ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარის, ა. ჭყოიძის გამოსვლა პრესკონფერენციაზე 2009 წლის 28 აპრილს

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ სამი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რათა ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია საქართველოში დაგეგმილი ნატოს საშტაბო წვრთვნებთან დაკავშირებით. მე წარმოვადგენ ერეკლე მეორის საზოგადოებას. აქ ბრძანდება ბატონი ჰამლეტ ჭიპაშვილი (სახალხო დიპლომატიის, მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის) ხელმძღვანელი და ბატონი ვალერი კვარაცხელია (ქართულ-რუსული მეგობრობის ცენტრის) ხელმძღვანელი.

ნება მომეცით ორიოდე სიტყვით გაგაცნოთ ერეკლე მეორის საზოგადოების და პირადად ჩემი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ხელისუფლება აცხადებს, რომ ნატოს წვრთვნები ერთი წლის წინ იყო დაგეგმილი და ვერ შევცვლითო. ეს გარკვეულ თავის მართლებას უფრო ჰგავს ამ წვრთნების მოწინაამღდეგეთა წინაშე. მაგრამ ამ ერთ წელიწადში ჩვენ გადავიტანეთ ომი, ეს ის ომია, რომელზედაც მრავალი კომენტატორი მიუთითებდა, მათ შორის დასავლეთის პრესაშიც, რომ ეს იყო ამერიკისა და რუსეთის ომი საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ომის შედეგად დაიხოცა არა ნატოს წევრის ქვეყნების, არამედ საქართველოსა და რუსეთის მოსახლეობა და სამხედრო მოსამსახურეები. ამგვარი თავზარდამცემი ტრაგედიის შემდეგ, ნატოს საქართველოსთვის თუ მართლაც სიკეთე სურდა, უმჯობესი იყო ამოსუნთქვის საშუალება მიეცა მისთვის, ხელი შეეწყო რუსულ-ქართული დიალოგისთვის და დახმარებოდა ამ ქვეყნებს თავად გამოენახათ ერთმანეთში საერთო ენა.

მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს, რომ არც ნატოს და არც დასავლეთის მიზანი არ არის საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა. ამ წვრთვნებს თავი აარიდეს ლატვიამ და ესტონეთმა, რომლებიც ნატოს წევრი ქვეყნები არიან. მათ არ ისურვეს თავიანთი დიდი მეზობელის ზედმეტად გაღიზიანება. Mაინტერესებს, როგორც უბრალო მოქალაქეს, რატომ იყო ესოდენ აუცილებელი ამ წვრთვნების ასეთ დაძაბულ ფონზე ჩატარება.

თუ ეს კვლავ ახალი სამხედრო დაპირისპირების პროვოცირებისთვის კეთდება, მაშინ ჩვენ წინასწარ ვართ მარცხისთვის განწირულნი. თეორიულად კიდეც რომ დავუშვათ, რომ ნატო სამხედრო ძალით დადგება საქართველოს მხარეს რუსეთ-საქართველოს მოსალოდნელ დაპირისპირებაში, ამ ომში დამარცხებული მაინც საქართველო გამოვა, რამეთუ მისი მცირე რესურსები _ ტერიტორიული, ადამიანური, სამხედრო თუ სხვა, ამ დაპირისპირებაში მთლიანად განადგურდება. არ მეგულება არავინ არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციის ლიდერთა შორის, რომელსაც ეს ანბანური ჭეშმარიტება არ ესმოდეს, ხოლო თუკი ეს ესმით, მაშინ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. მათი ასეთი ერთსულოვანი სწრაფვა ნატოსკენ ალბათ უანგარო მიზნებით არ არის გამოწვეული. ეს ქვეყანა არც მთავრობისაა და არც პოლიტიკოსების. ეს ყველას ქვეყანაა _ ჩემი, თქვენი, ჩემი და თქვენი შვილების, ჩვენი წინაპრების და ჩვენი მომავალი თაობების, საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების და სარწმუნოების ადამიანის, ვისთვისაც ეს მიწა-წყალი სამშობლოა და არა სტრატეგიული ტერიტორია.

რაც შეეხება ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს, და მე მაინც ვიტყოდი _ დროებით დაკარგულ ტერიტორიებს, სწორედ მათ გამო გვმართებს მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ნატოში ინტეგრაციის საკითხს. როდესაც არჩევნებთან ერთად ნატოს საკითხზე პლებისციტი ჩატარდა, იმ გაყალბებულ არჩევნებშიც კი ნატოს წევრობას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 70-მა პროცენტმა. ამ მარტივი არითმეტიკითაც კი ამომრჩეველთა 30 პროცენტი ნატოში ინტეგრაციის წინაამღდეგი იყო. თუ ამას დავუმატებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის სულ ცოტა ნახევარი საქარველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგია.

ჩვენი საზოგადოების წევრები პროტესტს გამოვთქვამთ ნატოს საშტაბო წვრთვნებთან დაკავშირებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არც ნატოსთან ინტეგრაციას უწყობს ხელს და არც რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, მისი ერთადერთი მიზანია ამ ორ მართლმადიდებელ ქვეყანას შორის დაპირისპირების კიდევ უფრო გამწვავება.

გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა რაიმე ზემოქმედებას იქონიებს ნატოს დაგეგმილ წვრთვნებზე, მაგრამ, ღრმად მჯერა, რომ ჩვენ სიტყვას მივაწვდენთ უპირველეს ყოვლისა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც ასეთივე პოზიცია აქვთ, მაგრამ გამოხატვის ეშინიათ, რადგან დღეს ეს ქვეყნის ღალატად აღიქმება. მოღალატეები ისინი არიან, ვინც ქვეყანა ასეთ დღეში ჩააგდო. ვისაც უყვარს სამშობლო, აწუხებს მისი ბედი და შერჩენია საკუთარი ღირსების გრძნობა, პროტესტი უნდა განაცხადოს საქარველოში ნატოს შემოსვლასთან დაკავშირებით, რადგან ამ წვრთვნების ჯიუტად ჩატარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ნატოსა და რუსეთს შორის განხეთქილების ვაშლის როლს ასრულებს.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!