ცოდნა სინათლეა

თბილისში რუსული და ქართული ენის შემსწავლელი კურსების კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს.

 

  კურსები ფუნქციონირებდა ერეკლე მეორის საზოგადოებისა და საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.  დიპლომი კურსდამთავრებულებს გადასცა თბილისის ფილიალის დირექტორმა ნანა ჯაფარიძემ.

მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად  ექვსთვიანი კურსები იყო გათვალისწინებული, თუმცა შემდგომში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი კიდევ სამი თვით გაგრძელების შესახებ.  მათ მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მრავალი მსურველი ვერ დაკმაყოფილდა.  და ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ კურსების გახსნას ყველა კეთილგანწყობით არ შეხვედრია.  კერძოდ, ერთ-ერთი ქართული ტელეარხი შეეცადა გაეკრიტიკებინა კურსები, სადაც „პუტინის ენას“ ასწავლიან. მართლაც, როგორც ქალბატონმა ნანა ჯაფარიძემ აღნიშნა, კურსები გაიხსნა და ფუნქციონირებდა არა ტელეკომპანიებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ისინი მართლაც სჭირდებოდათ.  ქართულ ენაზე საუბარი ალბათ ზედმეტია.  ცხადია, რომ თუკი ცხოვრობ ქვეყანაში, სახელმწიფო ენა უნდა იცოდე.  ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სურვილი – შეისწავლონ ქართული ენა – აბსოლუტურად ცხადია და რაიმე შეკითხვებს არ წარმოშობს.  რაც შეეხება რუსულ ენას, იგი, როგორც ჩანს, ინარჩუნებს მნიშვნელოვან როლს, მიუხედავად ყველა მცდელობისა – აღმოფხვრან იგი ჩვენი ყოველდღიურობიდან.  როგორც ქალბატონმა ნანა ჯაფარიძემ სავსებით სწორად აღნიშნა, რაც მეტი ენა იცის ადამიანმა, მით უფრო მდიდარია იგი.

ცერემონიაზე მყოფმა ქართველმა მეცნიერმა, ბორის დარჩიამ, სწორად მიუთითა, რომ რუსული ენის შესწავლა ჩვენთვის, საქართველოს მცხოვრებთათვის, ისტორიული აუცილებლობაა.  ადვილია რუსული ენა გამოაცხადო მტრისა და ოკუპანტის ენად, მაგრამ შეუძლებელია ანგარიში არ გაეწიოს იმ გარემოებას, რომ ეს დიდი კულტურის ენაა, რომელზედაც შეიქმნა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ლიტერატურა.

შეკრებილთ მიმართა მეცნიერმა და ლიტერატორმა მურმან თავდიშვილმა, რომელმაც ეს ყველაფერი შესანიშნავად წარმოადგინა.  მან წაიკითხა ნაწყვეტები პუშკინის „ევგენი ონეგინიდან“ და ალექსანდრე ბლოკის ლექსი, რომელსაც დიდი გალაკტიონ ტაბიძე რუსეთის პოეტების მეფეს ეძახდა.  მავანი ალბათ იტყვის, რომ მსოფლიოში არის სხვა დიდი კულტურები.  რა თქმა უნდა – არის.  მაგრამ როგორც ცერემონიაზე საქართველოს მწერალთა კავშირის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, მანანა გორგიშვილმა აღნიშნა, რუსული ენის მნიშვნელობა არ არის შემოფარგლული მხოლოდ მისი კულტურული ფუნქციით.  საკმარისია ითქვას, რომ დღეს რუსული ენის ცოდნის გარეშე ძნელია კარგი სამუშაოს მოძებნა.  აქ არსებული ამერიკული ორგანიზაციები და კომპანიებიც კი რუსული ენის ცოდნას მოითხოვენ.   ამ ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია კავშირების განვითარება სამხრეთი კავკასიის ქვეყნებთან, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებთან, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს.

როდესაც ამ სტატიას ვწერდი, კოლეგამ დამირეკა ყაზახეთიდან და გაზეთისთვის საქართველოს შესახებ მასალის მომზადება მთხოვა.  რუსული ენის ცოდნის გარეშე მე არამც თუ ამ თხოვნას ვერ შევუსრულებდი, უბრალოდ ამ თხოვნის შინაარსსაც ვერ გავიგებდი.  გარდა ამისა, დღევანდელი რუსულ-ქართული ურთიერთობები, რა თქმა უნდა,  რთულია.  თუმცა პარადოქსულია, რომ ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის კვლავ თბილი განწყობაა.  ეს კი იმედს გვისახავს, რომ სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობებიც ოდესმე გაუმჯობესდება.  და რუსული ენის ცოდნამ ამას ხელი უნდა შეუწყოს.  ტყუილად არ მიმდინარეობს კურსების მუშაობა დევიზით „ცოდნა – საუკეთესო ხიდია“.  ალბათ არავინ დავობს იმის შესახებ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ მოგვიწევს საუბრის დაწყება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან. აქ კი რუსული ენა ნამდვილად უალტერნატივო იქნება, რამეთუ სხვა ენაზე, რომელზედაც ამ ადამიანებთან ურთიერთობას შევძლებთ, უბრალოდ არ არსებობს.

ერეკლე მეორის საზოგადოებამ, რუსული ენის კურსების გახსნისას, ყველა ეს ფაქტორი გაითვალისწინა.  მხედველობაში იქნა ასევე მიღებული ჩვენი თანამოქალაქეების დაბალი შემოსავალი.  ამიტომ კურსები მსმენელებისთვის უფასოა.  პირველი ნაკადი ჯერ კიდევ 2010 წლის იანვარში შეუდგა სწავლას.  დაწყებული საქმის წარმატებამ ორგანიზატორები დაარწმუნა, რომ საჭირო იყო მისი გაგრძელება.

- გასული წლის სექტემბერში ჩვენ კვლავ მოგვმართეს რუსული და ქართული ენების შესწავლის მსურველებმა, – ამბობს საზოგადოების თავმჯდომარე, არჩილ ჭყოიძე. – ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვეხმარა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი, ბატონი ალექსანდრე ებრალიძე, რისთვისაც ჩვენ მას დიდ მადლობას ვუხდით.  კურსების ადმინისტრირება ჩვენმა ორგანიზაციამ განახორციელა, ხოლო კონგრესმა დაგვითმო საკლასო ოთახი და გამოყო სახსრები პედაგოგთა ხელფასებისთვის.  დიდი მადლობა მინდა ასევე გადავუხადო ქართველი და რუსი ხალხების ერთიანობის ფონდის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ ხომერიკს ჩვენი მუშაობისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის, იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია ჩვენი კურსების პოპულარიზებისთვის რუსულ საზოგადოებაში და ქართულ დიასპორაში.  მომავალი წლიდან ჩვენ გრანტს გვაძლევს ფონდი „რუსკი მირ“.  ეს არის ავტორიტეტული რუსული ორგანიზაცია, რომლის ამოცანაა რუსული ენისა და რუსული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა.  გადაწყვეტილება გრანტის გაცემის შესახებ მიღებულია, თუმცა თანხის გადმორიცხვა ჩვეულებრივ ბიუროკრატიულ შეფერხებებზეა დამოკიდებული.  თუკი სექტემბრამდე თანხა გადმოგვერიცხება, იგი კურსების ორგანიზებას მოხმარდება.  თუკი ეს არ მოხდება, კურსები მაინც გაიხსნება, თუმცა შეკვეცილ ფორმატში.  რაღაც თანხების მოძიება ჩვენ თვითონაც შეგვიძლია.  გარდა ამისა, ჩვენთან თანამშრომლობენ შესანიშნავი, უანგარო ადამიანები.  მაგალითად, ტელეკომპანია „მირის“  თბილისის წარმომადგენლობის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ბორის მანჟუკოვი, სრულიად უსასყიდლოდ უკითხავდა ლექციებს ჩვენს მსმენელებს.  ცნობილი ლიტერატორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თემურ ქორიძე, პოეზიის დიადებას აზიარებდა ჩვენს მსმენელებს.  მოკლედ, ჩვენთან მსმენელები არა მხოლოდ ენას სწავლობდნენ, არამედ რუსეთის ისტორიას და კულტურასაც.  სამწუხაროდ, მათი დიდი უმრავლესობა არასდროს არ ყოფილა რუსეთში და გასაგები მიზეზების გამო არ შეუძლიათ იქ გამგზავრება.  ჩვენ ძალიან მადლიერი ვიქნებით, თუკი ისინი, ვისთვისაც ძვირფასია რუსულ-ქართული ურთიერთობები და საქართველოში რუსული ენის სტატუსი, დახმარებას გაუწევენ ჩვენს კურსებს.  არ არის აუცილებელი ეს იყოს ფულადი დახმარება.  ეს შესაძლოა იყოს მეთოდური, ორგანიზაციული დახმარება და ა.შ.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პედაგოგების შესახებ.  ქართული ენის კურსი მიჰყავდა ტატიანა მეტრეველს, ხოლო რუსულ ენას ასწავლიდნენ ირმა გოგიაშვილი და თამარ ოვასაპიანი.  ქალბატონი ირმა არა მხოლოდ თავისი საქმის საუკეთესო სპეციალისტია (იგი რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის თბილისის ერთ-ერთ სკოლაში და არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი), არამედ აფხაზეთიდან დევნილიცაა.  ასე რომ, რუსული ენის საკითხი კონფლიქტის დარეგულირების კონტექსტში მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.  ხოლო თამარ ოვასაპიანს ძალიან გაუმართლა.  იგი ახლახანს დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარა.  ჩვენ მადლობას ვუხდით ფონდს „რუსკი მირ“, სწორედ მათ მიიწვიეს ჩვენი პედაგოგი მოსკოვში.

- დარწმუნებული ვარ, – ამბობს ირმა გოგიაშვილი, – რომ რუსული ენის ცოდნა, სულ მცირე, არავის არ ავნებს, ხოლო ბევრს ალბათ დაეხმარება კიდეც.  მე ძალიან მენანება ჩემს მოსწავლეებთან დამშვიდობება.  ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, რომელიც მთელი ცხოვრება გაგვყვება.  ახლა მოუთმენლად დაველოდები შემოდგომას, როდესაც კურსებზე ახალი მსმენელები მოვლენ.

ასაკობრივი შეზღუდვა აქ პრაქტიკულად არ არსებობს.  მსმენელებს ღებულობენ 16 წლის ასაკიდან და ზემოთ, თუმცა კურსდამთავრებულთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან. მათ სჯერათ, რომ კურსებზე გატარებული დრო არავითარ შემთხვევაში არ არის ფუჭი.

მხოლოდ ის რად ღირს, – ამბობს ნინო, – რომ მე ახლა შევძლებ რუსეთში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში თანატოლებს დავუკავშირდე „ოდნოკლასნიკებში“.  ეს, რა თქმა უნდა, ვხუმრობ, თუმცა სიმართლის ნაწილიცაა.  მთავარი ისაა, რომ რუსული ენა გააფართოვებს ჩემს თვალსაწიერს.  მინდა მადლობა ვუთხრა ამისთვის კურსების ორგანიზატორებს და ვუსურვო მათ წარმატებები შემდგომ მუშაობაში. 

 

დევი ბერძენიშვილი

ჟურნალისტი