მრგვალი მაგიდა „მშობლიური ენა: ინგლისური თუ ქართული?“

2011 წლის 19 ივლისს, ერეკლე მეორის საზოგადოების ინიციატივით, თბილისში ჩატარდა მრგვალი მაგიდის დისკუსია „მშობლიური ენა: ინგლისური თუ ქართული?“.

 

მრგვალი მაგიდის მსვლელობისას მთავარი ყურადღება დაეთმო ქართული ენის სიწმინდის საკითხებს, სახელმწიფო ენის სწავლების მდგომარეობას, საქართველოში რუსული ენის სწავლების აუცილებლობას და ზოგადად მშობლიური და უცხოური ენების სწავლების სახელმწიფო პოლიტიკასა და მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: სოსო სიგუა – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი; მურმან თავდიშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ცნობილი რუსთველოლოგი; მიხეილ აიდინოვი – პუშკინის საზოგადოების თავმჯდომარე, გაზეთ „მრავალეროვნული საქართველოს“ რედაქტორი; სერგეი სისოევი – ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ნანა ჯაფარიძე – საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის დირექტორი; თემურ ქორიძე – ცნობილი ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი და კრიტიკოსი; ტატო ლასხიშვილი – ჟურნალისტი, გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი.

დისკუსიის მსვლელობისას შემუშავებული იქნა რეკომენდაციები, რომელიც დაეგზავნება როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში ქართული და უცხოური ენების სწავლებით არიან დაინტერესებული.

შეხვედრის დასასრულს ერეკლე მეორის საზოგდოების თავმჯდომარემ, არჩილ ჭყოიძემ, დამსწრეთ გააცნო ერეკლე მეორის საზოგადოების განცხადება საქართველოში მშობლიური ენისა და უცხოური ენების სწავლების პოლიტიკის შესახებ.

განცხადება

გლობალიზაციის მზარდმა ტემპებმა დიდი გამოცდის წინაშე დააყენა ეროვნული ნიშნით შექმნილი სახელმწიფოები, ამ ერების მშობლიური ენების ჩათვლით. მსოფლიომ ამ პროცესში ერთაშორისი ურთიერთობის ენად ინგლისური აირჩია და სრულიად ბუნებრივია, რომ ამ ენას დღეს ინტენსიურად სწავლობს ყველა, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.

დღეს საქართველოში ინგლისურ ენას ძალზე ინტენსიურად სწავლობენ. ენების ცოდნა დიდი განძია, მაგრამ თუკი უცხოური ენების მშობლიურ ენაში შეჭრა არ იქნება მეცნიერულად გააზრებული, იგი დიდ ზიანს მოუტანს ქართულ ენას. „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ – ბრძანებდა გრიგოლ ორბელიანი.

სწორედ ერის გადარჩენა, მისი თვითმყოფადობის შენარჩუნება და ქართული უნიკალური კულტურის დაცვა უნდა გახდეს დღეს თითოეული ჩვენგანის საზრუნავი. თუმცა ცხადია, რომ ასეთი დიდი ტვირთის ზიდვა მხოლოდ ენთუზიაზმის იმედით საზოგადოებას არ ძალუძს. მშობლიური ენის განვითარების პოლიტიკის განხორციელებას სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა და ფინანსური სახსრები სჭირდება. ეს საკითხი ყოველთვის იყო აქტუალური, მათ შორის გასულ საუკუნეშიც. როგორც დიდი კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებდა, საჭიროა დამკვიდრდეს სახელმწიფო პროტექციონიზმის პრაქტიკა ქართული ენისა და კულტურის მიმართ.

ვიდრე სახელმწიფო ასეთი პროტექციონიზმის განხორციელებას შეუდგება, საზოგადოებას, როგორც უდიდესი ძალის მქონეს, შეუძლია სახელმწიფოს მოსთხოვოს იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც აუცილებელია მისი თვითმყოფადობის გადასარჩენად. დღეს სწორედ საზოგადოების აქტიური მოქმედებაა საჭირო, რათა ქართული ენა გადაურჩეს უცხოური ენების შემოტევას, ბარბარიზმების ბუმს, და, რაც მთავარია, არა მხოლოდ კონსტიტუციურად, არამედ პრაქტიკაშიც გახდეს სახელმწიფო ენა, რომლის ხარისხიანი ცოდნა აუცილებელი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

ამავდროულად, დაუშვებელია რუსული ენის განდევნა საქართველოს ენობრივი სივრციდან. გარდა იმისა, რომ ეს არის უდიდესი პოეტების, მწერლების, პუბლიცისტების, ფილოსოფოსებისა თუ მეცნიერების ენა, რომელთა შემოქმედებაზე გაიზარდნენ და იზრდებიან მსოფლიო დონის ინტელექტუალები, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ენა ევრაზიის კონტინენტზე. უფრო მეტიც, რუსული ენის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ურთიერთობები უახლოეს მეზობლებთან სამხრეთ კავკასიაში და ცოტა უფრო შორეულ მეგობრებთან ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. და რაც მთავარია, დღეისათვის ეს არის ერთადერთი ენა, რომელზედაც შეიძლება ვესაუბროთ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია რუსული ენის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მისი სწავლების გაძლიერება, რისთვისაც ასევე სათანადო სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაა საჭირო.

თუმცა ვიდრე სახელმწიფო ამისთვის მოიცლიდეს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი რუსული ენის სწავლებას საქართველოში. ასეთი პროექტები დიდ დაფინანსებას არ მოითხოვს, სანაცვლოდ კი დიდ კაპიტალს შექმნის, ცოდნის კაპიტალს, რომლის წინაშეც ოქროსაც კი ეკარგება ბრწყინვალება.

რუსული ენის შემსწავლელი პროექტების განხორციელებაში საგულისხმო როლის შესრულება შეუძლიათ რუსეთში არსებულ ქართულ დიასპორას, ქართველთა მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს, იქ მოღვაწე ქართველ ქველმოქმედებს, რუსულ ფონდებსა და ოგანიზაციებს, ასევე ქართული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, რადგან დღეს, თითქმის ყველა სერიოზული კომპანია სამსახურში მიღებისას ინგლისურთან ერთად რუსული ენის ცოდნასაც მოითხოვს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში ენების სწავლება, იქნება ეს რუსული, ინგლისური თუ რომელიმე სხვა ენა, უნდა პასუხობდეს სადღეისო მოთხოვნებსა და პრობლემებს, და არა პოლიტიკურ კონიუნქტურას, ვინაიდან არაფერია ისე სწრაფად ცვალებადი, როგორც პოლიტიკა, და არავინაა ისე არასაიმედო, როგორც პოლიტიკური ნიშნით დამეგობრებული კაცი თუ ერი.

ერეკლე მეორის საზოგადოების პრესსამსახური