გაზეთის პრეზენტაცია – ,,ერეკლეს გზა”

  ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარის გამოსვლა გაზეთის – “ერეკლეს გზა” – პირველი ნომრის პრეზენტაციაზე

 

2009 წლის 4 მარტი, თბილისი

 

ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაციიდან ზუსტად ორი თვე გავიდა და დღეს უკვე აქ შევიკრიბეთ, რათა წარმოგიდგინოთ ერეკლე მეორის საზოგადობის გაზეთის პირველი ნომერი. როგორც ხედავთ, გაზეთის სახელწოდებაა “ერეკლეს გზა”. ეს სახელწოდება ძალზე სიმბოლურია და იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი საზოგადოების უმთავრეს მიზანს, კერძოდ, საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ განვითარებაში ჩრდილოეთის ვექტორის გათვალისწინების აუცილებლობას.



სანამ უშუალოდ გაზეთის როლსა და ფუნქციაზე ვისაუბრებდე, მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ ვანდალურ ფაქტზე, რომელიც განხორციელდა გაზეთის “საქართველო და მსოფლიო” რედაქციის წინაამღდეგ. ამა წლის 26 თებერვალს უცნობმა პირებმა დაარბიეს რედაქციის ოფისი და გაიტაცეს კომპიუტერები. ჩვენმა საზოგადოებამ დაგმო ეს ქმედება და იმედი გამოხატა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ობიექტურად გამოიძიებენ ამ დანაშაულს.

სიტყვის, აზრის და პრესის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია კონსტიტუციით და იმ მრავალი კონვეციითა და პაქტით, რომელთა მონაწილე მხარესაც საქართველო წარმოადგენს. არსებობის უფლება აქვს ნებისმიერ აზრს და მისი შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. გაზეთის რედაქციაზე თავდასხმა ამ თავისუფლებათა უხეში ხელყოფაა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ 2008 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოში 2008 წელს შემცირდა მასმედიის თავისუფლების ხარისხი, ასევე მისი მრავალფეროვნება. ამ ფონზე მით უფრო დაუშვებელია თავისუფალი აზრის წინაამღდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა.

დღევანდელ ეპოქაში ბეჭდვითი მასმედია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშე დგას. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ჩვენს ქვეყანაში. გაზეთების ტირაჟი საკმაოდ მცირეა. მოშლილია გაზეთების დატარების სისტემა. ჯიხურებში გაზეთების გაყიდვის აკრძალვა კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის ბეჭდვურ მედიას. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გაზეთის ყიდვის საშუალება არა აქვს, რადგან ლარზე ნაკლები თითქმის არც ერთი გაზეთი არ ღირს. ასეთ სიტუაციაში ჩვენმა ორგანიზაციამ ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად დაისახა უფასო გაზეთის გამოშვება რომლის პრეზენტაციისთვისა  დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ. 

გაზეთი “ერეკლეს გზა” ორენოვანია. მისი ქართული და რუსული გვერდები აბსოლუტურად იდენტურია. იგი საინტერესო იქნება როგორც ქართველებისთვის, ისე საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის, რომლებიც რუსულენოვან საზოგადოებას მიეკუთვნებიან. გაზეთი ასევე საინტერესო იქნება რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის და საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილი  რუსეთის მოქალაქეებისთვის.

როგორც ხედავთ გაზეთის პირველი ნომრის ფორმატი დიდი არ არის და არც მისი ტირაჟია დიდი, მაგრამ ვინაიდან ეგზემპლარების უდიდესი ნაწილი გავრცელდება რეგიონებში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას ფართო მკითხველი ეყოლება, დღეს ხომ ჩვენს სოფლებში გაზეთი ხელიდან ხელში გადადის და ხშირად სოფლის მოსახლეობა ქალაქიდან ჩატანილ ერთი თვის წინანდელ გაზეთსაც კი ინტერესით კითხულობს. ეს მწარე რეალობაა, რადგან ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ტელეარხები ტენდენციურია, ხოლო ოპოზიციურ არხებს რაიონებში ვერ უყურებენ.  გაზეთის შემდგომ ნომრებში აუცილებლად დაეთმობა ადგილი ქართული და რუსული ლიტერატურისა და პოეზიის შედევრების პოპულარიზაციას. საბედნიეროდ და ღვთის ნებით ორივე ერს მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებები აქვს შექმნილი და ასევე საბედნიეროდ ორივე ენაზე არსებობს შესანიშნავი თარგმანები.

გარდა ამისა, გაზეთი დაგვეხმარება ფართო მკითხველამდე მივიტანოთ ჩვენი საზოგადოების მიზნები და ამ მიზნების განხორციელების გზები. დღევანდელი პრესა გაჯერებულია რუსეთის შესახებ ნეგატიური ინფომაციით. ამ მხრივ არც რუსეთის პრესა გამოირჩევა დიდი დელიკატურობით. ამ ფონზე ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი გაზეთის მეშვეობით მკითხველს ვაუწყოთ იმ პოზიტიური მოვლენების შესახებ რომელსაც ადგილი ჰქონდა და კვლავ აქვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.

ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაცია მხოლოდ ტელეკომპანია ალანიამ გააშუქა, რისთვისაც მათი მადლობელი ვართ. ინფორმაცია ასევე გავიდა ნიუსჯორჯიასა და რიანოვოსტის მეშვეობით. მასმედიაში ეს მცირე გამოჩენაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩვენ საზოგადოებას მრავალი მხარდამჭერი და გულშემატკივარი შეეძინა, სხვათაშორის რუსეთშიც კი. დღე არ გავა, რომ საზოგადოების ელექტრონულ ფოსტაზე რამდენიმე შეტყობინება არ მოვიდეს. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ ერეკლეს გზას საქართველოში აქტიური მხარდამჭერები ჰყავს.

ჩვენი გაზეთის ფურცლებზე აუცილებლად გავაშუქებთ რუსულ მასმედიაში გაჟღერებულ ისეთ ფაქტებსაც, რომლებიც ხელს უშლის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობას. ვინაიდან ჩვენი სამშობლო თავის გეოგრაფიულ მდებარეობას ვერ შეიცვლის, ყველა ჩვენგანმა ყოველი ღონე უნდა იხმაროს რუსეთთან კეთილი ურთიერთობების აღსადგენად. მიამიტობაა იმაზე ოცნება, რომ რუსეთი დაინგრევა და ამით საქართველოს ეშველება. გაზეთმა საქართველო XXI თავის ბოლო ნომერში რუსეთის დაშლის ვრცელი გეგმაც კი გამოაქვეყნა. ასეც რომ მოხდეს, რატომ უნდა უხაროდეს მართლმადიდებელ ქრისტიან ერს სხვისი დაშლა და განადგურება, ეს ხომ პირდაპირ ეწინაამღდეგება მართლმადიდებლობის დოქტრინას. რაც დრო გადის, ურთიერთლანძღვის და ურთიერთდაპირისპირების ფორმები სულ უფრო მრავალფეროვან სახეს ღებულობს, უხამსი სიმღერების შექმნითა და შესრულებით დაწყებული, სიმღერების ეთერში გაშვების აკრძალვით დამთავრებული. ეს ყველაფერი ზიანის მომტანია ორივე მხარისთვის და, რაც მთავარია, მას აგორებული ზვავის ეფექტი აქვს.

აქვე მინდა აუდიტორიას შევახსენო ის მართლაც ქრისტიანული და ღირსეული ნაბიჯი, რომელიც რუსეთის სამოციქულო ეკლესიამ გადადგა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისას. მან არ სცნო სეპარატისტული რეგიონების ეპარქიების დამოუკიდებლობა. ნაცვლად იმისა, რომ ქართულ მასმედიას ჯეროვნად შეეფასებინა რუსეთის საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება, პირიქით, მასში იმატა პასკვილებმა რუსეთის ახალი პატრიარქის თუ სხვა მღვდელთმთავართა მიმართ.

მართალია ჩვენი გაზეთის ფორმატი და ტირაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება იმის საპირწონე, რაც ხდება დღევანდელ მასმედიაში საქართველოსა თუ რუსეთში, მაგრამ მან უნდა შეასრულოს იმ პირველი მერცხლის როლი, რომელიც აუცილებლად მოიყვანს გაზაფხულს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. ამ ოპტიმიზმით დავულოცოთ გზა ახალ გაზეთს – “ერეკლეს გზას”. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.