თანადგომა გაგვიწია მრავალმა ქართველმა თუ რუსმა კოლეგამ. ჩვენს შესახებ ინფორმაციას ისინი ათავსებენ თავიანთ საიტებზე, აქვეყნებენ ჟურნალ-გაზეთებში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პეტერბურგში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, ბატონ ალექსანდრე ებრალიძეს, რომლის პირადი
შემოწირულობით გამოვუშვით გაზეთის რამდენიმე ნომერი და პოეტური ალმანახი. რეალობამ გვიჩვენა, რომ საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენთა ნაწილს აქვს სურვილი დაგვეხმაროს, მაგრამ მასმედიით გავრცელებული ინფორმაციისა და ზოგადად არსებული ტენდენციის გამო თავს იკავებს ისეთ საზოგადოებებთან თანამშრომლობისაგან, რომლებიც პირდაპირ ან თუნდაც შეფარვით ცდილობენ ხელი შეუწყონ საქართველოსა და რუსეთს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას. სამწუხაროდ, ასეთ ადამიანებს უმალვე აცხადებენ სამშობლოს მოღალატეებად. ამგვარი დამოკიდებულების აპოთეოზი იყო პაატა ბურჭულაძისა და ნანი ბრეგვაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, რომელიც, საბედნიეროდ, მალე დასრულდა, მაგრამ მძიმე ხინჯი დასტოვა არა მხოლოდ ამ ღირსეულ ადამიანთა გულებში, არამედ ყველა საღადმოაზროვნე ადამიანში.
ზემოაღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოებამ დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ განეხორციელებინა ენის შემსწავლელი უფასო კურსები საკუთარი შესაძლებლობებით. შედეგმაც არ დააყოვნა. საზოგადოების წევრებს შორის აღმოჩდნენ პროფესიონალი ფილოლოგები და ისტორიკოსები, რომლებმაც უსასყიდლოდ მუშაობის სურვილი გამოთქვეს. დაფინანსების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კურსების გაფართოვება. ჩვენ შემუშავებული გვაქვს საინტერესო პროექტი “ცოდნა საუკეთესო ხიდია”, რომელიც ენის შესწავლასთან ერთად სხვა კომპონენტებსაც ითვალისწინებს, კერძოდ, რუსული და ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიის შესწავლას, გაცნობით ექსკურსიებსა და ტურებს როგორც საქართველოში, ისე რუსეთის ფედერაციაში. დაინტერესებული დონორებისთვის გვაქვს საგანმანათლებლო რესურს ცენტრის გამარტივებული პროექტი, რომელიც ნაკლებ დაფინანსებას მოითხოვს. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროექტებით დაინტერესდებიან რუსი და ქართველი ბიზნესმენები და ქველმოქმედი ადამიანები, ვისაც გული შესტკივა რუსი და ქართველი ხალხის აწმყოსა და მომავალზე, მათ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.
თავისი უმარტივესი ფორმით კურსები უკვე ამოქმედდა. 20 იანვარს რუსული ენის შემსწავლელთა ჯგუფს პირველი გაკვეთილი ჩაუტარა პედაგოგმა ოლგა სემენიშჩევამ. ადგილის სიმცირის გამო თითო ჯგუფში 5 მსმენელია, თუმცა ზოგი ჭირი მარგებელია, რადგან ენის შესწავლა სწორედ მცირერიცხოვან ჯგუფშია ეფექტიანი. რუსული ენის ოთხი ჯგუფი შეიქმნა. ყველაზე ახალგაზრდა მსმენელი 15 წლისაა, ხოლო ყველაზე უფროსი – ორმოცის. დღევანდელი
სიტუაციით მხოლოდ 20 მსურველის დაკმაყოფილებას შევძლებთ, მაშინ როდესაც რუსული ენის შემსწავლელთა კურსებზე 80-ზე მეტი მსურველი ჩაეწერა. ქართული ენის შესწავლის სურვილი 12-მა ახალგაზრდამ გამოთქვა. მათი უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია, თუმცა არიან რუსებიც და ქურთებიც. ქართულ ენაში პირველი გაკვეთილი 23 იანვარს ჩატარდება. რუსული ენის გაკვეთილები ჩატარდება ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, ხოლო ქართულის – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს. კურსებზე ჩარიცხულ მსმენელებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისში (უზნაძის ქ. 15; ტელ: 950364; 899 722347).



