სტუმრად ხალხთა მეგობრობის სიმბოლოსთან

ირაკლი ყანდარელი ერეკლე მეორის აზოგადოებაში გაწევრიანდა

ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები გორში ირაკლი ყანდარელს ესტუმრნენ. ეს ამაგდარი ადამიანი 86 წლისაა და მთელი ცხოვრება სამშობლოს კეთილდღეობისთვის იბრძოდა–გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი 25 წელიწადია საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა. მან გმირულად განვლო გზა კავკასიიდან პრაღამდე.
  ირაკლი ყანდარელი 1923 წელს დაიბადა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ფრონტზე მოხალისედ გაემგზავრა. იგი თბილისის პირველი სამხედრო-ქვეითი სასწავლებლის პირად შემადგენლობაში ჩარიცხეს.
  1942 წლის ივლისში გერმანელების სამთო რაზმმა ,,ედელვაისმა” გადმოლახა სანჩაროს უღელტეხილი რიწის ტბის მახლობლად. სასწავლებლის მთლიანი შემადგენლობა გადაიყვანეს შავიზღვისპირეთში, სადაც დაიკავეს გაგრა-ბზიფის მონაკვეთი, რათა არ დაეშვათ მტრის დესანტის გადმოსვლა სანაპიროზე და არ გაეშვათ მოწინააღმდეგე  შავი ზღვისკენ.


  – პირველად აფხაზეთში შევხვდი გერმანელებს. სოფელ ფსხუს განთავისუფლებაში ვმონაწილეობდი,–ამბობს ბატონი ირაკლი,–გერმანელები მთლიანად გავდევნეთ ამ სოფლიდან. 25 სექტემბერს 67 წელი შესრულდა, რაც ჩვენ გავანადგურეთ გერმანელები აფხაზეთში. კავკასიისთვის ბრძოლაში დიდი როლი შეასრულა თბილისის პირველი სამხედრო-ქვეითი სასწავლებლის პირადმა შემდგენლობამ.
  შემდეგ იყო უკრაინისა და პოლონეთის განთავისუფლება:
  – 9 მაისს უკვე პრაღაში ვიყავით და ჩეხეთის დედაქალაქი გავათავისუფლეთ,–ამბობს ბატონი ირაკლი–საქართველოსა და ჩეხეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი, ჩეხეთის რვა ქალაქისა და სოფლის საპატიო მოქალაქე. მას მიღებული აქვს  საბჭოთა კავშირისა და ჩეხეთის მრავალი ჯილდო.
  არის საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი, აფხაზეთის საპატიო მოქალაქე, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი, ღირსების ორდენის კავალერი, უკრაინის შვილობილი. ფლობს მეგობრობის საზოგადოებათა კავშირის უმაღლეს ჯილდოს–,,ხალხთა მეგობრობის განვითარებაში წვლილის შეტანისთვის.”
  აღსანიშნავია, რომ ბატონმა ირაკლიმ გორში, საკუთარ ბინაში საბრძოლო დიდებისა და ხალხთა მეგობრობის მუზეუმი დააარსა. იგი თანამებრძოლების უკვდავსაყოფად შექმნა. გორის ცენტრში, მისი ბინიდან სტალინის ძეგლი მოჩანს. არ მოსწონს, რომ საქართველოში მავანთ ამ ძეგლის აღება სურთ.
  აგვისტოს ომის დროს გორიდან ფეხი არ მოუცვლია. იმის მიუხედავად, რომ მის სახლთან აფეთქებულ ბომბს შეიძლებოდა იგი ემსხვერპლა კიდეც…
  – სხვები გაიქცნენ, მე არსად არ წავსულვარ. ესაა ჩემი სახლი და მამული. მეამაყება, რომ აქ დავიბადე და ამ მიწაზე დავდივარ…
  ბატონი ირაკლი და მისი მუზეუმი მეგობრობას ემსახურება. ეს ამაგდარი პიროვნებაც ხომ ხალხთა მეგობრობის სიმბოლოა. მან გაიხსენა უწინდელი პერიოდი, როცა გვერდიგვერდ მეგობრულად ცხოვრობდნენ საქართველოში ქართველები, რუსები, ოსები, აფხაზები, სომხები…მეუღლე თამარ ტიმოფეევა რუსი ჰყავდა, ამჟამად გარდაცვლილია. ჰყავს ორი შვილი-ანატოლი ყანდარელი ოჯახით სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს, ხოლო ლუდა ყანდარელი-ყირიმში, სიმფეროპოლში.
  ბატონი ირაკლის აზრით, აუცილებელია რუსეთთან ძველი, კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა. ფიქრობს, რომ ურუსეთოდ დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ.
  ირაკლი ყანდარელი ერეკლე მეორის საზოგადოებაში გაწევრიანდა. საზოგადოების წარმომადგენლებმა: თემურ თვალიაშვილმა, ჯუმბერ კოზმანაშვილმა, გიორგი კალანდაძემ, ნინო ბარბაქაძემ ღვაწლმოსილ ვეტერანს საჩუქრები ჩაუტანეს გორში.
  – ჩვენ იმიტომ გესტუმრეთ, რომ დაგაფასოთ, პატივი გცეთ და ჩვენი საზოგადოების პროგრამა და წესდება გაგაცნოთ…და იმ გზით ვიაროთ, რომელ გზაზეც ჩვენს წინაპრებს უვლიათ. საქართველოს გადაარჩენს ერეკლეს გზა, ილიას გზა!…–უთხრეს სტუმრებმა.
  მადლიერმა ბატონმა ირაკლიმ ერეკლე მეორის საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოხატა და სტუმრებს დიდხანს უყვებოდა საკუთარ განვლილ გზაზე…

ლალი შავიშვილი