რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსები 4 თებერვლიდან ამოქმედდება

რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსები თბილისში სრულფასოვან მოქმედებას მომავალი ორშაბათიდან, 4 თებერვლიდან დაიწყებს.

 

მეცადინეობები უზნაძის ქუჩის №15-ში, „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ყოფილ შენობაში, 6 თვის განმავლობაში გაიმართება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ,,რია-ნოვოსტის“ თბილისის ოფისში 1 თებერვალს გამართულ რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსების გახსნის ცერემონიალზე ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძემ განაცხადა. კურსები პროექტის ,,ცოდნა საუკეთესო ხიდია“ ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც ფონდი „რუსსკი მირ“ აფინანსებს.

ამ ეტაპისთვის გასაუბრების შედეგად შერჩეულია 120 მსმენელი და დაკომპლექტებულია 6 ჯგუფი, მაგრამ მოქალაქეთა ინტერესი ამ პროექტის მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ პროექტის ავტორებმა დამატებითი სიების შედგენა გადაწყვიტეს, და მარტიდან რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე მეცადინეობას მეორე ნაკადი დაიწყებს.

არჩილ ჭყოიძის ცნობით, რუსული ენის გარდა მსმენელები შეისწავლიან მდიდარ რუსულ ლიტერატურას, მოისმენენ ლექციებს რუსეთის ისტორიისა და ღვთისმეტყველების შესახებ. რუსულ ენას პედაგოგი ირმა გოგიაშვილი, რუსეთის ისტორიას ტელეკომპანია „მირის“ თანამშრომელი ბორის მანჟუკოვი, ხოლო ღვთისმეტყველებას დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე შეასწავლიან. ისინი დღეს გამართულ პრეზენტაციას უკვე ჩარიცხულ მსმენელებთან ერთად ესწრებოდნენ და მათ მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს.

სწავლების მიმდინარეობისას სტუდენტებს პერიოდულად ჩაუტარდებათ შუალედური გამოცდები, ხოლო პროექტის დასასრულს შემაჯამებელი ტესტირების საფუძველზე გადაეცემათ სერტიფიკატები.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად უნდა შევისწავლოთ რუსული ენა, აუცილებლად უნდა შევისწავლოთ რუსული ლიტერატურა, ღვთისმეტყველება, რადგან დღესდღეობით ჩვენი ერთადერთი მოძმე და ერთმორწმუნე ერი დიდი რუსეთია. არ ვიტყვი, რომ ჩვენს შორის ნეგატიური მოვლენები არ იყო, იყო და დღესაც არის, მაგრამ პოზიტივი ჩვენს ურთიერთობებში გაცილებით მეტია, ვიდრე ნეგატივი“, – განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.
მისივე თქმით, საჭიროა, ამ საგნების გარდა, მსმენელებმა შეისწავლონ რუსული სული, გაიგონ, რა არის რუსეთი საერთოდ, რა გაუკეთებია საქართველოსთვის. „დღევანდელი მედია ხშირად წერს, რომ რუსეთი საქართველოს მტერია, რუსეთმა დაიპყრო საქართველო, მაგრამ 17-18-ე საუკუნეებში ერთიანი საქართველო საერთოდ არ არსებობდა და გეორგიევსკის ტრაქტატი მაშინ ქართლ-კახეთის სამეფოსთან დაიდო. გაერთიანებული საქართველო არ არსებობდა და მისი დიდი ნაწილი დაპყრობილი იყო ოსმალეთის მიერ, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს საქართველოს მოძმე ერად აქვს გამოცხადებული“, – აღნიშნა ჭყოიძემ.
მისივე განცხადებით, რუსული ენის კურსები საქართველოში პირველად 2009 წელს გაიხსნა. პროექტის განხორციელება იმ რეჟიმის პირობებში დაიწყო, რომელმაც რუსეთი საქართველოს მტრად გამოაცხადა. მაშინ მასწავლებლებიც და მსმენელებიც დიდ ზეწოლას განიცდიდნენ, ხოლო ხელისუფლების მიერ მართული მედიასაშუალებები „ერეკლე მეორის საზოგადოებას“ რუსეთის აგენტებს და „ეფ-ეს-ბეს“ ფილიალს უწოდებდნენ.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა საერთაშორისო ტელერადიოკომპანია “მირის” დირექტორთა საბჭოს წევრი და საქართველოს ფილიალის დირექტორი ბადრი ნაჭყებია, რომელმაც რუსული ენის ცოდნის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რუსული ენის ცოდნა პოსტსაბჭოთა სივრცის ძალიან ბევრ ქვეყანაში დღესაც სავალდებულოა. ეს ისეთი დიდი ქვეყნებია, როგორიცაა ბელორუსია, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. უფრო მეტიც, რუსული ენის ცოდნა აშშ-ს საელჩოების თანამშრომლებსაც მოეთხოვებათ. რუსული ენა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის გაეროს, იუნესკოს ოფიციალური ენაა, განაცხადა ნაჭყებიამ და დასძინა, რომ ამ ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველო დღეს რუსული ენის მცოდნე ადამიანების სერიოზულ დეფიციტს განიცდის, განსაკუთრებით კი ქართველ მოქალაქეებს შორის.
„დღეს ჩვენ ელემენტარულად საკომუნიკაციო ენა გვაკლია იმ 250 მილიონამდე ადამიანთან, რომლებთანაც სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კომუნიკაცია გვიწევს,“ – აღნიშნა ბადრი ნაჭყებიამ. მისივე თქმით, თუ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აპირებს, აფხაზებთან და ოსებთან საუბარი რუსულ ენაზე მოუწევს.

ერეკლე მეორის საზოგადოების ინიციატივით რუსული ენის შემსწავლელი პირველი კურსები ჯერ კიდევ 2010 წლის იანვარში გაიხსნა. ისინი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა. პედაგოგები ლექციებს ანაზღაურების გარეშე ატარებდნენ. პროექტის – „ცოდნა საუკეთესო ხიდია“ მეორე ეტაპი დააფინანსა გამოჩენილმა ქართველმა მეცენატმა, პეტერბურგელმა ბიზნესმენმა და საზოგადო მოღვაწემ ალექსანდრე ებრალიძემ. 2011 წლიდან პროექტს ფონდი „რუსკი მირ“ აფინანსებს.