სევდიანი 9 მაისი კუკიის ძმათა სასაფლაოზე

ფაშიზმზე გამარჯვების 64-ე წლისთავზე ერეკლე მეორის საზოგადოებამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა: გამარჯვების პარკში უცნობი ჯარისკაცის ძეგლის გვირგვინით შემკობა, გორში სტალინის ძეგლის გვირგვინით შემკობა და ბოლოს, კუკიის საძმო სასაფლაოზე დაკრძალულ მებრძოლთათვის პატივის მიგება და პანაშვიდის გადახდა.

გამარჯვების პარკში ერეკლე მეორის საზოგადოება შეუერთდა “ისტორიული მემკვიდრეობის” ფონდის მიერ ორგანიზებულ “გიორგის ბაფთის” აქციას.  ომის ვეტერანები ხალისით იბნევდნენ მკერდზე ბაფთებს და თვალცრემლიანი ლოცავდნენ ახალგაზრდა აქტივისტებს.

 

გორში, სტალინის ძეგლთან, ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებს მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი დახვდა.  ამ დღეს აქ ცოტა რამ მიუთითებდა იმაზე, რომ მისი ხელმძღვანელობით შეძლეს საბჭოთა კავშირის ხალხებმა ფაშისტური ჭირის დამარცხება.

ყველაზე სევდიანი მაინც კუკიის ძმათა სასაფლაო აღმოჩნდა.  ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ ჭყოიძეს სწორედ აქ შევხვდით.

- ტრადიციის თანახმად, ჯერ ვაკის პარკში ომის ვეტერანთა ზეიმს შევუერთდით და ჩვენი წინაპრები დავაფასეთ.  ჩვენი ორგანიზაციის რამდენიმე წევრი კი დილიდან გაემგზავრა გორში. ახლა კი კუკიის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულებს მივაგებთ პატივს. მამა დავითი პანაშვიდს ჩაატარებს – აქ ყოფილი საბჭოთა კავშირის თხუთმეტი რესპუბლიკის 400-ზე მეტი ადამიანი განისვენებს. ისინი, დაჭრილები, ჩვენთან ჰოსპიტალში დაიღუპნენ. მინდა 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე მივულოცო რუს, ბელორუს, უკრაინელ და სხვა ხალხებს. მათ გავახსენო ის წუთები, როდესაც ეგოროვმა და ქანთარიამ რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართეს. ეს ფაქტი ქართული ურთიერთობის დათბობისთვის მნიშვნელოვანია.

სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის გამოსვლაში, – ეს მთელ მსოფლიოს უნდა ახსოვდესო. შემდეგ დასძინა, იმის მიუხედავად, რომ ჩვნ ცუდი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, არსებობს ქართული ეკლესია, არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აგრძელებენ ნორმალურ ურთიერთობას. სახალხო დიპლომატია აუცილებლად სასიკეთო შედეგს გამოიღებს და ვითარება გამოსწორდება, გვითხრა არჩილ ჭყოიძემ.

მას მიაჩნია, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის აღსადგენად საჭიროა ნეგატიურის გაანალიზება და დავიწყება და მხოლოდ პოზიტივის წინწამოწევა. კუკიის სასაფლაოზე უზბეკ, ყირგიზ, სომეხ და ქართველ მეომრებთან ერთად ხომ რუსი ჯარისკაცებიც განისვენებენ, რომელთა გახსენება და პატივიცემა რუსი ხალხის მეგობრობისთვის გაწვდილი ხელია.
მეორე მსოფლიო ომში ყველაზე მეტი ქრისტიანი და განსაკუთრებით – მართლმადიდებელი დაიღუპა. სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, პატარა საქართველომ დიდძალი მსხვერპლი გაიღო – მას ამ ომიდან 300 ათასზე მეტი შინმოუსვლელი ჰყავს.
გულბაათ რცხილაძე, ინტერნეტჟურნალ ,,კავკასია ექსპერტების~ მთავარი რედაქტორი: – მოვედი აქ, რომ პატივი მივაგო დიდი სამამულო ომის მონაწილეებს, ვინც ვალი მოიხადა არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ კაცობრიობის წინაშე, მაგრამ გული მწყდება, რომ ამ საზეიმო დღეს ცუდზე მომიწევს ლაპარაკი. სამხედრო-მემორიალური კომპლექსის შესასვლელთან მდგარ ტანკს ისტორიული დანიშნულება აქვს. მას უწინ ჰქონდა საბჭოთა არმიის სიმბოლიკა – წითელი ვარსკვლავი, რომელიც სამწუხაროდ სადღაც გამქრალა. ვიღაცას ლულაც მოუხერხავს. განა შეიძლება ისე დაეცეს ადამიანი, რომ თავისი ისტორია გაანადგუროს? ეს ამ ხელისუფლებისა და მისი ამფსონების დამსახურებაა.

უმართებელო იყო, როდესაც სახადივით ყველაფერს საბჭოურ ომი გამოვუცხადეთ. ,,იმელის~ შენობას ბარელიეფები მოაგლიჯეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე მარქსის, ენგელსის, ლენინის და სტალინის გამოსახულება იყო, არადა, ეს ხელოვნების ნიმუშებად ითვლებოდა. ისტორიას და ხელოვნებას კი ფაქიზი მოპყრობა სჭირდება.

ვინც აქ განისვენებს, იმისთვის არ დაღუპულა, რომ დღევანდელ საქართველოში ასეთი უმეცრება გაბატონებულიყო. ეს ხალხი სწორედ სიბნელეს ებრძოდა, რასაც ნაციონალიზმი, ანუ ფაშიზმი ერქვა. ჩვენი ვეტერანთა რიგები თანდათან მცირდება, ისინი სულ უფრო ცოტანი რჩებიან. მათ უნდა ვუფრთხილდებოდეთ და ხელისგულზე ვატარებდეთ, რათა სიცოცხლის ბოლო წლები ლამაზად და ღირსეულად გაატარონ…

მამა დავითი, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ღვთისმსახური: – დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანთა გმირობას, რომლებმაც ჩვენთვის თავი გაწირეს. უფალმა მცნებად დაგვიტოვა _ Gგვიყვარდეს მოყვასი ჩვენი, როგორც თავი ჩვენი. ამ ადამიანებმა ამაზე უფრო აღმატებული აღასრულეს, მათ საკუთარ თავზე მეტად შეიყვარეს მოყვასი და თავი გაწირეს ჩვენთვის. უმადურობა იქნებოდა მათი არგახსენება…


                                *    *   *

პანაშვიდის დროს სასაფლაოზე მოხუცი რუსი ცოლ-ქმარი მოვიდა. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს, ქალმა მემორიალის წინ პირჯვარი გარდაისახა… შემდეგ ბავშვებმა სასაფლაოზე გვირილები გაანაწილეს… სევდა დამეუფლა… ხოლო როდესაც საფლავების შემოვლის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორების შეშფოთებული სახეები დავინახე, მივხვდი, რომ ერთსა და იმავეს ვფიქრობდით:
- საფლავების დიდი ნაწილი დანგრეულია, წარწერები – მოგლეჯილი, მიდამო – დანაგვიანებული. ხსოვნის სტელაზე კი უხამსი წარწერებია. ჩვეულებრივი სასაფლაო ნელ-ნელა ავიწროვებს ძმათა სასაფლაოს  და შეიძლება სხვა საფლავებიც დაიკარგოს… ეს ვანდალიზმია.
ჩვენ დავივიწყეთ ეს საფლავები, დაუმსახურებლად მოვეპყარით და არც დავფიქრებულვათ იმაზე, რომ ვინც წარსულს არაფრად აგდებს, ის ვერც მომავალს ააშენებს… იმედია, წლევანდელი 9 მაისი ამ შეცდომაზე ჩაგვაფიქრებს და ათვლის ახალ წერტილად იქცევა.
                              თამარ შაიშმელაშვილი
                              ელგუჯა ნადარეიშვილის ფოტო