მიხეილ სააკაშვილისგან ილია ჭავჭავაძის სახელის ხსენება არის ცინიზმის აპოთეოზი-არჩილ ჭყოიძე


ერეკლე მეორის საზოგადოება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ არამც თუ არ იარა ილიას გზით, მის ძეგლებსა და მონუმენეტებსაც კი არ მოუარა. ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან ილია ჭავჭავაძის სახელის ხსენება არის ცინიზმის აპოთეოზი-აცხადებს არჩილ ჭყოიძე.

არჩილ ჭყოიძე აღნიშნავს, რომ წიწამურთან ილიას ძეგლის მოსავლელად სააკაშვილმა თანხა ვერ გაიმეტა მაშინ, როდესაც კვერცხებისა და ველოსიპედის გაუგებარ ქანდაკებებზე მილიონებს ხარჯავდა. არა და ეს ულამაზესი ძეგლი საქართველოს მთავარ მაგისტრალზე დგას.

ჭყოიძე სააკაშვილს ურჩევს, „ქვეყნის ასარევად დაქირავებული” არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინასების ნაცვლად, პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი ერთი მილიონი ლარი ილიას და სხვა დიდი ქართველების ძეგლებსა და მუზეუმების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

 

 

“რა სინდისით ახსენებს ამ უდიდეს ქართველს, როდესაც მისი ღვაწლის დასაფასებლად ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, ფასადურად მაინც?! რაც შეეხება მის გამოთქმას ჭორვილიზაციისა და ილიას გზას შორის არჩევანის შესახებ, მე ეს ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფად მიმაჩნია, რადგან პრეზიდენტმა პრემიერის წარმომავლობის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებით სოფლად მცხოვრებ თუ სოფლიდან წამოსულ ყველა მოქალაქეს მიაყენა შეურაცხყოფა. ის რომ ბიძინა ივანიშვილი დაიბადა სოფელ ჭორვილაში, ეს პირიქით, დადებითი ფაქტია, და მის შრომისმოყვარეობაზე მეტყველებს. ამასთანავე, მან შესძლო ძალიან ბევრის გაკეთება თავისი ქვეყნისთვის. შევახსენებ სააკაშვილს, რომ უდიდესი მოღვაწეების, დიდი ქართველი პოეტების, მწერლების თუ მეცნიერების უმრავლესობა, სოფელში გაიზარდა ვაჟა-ჩარგალში, აკაკი – სხვიტორში, ყაზბეგი-სტეფანწმინდაში, ილია-ყვარელში და ა.შ.

პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ არ ცვლის თავის ჩვეულ რიტორიკას და ახლა ერთმანეთს უპირისპირებს ილიას და სტალინს. როგორც ჩანს, მან არ იცის, რომ ილია ჭავჭავაძე სტალინის ლექსებს თავის გაზეთში ბეჭდავდა და ფსევდონიმიც (სოსელო) თავად შეურჩია. ხოლო სტალინი დიდად აფასებდა ილიას, როგორც ერის მამას. სწორედ მისი დავალებით ილიას შემოქმედება მრავალ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. სააკაშვილი კი ნამდვილი დიქტატორივით იქცევა და მის ძეგლებს ხალხის დაუკითხავად ანადგურებს. ეს ხდება მაშინ, როცა აშშ-ში, კონკრეტულად კი ტეხასში, რუზველტთან და ჩერჩილთან ერთად სტალინის ძეგლსაც დგამენ და პატივს სცემენ როგორც ფაშიზმის დამამარცხებელს. თუ არა ავადმყოფური აკვიატება, ისტორიული ძეგლი სტალინის ისტორიულ სამშობლოში ნამდვილად არავის უშლიდა ხელს. თუმცა, რაღა შეიძლება ითქვას იმის შემდეგ, რაც სააკაშვილმა შოთა რუსთაველიც კი აიგდო აბუჩად – აცხადებს არჩილ ჭყოიძე.