ქართველ ახალგაზრდებს რუსული ენის შესწავლა სურთ

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ერეკლე მეორის საზოგადოების“ ინიციატივით და რუსეთში არსებული ფონდ ,,რუსკი მირის“ დაფინანსებით უკვე მეორე წელია რაც საქართველოში ხორციელდება პროექტი ,,ცოდნა საუკეთესო ხიდია“, რომლის ფარგლებშიც წელს 120 მსმენელი 6 თვის მანძილზე დაეუფლება რუსულ ენასა და ლიტერატურას, რისთვისაც საზოგადოების თამჯდომარე არჩილ ჭყოიძე დიდ მადლობას უხდის ფონდს ,,რუსკი მირ“ მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. ფონდმა ორგანიზაციას დახმარების ხელი სწორედ მაშინ გამოუწოდა, როდესაც საქართველოში ანტირუსულმა ისტერიამ პიკს მიაღწია და უკლებლივ ყველა რუსული სკოლა დაიხურა. ასევე არსანიშნავია, რომ რუსული ენის უფასო კურსები პირველად 2009 წელს დააფინანსა პეტერბურგში მოღვაწე ქართველმა მეცენატმა ალექსანდრე ებრალიძემ, რომელმაც დასაბამი მისცა ახლა უკვე ტრადიციულად ქცეულ კურსებს.

 

ქართველ ახალგაზრდებში რუსული ენის შესწავლის მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მატულობს. რა თქმა უნდა ამ ერთი პროექტის ფარგლებში ყველა მსურველის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ფონდ ,,რუსკი მირის“ მიერ დაფინანსებული პროექტის თანახმად დაიწყებს ფუნქციონირებას რუსული ენის უფასო კურსები. დაკომპლექტდება მსმენელთა 6 ჯგუფი, რომლებიც რუსული ენის შესწავლასთან ერთად გაეცნობიან რუსეთის ისტორიას და მოისმენენ ღვთისმეტყველების ლექციებს, რომელსაც წაიკითხავს დეკანოზი მამა კონსტანტინე (პაიჭაძე). ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყება 21 ინავრიდან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრება სამ დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც შერჩეული მსმენელები გაეცნობიან კურსების შინაგანაწესს, მეცადინეობების ცხრილს და მიიღებენ ინფორმაცია საჭირო ლიტერატურას შესახებ..

ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები და პროექტის თანამშრომლები წარმატებებს უსურვებენ ყველა მსმენელს და იმედოვნებენ, რომ მათ მიერ გაწეული შრომა სათანადო ნაყოფს გამოიღებს და ხელს შეუწყობს რუსულ-ქართული ურთიერთობების დათბობას.