ერეკლე მეორის საზოგადოება სომეხი ხალხის გენოციდის აღიარებას ითხოვს

ერეკლე მეორის საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებას 1915 წლის 24 აპრილს ოსმალეთის იმპერიაში სომეხი ხალხის გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებს.

როგორც დღეს სასტუმრო „ამბასადორში“ თბილისის სომეხთა ასამბლეასთან შეხვედრის დაწყებამდე ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, სომეხთა გენოციდი მთელმა მსოფლიომ აღიარა. მათ შორის ისეთმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა, როგორიც არის საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია და აშშ-ს 50-ივე შტატმა.

 

 

მისივე თქმით, სომეხ ხალხს საქართველოში მემორიალიც კი არ აქვთ, სადაც 24 აპრილს ვანდალურად დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ.

„ქართველებისა და სომხების ძმობა ჯერ კიდევ ბიბლიიდან მოდის და არა მარტო კეთილმეზობლობიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო 20 წლის მანძილზე გამოჩნდა ისეთი პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები და ისტორიკოსები, რომლებიც ცდილობენ ისტორიის ფალსიფიკაციას და ამბობენ, რომ ქართველებსა და სომხებს შორის მუდამ დაძაბული ურთიერთობა იყო. ამას კი ის ძალები აკეთებენ, რომლებიც რეალურად თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებისგან ფინანსდებიან. ამავდროულად, ისინი საუბრობენ, რომ ჩვენ გვქონდა საუკუნოვანი მეგობრობა აზერბაიჯანთან, რომელიც სულ 100 წლის ჩამოყალიბებულია“, _ განაცხადა ჭყოიძემ.

რაც შეეხება სომხური ენის რეგიონალურ ენად გამოცხადებას, ჭყოიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მყოფი არცერთი ორგანიზაცია სომხური ენის რეგიონალურ ენად გამოცხადებას არ ითხოვს. თუმცა ქართული მიწების სხვა ერებზე გასხვისებას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ თუ ვინმე ქართულ ხალხს გვერდით დაუდგება, ესენი იქნებიან სომხები.

IMG_9496დღევანდელ შეხვედრაზე ერეკლე მეორის საზოგადოებასა და თბილისის სომეხთა ასამბლეას შორის გაფორმდა მემორანდუმი. შეხვედრის დაწყებამდე ორივე მხარემ წუთიერი პატივი მიაგეს 1915 წელს დაღუპულ გმირებს.