ჩვენს შესახებ

ერეკლე მეორის საზოგადოება

საზოგადოება დაფუძნდა 2008 წლის დეკემბერში და მისი ძირითადი მიზანია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა.  მისი დაფუძნების აუცილებლობა საქართველოში აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

გაერთიანების დაფუძნების ინიციატორები არიან საქართველოს რიგითი მოქალაქეები, რომლებიც არ წარმოადგენენ ე.წ. ცნობად სახეებს, მაგრამ, როგორც ქვეყნის პატრიოტებს, მიაჩნიათ, რომ საქართველოს განვითარება და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრება ჩრდილოეთის ვექტორის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.

დღეს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მზერა მხოლოდ დასავლეთისკენაა მიმართული.  მათი უმრავლესობა ქვეყნის პრიორიტეტებზე ხალხის სახელით საუბრობს, მაშინ როდესაც რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას და ამ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებას, რა თქმა უნდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ზიანის მიყენების გარეშე,  მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს.  უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მოსკოვში ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთთან დიალოგის რესურსი არსებობს და ამ რესურსის სწორად გამოყენება აუცილებელია.

საზოგადოების მიზნებია:

რუსული კულტურისა და ხელოვნების პროპაგანდა საქართველოში;

ქართული კულტურისა და ხელოვნების პროპაგანდა რუსეთში;

საქართველოს რუსულენოვანი მოსახლეობის უფრო მჭიდრო ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში;

ქართულ-რუსული დიალოგის განვითარება ორი ქვეყნის საზოგადოებათა დონეზე;

საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის დაწყებისა და განვითარების მიზნით ორი ქვეყნის პოლიტიკური წრეებისადმი ხელშეწყობა.

ამ მიზნების მისაღწევად საზოგადოება:

აწყობს სხვადასხვა სახის კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რუსული პოეზიის, ლიტერატურის, მუსიკისა და ხელოვნების დღეებს საქართველოში;

აწყობს ქართული კულტურისა და ხელოვნების საღამოებს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში;

ამყარებს კავშირებს საქართველოში არსებულ ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებასა და რუსულ-ქართული დიალოგის დაწყებას;

აფუძნებს ქართული და რუსული ენების შემსწავლელ კურსებს;

უშვებს რუსულ-ქართულ გაზეთს, რომელიც მკითხველს აცნობს რუსული და ქართული მწერლობის, კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის მიღწევებს და ინფორმაციას აწვდის რუსულ-ქართული დიალოგის მიმდინარეობის შესახებ;

აწყობს სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, საჯარო ლექციებსა და ექსკურსიებს, რომლებიც ემსახურება საზოგადოების ძირითადი მიზნის მიღწევას;

ამყარებს კავშირებს კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობის პროექტების დამგეგმავ საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან; მათი შეკვეთითა და მონაწილეობით აწყობს პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და წინადადებების შესარჩევ კონკურსებსა და ტენდერებს; მონაწილეობს ასეთ კონკურსებსა და ტენდერებში.

ორგანიზაციის სახელწოდებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან დღეს არც თუ ისე იშვიათად გაისმის ერეკლე მეორის მოღვაწეობის კრიტიკა.  მე-18 საუკუნის მიწურულს მის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველო იხსნა ფიზიკური განადგურებისაგან და შეუნარჩუნა მას მართლმადიდებლობა.  ისტორიამ უკვე დაამტკიცა ამ ნაბიჯის მნიშვნელობა, რომელსაც ძალზე მაღალ შეფასებას აძლევდა ილია ჭავჭავაძე.

ერეკლე მეორის საზოგადოება მზადაა ითანამშრომლოს საქართველოსა თუ საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან, რომლებსაც სურვილი აქვთ ხელი შეუწყონ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯოებესებასა და რუსულ-ქართული დიალოგის განვითარებას, დემოკრატიზაციის პროცესის შეუქცევადი განვითარების ფონზე.