სამამულო ომის მონაწილე, რუსეთის საპატიო მოქალაქე – ისაკ ედიშერაშვილი ერეკლე მეორის საზოგადოებაში გაწევრიანდა

ერეკლე მეორის საზოგადოება ეხმაურება ვეტერანებს, იმ დამსახურებულ ადამიანებს, რომლებმაც დამსახურებულად იღვაწეს საქართველოს განვითარებისთვის და საკუთარი წვლილი შეიტანეს მისი ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებაში.

 

სწორედ ამ მიზნით გვეწვია  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რუსეთის საპატიო მოქალაქე – ისაკ ედიშერაშვილი. იგი სწორედ ის ადამიანია, ვისაც შეუძლია დიდი როლი ითამაშოს რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაში და რომელმაც მაგალითი უნდა მისცეს ქართულ საზოგადოებას.

 

ისაკ ედიშერაშვილი 1923 წლის 27 მარტს დაიბადა. ”როდესაც II მსოფლიო ომი  დაიწყო, მე  X  კლასის მოსწავლე ვიყავი. იმავე წელს ჩემი ძმა გაიწვიეს ფრონტზე, 2 თვის შემდეგ კი მისი დაღუპვის დეპეშა მივიღეთ. მე მოვითხოვე მოხალისედ წასვლა, რათა შემეცვალა ჩემი ძმა, მეც მებრძოლა ისე, როგორც ჩემი ძმა ბრძოლობდა, მაგრამ არ წამიყვანეს, პატარა ვიყავი მაშინ”. – გვითხრა ბატონმა ისაკმა.

1942 წლის შემოდგომაზე ბაქოს სამხედრო პოლიტიკურ სასწავლებელში გააგზავნეს სასწავლებლად. სულ რამდენიმე დღე მოუწია სწავლა, რადგან მტერი ქალაქ ორჯონიკიძეს მიუახლოვდა და  მთავარსარდლის ბრძანებით სასწავლებელი მალევე დახურეს. ბატონი ისაკი ჩრდილოკავკასიის ფრონტზე სოფელ გიზელში ჯერ მემიზნედ განამწესეს, რამდენიმე თვეში კი ქვემეხი ჩააბარეს. მტრის ბევრი იერიში მოიგერია ედიშერაშვილმა, თავისი ქვემეხით მან ფაშისტთა სამი ტანკი მოსპო, რისთვისაც დააჯილდოვეს მედლით ”მამაცობისათვის”.  ჩრდილოეთ კავკასიის შემდეგ ახალგაზრდა მებრძოლი ლენინგრადის 67-ე საარტილერიოს ბრიგადის  მეთაურად დანიშნეს. თუმცა მისი საბრძოლო გეოგრაფია ამით არ დამთავრებულა. ბატონი ისაკი ყირიმის განთავისუფლებისათვის ბრძოლებშიც მონაწილეობდა. სევასტოპოლის მისადგომებთან მან აღმოაჩინა მტრის ქვემეხი, რომელიც ხელს უშლიდა საბჭოთა ტანკების წინსვლას. მან ნაფლეთებად აქცია ფაშისტთა ქვემეხი, გაანადგურა რამდენიმე საცეცხლე წერტი, რისთვისაც დააჯილდოვეს ”დიდების III ხარისხის ორდენით”.

პოლკოვნიკ ვარლამ ჯანჯღავას ნარკვევებში ”ქერჩის პლაცდარმზე” და ”წითელდროშიანი” მოთხრობილია ისაკ ედიშერაშვილის გმირული ბრძოლის შესახებ.

1945 წელს, გამარჯვების საზეიმო დემონსტრაციაზე, რომელიც სტალინმა მიიღო, ბატონი ისაკიც მონაწილეობდა.

ომის დამთავრების შემდეგ არ შეწყვეტილა მისი ურთიერთობები რუსეთთან. მოსკოვის მერისგან, იური ლუშკოვისგან, მიიღო მადლობის წერილი და ორდენი.

ბატონი ისაკი რუსეთის  საპატიო მოქალაქეა. ქ. იასენსკში არსებობს მისი სახელობის ქუჩა, სადაც  მისივე თაოსნობით აშენდა სკოლა.

ამჟამად ბატონი ისაკი ”II მსოფლიო ომის მცხეთის რაიონის ვეტერანთა საბჭოს” თავმჯდომარეა.  

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ გორში სტალინის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით ბატონ ისაკს საკუთარი პოზიცია აქვს: – ”მტკნარი სისულელეა, სტალინმა იმოდენა საქმე გააკეთა საქართველოსთვის, რომ არ შეიძლება ამ ყოველივეს დავიწყება, სტალინმა იხსნა საქართველო, თუნდაც ის რად ღირს, რომ საქართველოში მტერს თოფიც კი არ გაუსვრია”.

ბატონ ისაკს აღაშფოთებს ის ფაქტი, რომ ყველა სატელევიზიო არხზე არ წყდება რუსეთის გმობა და აუგად მოხსენიება. ”მკაცრად უნდა გავაფრთხილოთ ტელევიზიები, რომ შეწყვიტონ რუსეთის გინება, მათ ბევრი კარგი რამ გაუკეთებიათ საქართველოსათვის. მეგობრობა კვლავაც უნდა გაგრძელდეს, უნდა მივიდნენ და მოვიდნენ, ურთიერთშეხვედრები არ უნდა შეწყდეს. დაუშვებელი იყო რუსეთის საელჩოს გაუქმება, ვიზა არ უნდა გვჭირდებოდეს მეგობარ რუსეთში წასასვლელად”- განაცხადა ბატონმა ისაკმა.

ი. ედიშერაშვილი ერეკლე მეორის საზოგადოების წევრი გახდა. საზოგადოების წევრებმა მცირედი საჩუქარი გადასცეს ბატონ ისაკს, მათ შორის თავად ერეკლე მეორის საზოგადოების მიერ გამოცემული რუსულ-ქართული ალმანახი ”ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე პუშკინი”.