კარგი მაგალითი მომავალი თაობებისთვის

   რუსეთში 25 წელია ვცხოვრობ. მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ კათედრაზე დავრჩი სამუშაოდ, ხოლო მოგვიანებით ჩელიაბინსკში გადავედი, სადაც დღემდე ვცხოვრობ; ვარ მეწარმე და ლექციებს ვკითხულობ უმაღლეს სასწავლებელში. გასულ კვირას პეტერბურგში ვიყავი მივლინებით. იქ შემთხვევით შევხვდი მეგობარს ალტაიდან.  ამ შეხვედრამ სასიამოვნოდ გამაოცა. როგორც გაირკვა, იგი ალექსანდრე ნეველის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის გადაცემის ცერემონიაზე დასასწრებად იყო ჩამოსული, რადგან ერთ-ერთი ლაურეატი შუკშინის მუზეუმი გახდა. მე პირველად გავიგე, რომ ალექსანდრე ნეველის ლიტერატურული პრემია ხუთი წლის წინათ დაარსდა ღია სააქციო საზოგადოება ,,ტალიონის” გენერალური დირექტორის, ალექსანდრე ებრალიძის, და რუსეთის მწერალთა კავშირის ინიციატივით. ქართული გვარის გაგონებისას ამ პრემიის ისტორიით დავინტერესდი. მეგობარმა ხალისით მომითხრო მის შესახებ.

 

ალექსანდრე ნეველის პრემიის მიზანია რუსეთის ისტორიისადმი ინტერესის გაღვივება და მხარდაჭერა. ის დაფუძნდა ისტორიულ თემაზე შექმნილი საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებების პოპულარიზაციისათვის, რომლებშიც აღწერილია ისტორიულ პირთა როლი და ადგილი, ასევე მათი გმირული ქმედებები. ალექსანდრე ნეველის პრემიის არსებობის ხუთი წლის განმავლობაში კონკურსზე 700-მდე ისტორიული ნაწარმოები იყო წარდგენილი. პრემიის ნომინანტები და ლაურეატები გახდნენ ავტორები რუსეთიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, მათ შორის: სერგეი პერევეზენცევი – ნაწარმოებისთვის ,,მეფე ივანე IV მრისხანე”, ვლადიმერ კარპოვი – ორტომიანი ნაშრომისთვის ,,გენერალისიმუსი” იოსებ სტალინზე, პეტრე სტეგნი – წიგნისთვის ,,დრო ქმედებისა” ეკატერინე მეორეზე და სხვა ცნობილი ავტორები. 2008 წელს გაიხსნა პრემიის ახალი მიმართულება – სამუზეუმო მემორიალური პროექტები, რომელთა მონაწილენი არიან მუზეუმების თანამშრომლები და შემოქმედებითი კოლექტივები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან.

მეგობარმა მითხრა, რომ 11 სექტემბერს, წმინდანის, კეთილშობილი თავადის, ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს, გაიმართებოდა საიუბილეო, რიგით მეხუთე, დაჯილდოება სრულიად რუსეთის ალექსანდრე ნეველის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის ლაურეატებისა. მეგობარს ვთხოვე, ჩემთვისაც ეშოვა მოსაწვევი ბარათი. იგი დამპირდა და შეასრულა კიდეც სიტყვა.

და აი, მე სასტუმრო ,,ტალიონ იმპერიალის” არტრიუმში ვიმყოფები. აქ გამოფენილია შესანიშნავი გამოცემები, რომლებიც პრემიაზე იყო წარდგენილი. დარბაზში გროვდებიან ლაურეატები და სტუმრები, რუსეთის თვალსაჩინო მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. მათ შორისაა რუსეთის მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ვალერი განიჩევი. ქართულ სახეებსაც ვხედავ. შემთხვევას არ ვუშვებ ხელიდან და ვცდილობ გავესაუბრო თითოეულ მათგანს. მალე ყველას გვეპატიჟებიან დარბაზში, სადაც დაჯილდოების ცერემონია უნდა შედგეს.

პირველი პრემია მიენიჭა გამოჩენილ რუს ისტორიკოსს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსული ისტორიის ინსტიტუტის დირექტორს, ანდრეი ნიკოლოზის ძე სახაროვს. წიგნში ,,რუსეთისთვის თავდადებულნი”, რომლის თანაავტორები არიან ვლადისლავ ნაზაროვი და ალექსანდრე ბოხანოვი, ოცდაათი ისტორიული ნარკვევია შესული. თითოეული მათგანი ქმნის პორტრეტს პიროვნებისა, რომელმაც ზეგავლენა იქონია რუსეთის ისტორიის მსვლელობაზე. მეორე პრემია მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ვლადიმერ ვოროპაევმა, წიგნისთვის ,,ნიკოლოზ გოგოლი: სულიერი ბიოგრაფიის გამოცდილება”. მესამე პრემია გადაეცა ბელგოროდის ოლქის დუმის თავმჯდომარეს, ანატოლი ზელიკოვს, წიგნისთვის ,,ჩვენი მეხსიერების ნებით…”, რომელშიც მკითხველი ეცნობა ბელოგოროდჩინის კრებით სახეს.

გავიგე, რომ ჩემი მეგობარი ტყუილად არ ჩამოსულა თავისი თანამემამულეების მხარდასაჭერად. სამუზეუმო მემორიალური პროექტების კონკურსში პირველი პრემია მიენიჭა პროექტს ,,როგორ უნდა იყო ადამიანი”, რომელიც სოფელ სროსტკის შუკშინის მემორიალური მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებმა შექმნეს. მეორე პრემია მიიღო ექსპოზიციამ ,,სტუმრად მოძღვართან – მამა იოანე კრონშტადელი”, რომელიც შეიქმნა ქალაქ კრონშტადში, წმინდა მამის, მართალი იოანე კრონშტადელის, სახლ-მუზეუმში. მესამე პრემია გადაეცა პროექტს ,,გეპატიჟებით, ახლოს გაეცნოთ თქვენს მიწიერ ვალს და მოვალეობებს”, რომელიც წარმოადგინა ნიკოლოზ გოგოლის პირველმა მუზეუმმა რუსეთში, რომელიც მოსკოვში გაიხსნა ა. წ. მარტში, დიდი რუსი მწერლის დაბადებიდან 200 წლის იუბილეზე.

პრემიის მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ებრალიძემ აღნიშნა: ,,გასული წელი ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის; მან შეაჯამა ჩვენი ხუთი წლის ინტენსიური მუშაობა. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით, საზოგადოებისთვის გვეცნობებინა ჩვენი მოსაზრება: ისტორიას ადამიანები ქმნიან; ისტორიის გაკვეთილების ყურადღებიანი და აზრიანი შესწავლა ქმნის იმ ცოდნას, რომელიც იძლევა სწორი დასკვნების გაკეთებისა და მრავალი შესაძლო შეცდომის თავიდან აცილების საშუალებას.  და დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პრემია წარმატებით ასრულებს მისთვის დაკისრებულ მისიას”.

მეგობარს ვთხოვე, გაეცნო ჩემთვის ალექსანდრე ებრალიძე. იგი საინტერესო მოსაუბრე გამოდგა; ხალისით მიამბო პრემიის დაარსების ისტორია. მისგან გავიგე, რომ ღია სააქციო საზოგადოება ,,ტალიონის” დახმარებით ახლახან გამოვიდა ევგენი ანისიმოვის წიგნი ,,ბაგრატიონი”, რომელიც ქართულ ენაზედაც ითარგმნება. მან ასევე გამაცნო თავისი იდეა საქართველოში ისტორიულ-ლიტერატურული პრემია ,,დავით აღმაშენებლის” დაარსების თაობაზე. ბატონ ალექსანდრეს მიაჩნია, რომ ასეთი პრემია ხელს შეუწყობს საზოგადოების სულიერების განვითარებას და პატრიოტიზმის გაღვივებას, ვინაიდან ქართველ გმირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, რომლებითაც ესოდენ მდიდარია საქართველო, კარგი მაგალითი იქნება დღევანდელი და მომავალი თაობების აღზრდისათვის.

მე ყურადღებით ვუსმენდი მას და დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანი, რომელიც პეტერბურგელებს რუსეთის ღირსეულ მოქალაქედ მიაჩნიათ, სულის სიღრმეში ნამდვილი ქართველია, უყვარს თავისი სამშობლო, გული შესტკივა მისთვის და სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში.

დავით მაისურაძე
პროფესორი