ანანური–უფლის წინაშე ყველა ცოცხალია

 ანანური

2009  წლის 8 აგვისტოს ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები დილიდან საზოგადოების ოფისში შეიკრიბნენ. მათ სინანული გამოთქვეს გასული წლის აგვისტოს თვეში საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი სამხედრო დაპირისპირების გამო. საზოგადოების წევრებმა – ქართველებმა, რუსებმა, ოსებმა, ბერძნებმა, სომხებმა, ბულგარელებმა და სხვა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ჩატეხილი ხიდის აღდგენა, და მხოლოდ მშვიდობიანი და მოლაპარაკების გზით. შეხვედრის შემდეგ საზოგადოების წევრები და მათი მხარდამჭერები ანანურის ღვთისმშობლის ეკლესიაში გაემგზავრნენ, სადაც მამა ნეოფიტმა გადაიხადა პანაშვიდი ყველა დაღუპულისთვის, მათი ეროვნებისა და მოქალაქეობრიობის მიუხედავად. პანაშვიდის შემდეგ რამდენიმე შეკითხვით მივმართე ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარეს, არჩილ ჭყოიძეს.

 

როგორ შეაფასებთ ხუთდღიანი ომის წლისთავს? რამ განაპირობა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვა?

მე დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს არ დაუკარგავს, თუმცა ამ ჭრილობების მოშუშებას დიდი დრო დასჭირდება. რაც შეეხება მოცემულ ისტორიულ ეტაპზე ამ ტერიტორიების დაკარგვას, მას მრავალი მიზეზი აქვს, როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორებით გამოწვეული. გარე ფაქტორებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ხოლო რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, სამხრეთი ოსეთი ჩვენ მაშინ დავკარგეთ, როდესაც სამხრეთი ოსეთის ავტონომიურ ოლქში სეპარატისტულად განწყობილ ძალებთან დიალოგისა და მოლაპარაკების ნაცვლად ავტონომიური ერთეულის სტატუსი გავაუქმეთ და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას იარაღით დავუპირისპირდით. აგვისტოს ომი 90-იან წლებში დაიწყო. სამწუხარო ის არის, რომ იმ საბედისწერო შეცდომის გამოსწორების ნაცვლად საკუთარ ხალხს და საკუთარ მოქალაქეებს კვლავ იარაღის ენით დავუწყეთ ლაპარაკი. დღევანდელი ხელისუფლების სულსწრაფობამ საკუთარ ხალხთან კვლავ აგრესორად გამოგვაჩინა და რას ფიქრობს საერთაშორისო თანამეგობრობა, ან რა დასკვნას დაწერს აგვისტოს ომის შესახებ ტალიავინის კომისია, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. კაცი გადამთიელს რომ “უყვარს” და ამ დროს საკუთარ ძმებთან უბრადაა, იმ კაცის სიმართლეც მეეჭვება და იმ გადამთიელის სიწრფელეც.

რუსეთი გვარწმუნებს, რომ იძულებული იყო ემოქმედა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამშვიდობოების გადასარჩენად. იგი კვლავ აცხადებს, რომ სააკაშვილი სახიფათოა. როგორ ფიქრობთ, მოსკოვი კვლავ დაიწყებს ომს მის დასამხობად?

რუსეთს ომი სააკაშვილის დასამხობად არ დაუწყია. სააკაშვილის დასამხობად ომი ქართველმა ხალმა დაიწყო, რაც ყველაზე მწვავე ფაზაში 2007 წლის ნოემბერში შევიდა. შვიდ ნოემბერს ქართველ ხალხზე გამარჯვებული სპეცნაზელები შევიდნენ სამხრეთ ოსეთში, ახლა უკვე საქართველოს მოსახლეობის სხვა ნაწილის დასამორჩილებლად. ამნეზია არ გვჭირს და კარგად გვახსოვს რეპორტაჟები ბრძოლის ველიდან, რომლებსაც პირველი ორი დღის განმავლობაში გადმოსცემდნენ. სისხლისღვრის შეჩერება აუცილებელი იყო. რუსეთის, როგორც მედიატორისა და სამშვიდობოებზე მთავარი პასუხისმგებელი მხარის მოვალეობა იყო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა, მაგრამ კონფლიქტის ზონის ფარგლებს გარეთ საომარი ოპერაციის გაგრძელება და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ისეთივე მძიმე შეცდომაა რუსეთის მხრიდან, როგორიც საქართველოს მხრიდან სამხრეთი ოსეთის წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება.

რუსეთის დუმაში გახმიანდა `ორი ოსეთის~ გაერთიანების იდეა ოსური ტერიტორიების დაბრუნების საკითხის წინ წამოწევის ხარჯზე. იგულისხმება სამხრეთ ოსეთის გაფართოება თრუსოს ხეობისა და სტეფანწმინდის ხარჯზე. რამდენად მოსალოდნელია პროვოკაციის ინიცირება და საქართველოს ხელისუფლების წამოგება ამ პროვოკაციაზე?

ეს ახალი იდეა არ არის. ეს იდეა ჯერ კიდევ სტალინის მმართველობის დროს არსებობდა, ოღონდ მაშინ ჩრდილოეთი ოსეთიც საქართველოს შემადგენლობაში ითხოვდა გაერთიანებას, იყო ასეთი იდეა. ეს საშიშროება არსებობს და რეალობას მოკლებული არ არის. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ახლა მაინც უნდა გამოიჩინოს გონიერება, რათა ეს მოსალოდნელი საფრთხე დიპლომატიური გზებით მოაგვაროს. ამისთვის კი რუსეთთან დიალოგია საჭირო. ჩვენ კი დაჟინებით ვიმეორებთ – სანამ სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი არ დაგვიბრუნდება, მანამ რუსებთან არანაირ საკითხზე არ დავილაპარაკებთო. არ დავილაპარაკებთ და სხვა ტერიტორიებზედაც შეიძლება გაჩნდეს კონფლიქტის კერები. ჩვენს მთავრობაზე ნაკლები ვაჟკაცები არ იყვნენ ქართლ-კახეთის მეფეები, მოწიწებულ წერილებს რომ სწერდნენ რუსეთის იმპერატორებს თუ წამყვანი ევროპული ქვეყნების მეფეებს და საქართველოსთვის მფარველობის გაწევას ავედრებდნენ.

მედვედევი დარწმუნებულია, რომ გარკვეული დროის შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობები აღდგება იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ბოლო დროს ტრაგიკულმა მოვლენებმა მოგვიტანა. რა იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტმა?

პრეზიდენტი მედვედევი მართალია თავისი მოსაზრების პირველ ნაწილში. გარკვეული დროის შემდეგ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა მართლაც აღდგება, სწორედ ამ პროცესის ხელშესაწყობად შეიქმნა და მოღვაწეობს ჩვენი საზოგადოებაც, მაგრამ ამ რეალობას ქართველი ხალხი ბოლომდე არასოდეს შეურიგდება. მშობლიური აჭარის დაბრუნებას დედა საქართველო 300 წელი ელოდა და სხვათა შორის რუსეთის დახმარებით დაგვიბრუნდა. ახლა არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მრავალ კუთხეშია ამღვრეული და აღრეული პოლიტიკური თუ სხვა სახის ურთიერთობები. დრო გავა, ნელ-ნელა დაიწმინდება სიტუაცია და რუსები, ქართველები და ოსები, სამი მართლმადიდებელი ერი, თავად გამონახავს საერთო ენას ერთმანეთთან, ეუთოების, გაეროების და სხვა გარე ძალების ჩარევის გარეშე. ამ კონფლიქტებმა მხოლოდ ამ ერების შვილები შეიწირა, მნიშვნელობა არა აქვს ვინ იყო მტყუანი თუ მართალი, ამიტომ მისი მოგვარებაც მხოლოდ მათ შეუძლიათ. სხვა ყველა სახის მოგვარება ხელოვნური და არასტაბილური იქნება და საქართველოს მუდმივი ლიბანიზაციის საფრთხით ემუქრება.

რა არის ანანურში ჩატარებული თქვენი აქციის მიზანი?

ჩვენ ვეფხისა და მოყმის არაკზე გაზრდილი ერი ვართ. ჩვენი საზოგადოების წევრები ოსებს საქართველოს მოსახლეობის ნაწილად მივიჩნევთ. საქართველოს ტერიტორიაზე დღესაც ათასობით ოსი ცხოვრობს, მრავალი შერეული ოჯახია. რუსებს, მიუხედავად ჩვენი საერთო ისტორიის ზოგიერთი მტკივნეული მომენტისა, საქართველოს გადარჩენაში, მის გამთლიანებასა და გაძლიერებაში დიდი წვლილი მიუძღვით. რუსეთის პროტექტორატის ქვეშ ყოფნის პირველი ასი წელი შესანიშნავად აქვს გაანალიზებული ილია ჭავჭავაძეს თავის ნარკვევში “ასის წლის შემდეგ” და მე სულმნათ ილიაზე უკეთ ნამდვილად ვერ შევაფასებ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იყო ძმათამკვლელი ომი და ამიტომ ერთნაირად გვტკივა ყველა დაღუპული, ერთნაირად ვუთანაგრძნობთ ყველა დაღუპულის დედას და გვსურს მათი სულების მოსახსენიებელიც ერთად ვთქვათ. ერთ დიდ მწერალს აქვს ნათქვამი – “თუ სხვისი ჭირი შენი ჭირი არ გახდა, ფუჭია შენი ცხოვრება”.

რუსეთის საგარეო უწყებამ ქართული მხარე `აგვისტოს მოვლენების წლისთავზე~ პროვოკაციებში დაადანაშაულა. ხოლო ქართულმა მხარემ პირიქით, რუსეთს დასდო ბრალი. როგორია თქვენი აზრი ამ ვითარების გამო?

ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური ომია, ცხელი ომის გაგრძელება. ლამის 20 წელია გვესმის ურთიერთბრალდებები. კვლავ ვიმეორებ, ეს დაპირისპირება იყო უდიდესი შეცდომა, მასში ჩართული ყველა მხარისთვის. ახლა კი ის იქნება უფრო გონიერი, რომელიც პირველი გაუწვდის შერიგების ხელს მოწინააღმდეგეს. მერწმუნეთ, უფალი მას მისცემს წყალობას, ვინც ამას გააკეთებს.

როგორ წარმოუდგენია ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარეს ჩატეხილი ხიდის აღდგენა რუსეთთან?

ქართველებისა და რუსების დღევანდელი მდგომარეობა რაიმე უჩვეულო ფენომენი არ არის. ისტორიას ამაზე მწვავე დაპირისპირება ახსოვს სხვადასხვა ერებს შორის, რომლებიც დღეს ერთიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში ცხოვრობენ, და პირიქით – ისტორიის ქარტეხილებს მრავალი მოძმე ერი დაუპირისპირებია ერთმანეთთან, როგორც ეს ჩვენს შორის ხდება დღეს. რამდენად გასაოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, არც რუს ხალხს სძულს ქართველი და არც ქართველს რუსი. რაღაც პროცენტი რა თქმა უნდა აქაც მოიძებნება და იქაც. ყველა ქვეყანაში იპოვით ადამიანებს, რომლებსაც ან ერთი ერი არ უყვართ, ან მეორე, მაგრამ ამის განზოგადება არ შეიძლება. დღეს შვედეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებშიც არიან ნეოფაშისტები, მაგრამ ეს ქვეყნები დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყნებია. ყველაზე დიდი რესურსი ქართველებისა და რუსების შერიგებისა ჩვენს საერთო სარწმუნოებაშია, რომლის დასაცავადაც ორივე ერს ზღვა სისხლი აქვს დაღვრილი. ამ რესურსზე მიუთითებს საქართველოს საპატრიარქოს ურთიერთობები რუსეთის საპატრიარქოსთან, ამ რესურსზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ეპარქიებს საქართველოს დედა ეკლესიის კანონიკურ ფარგლებში აღიარებს.

უკავშირდება თუ არა ნატოში გაწევრების სურვილს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვა?

რთული საკითხია. ნატოზე საუბარიც არ იყო, როდესაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტები დაიწყო. დღეს ნატო დამტებითი ფაქტორი გახდა. თუ საქმე ასე მარტივადაა და ნატოზე უარის თქმით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ნამდვილად ღირს მასზე უარის თქმა. თუმცა ცხადია, რომ საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირებაში ნატოს საკითხი ყველაზე მწვავე აღმოჩნდა. ჩვენს გაჭირვებას დღევანდელი გადასახედიდან ვერც ნატოში შესვლა ვერ უშველის და ვერც მასზე დროებით ან საბოლოოდ უარის თქმა. ჩვენი შანსია საკუთარი ნიშის ძიება ძლიერი სუბიექტების ურთიერთობებში.

თქვენ დაღუპულთა პანაშვიდის გადახდისას მამა ნეოფიტს სთხოვეთ სერბებიც მოეხსენებინა. რით იყო ეს გამოწვეული?

მართლმადიდებელი ხალხების ერთმანეთზე წაკიდება, მათ მიმართ ძალისმიერი თუ არაძალისმიერი მეთოდებით დაპირისპირება სწორედ სერბეთიდან დაიწყო. აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი კოსოვოს გამოძახილია. საერთაშორისო საზოგადოებრიობას სწორი პოზიცია რომ დაეკავებინა ბალკანეთის ქვეყნების მიმართ და ეხელმძღვანელა ჰუმანური და არა მერკანტილური მოსაზრებებით, დაპირისპირების ამდენი კერა მსოფლიოში არ გაჩნდებოდა. ჩვენთვის მიუღებელია სისხლისღვრა ზოგადად, ვისი სისხლიც არ უნდა იღვრებოდეს – ქართველის, რუსის, სერბის, ებრაელის, არაბის თუ ჩინელის. სისხლს სისხლი მოაქვს და ადამიანის სულებს ამკაცრებს, მხეცად აქცევს. რადგან პანაშვიდი მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადავიხადეთ, ჩვენს მოვალეობად ჩავთვალეთ დაღუპული სერბების სულების მოხსენიებაც.

საუბარი მიჰყავდა
თამარ შაიშმელაშვილს