არჩილ ჭყოიძე: ლეიბორისტებს და ქდმ-ს ბარიერის გადალახვის ყველაზე მეტი შანსი ჰქონდათ!


,,ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარის, პოლიტოლოგ არჩილ ჭყოიძის აზრით, ბიძინა ივანიშვილის საგარეო სტრატეგია არადამაჯერებელი და ჯერჯერობით ბუნდოვანია. ერთი მხრივ, საუბარი ნატოზე და მეორე მხრივ, მცდელობა, რომ დაარწმუნოს რუსეთი, თითქოსდა მომგებიანია საქართველო ნატოში – აბსურდია. მისივე თქმით, მკვეთრად პრორუსული ან მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებისა და მსოფლმხედველობის დრო უნდა დასრულდეს და დროა, ქართველმა ხალხმა აირჩიოს მესამე გზა. სააგენტო ,,ნიუპოსტთან“ საუბრისას ჭყოიძემ არჩევნები და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

 

 

_ რამდენად ელოდით არჩევნების ასეთი შედეგებით დასრულებას?როგორ გგონიათ, ,,ქართულმა ოცნებამ” თავისი ავტორიტეტის და რეპუტაციის ხარჯზე გაიმარჯვა, თუ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოქვეყნებული კომპრომატების შედეგად?

_ ჩემი აზრით, ციხის კადრებმა წელში გატეხა ,,ნაციონალური მოძრაობა”, ასწია ,,ქართული ოცნების” რეიტინგი, მაგრამ მოდით რეალურად ვთქვათ, კოალიციაში შემავალი პარტიები ბიძინა ივანიშვილის გარეშე რომ გამოსულიყვნენ საპარლამენტო არჩევნებში, ვერცერთი ვერ გადალახავდა 5 პროცენტიან ბარიერს. ეს კადრები რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ,,ნაციონალური მოძრაობა” ისევ მმართველ გუნდად დარჩენილიყო. გაყალბებასაც უფრო შეძლებდნენ და რეალურ ხმასაც მეტს აიღებდნენ. აქაც დიდი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებულმა ხასიათმა – მან შეიძლება აიტანოს ყველაფერი, ღირსების შელახვის გარდა. ის კადრები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, არ არის მხოლოდ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ან მრავალი სხვა კოდიფიცირებული დებულების დარღვევა, ეს ერის შეურაცხყოფაა და სწორედ ამ კადრებმა ითამაშა ძლიერი კატალიზატორის როლი.

_ ოპოზიციური პარტიების სრული კონსოლიდაცია იყო საზოგადოების დაკვეთა. ბიძინა ივანიშვილმა კი თავის ფრთებქვეშ გარკვეულ ძალებს მოუყარა თავი, დანარჩენები ,,შუა გაკრიფა”. ეს შუა გაკრეფილი ხალხი კი არჩევნების შემდგომ საერთოდ გაიკრიფა. რატომ მოხდა ასე?

_ საზოგადოების ,,შუა გაკრეფილი ხალხის” რაოდენობა დაახლოებით 30 პროცენტია, რომელიც საკმაოდ სოლიდურ ძალას წარმოადგენს. მოდი, გადავხედოთ ბიძინა ივანიშვილის კადრებს, ეს ის ხალხია, რომლებიც ერთ დროს გამოგდებულია ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებიც გამოგდებულები იყვნენ მოქალაქეთა კავშირიდან ან იყვნენ მოქალაქეთა კავშირში. ჩვენ ვხედავთ მესამე-მეოთხე წრეზე წასულ ხალხს. ისინი მხოლოდ მაშინ განუდგნენ ,,ნაცმოძრაობას“, როდესაც სააკაშვილმა ისინი თანამდებობებიდან გაანთავისუფლა. თუნდაც მიმინოშვილი ავიღოთ, რომელიც რამდენი წელი ემსახურა სააკაშვილს, ამ ადამიანმა ნახა 2007 წლის ნოემბერი, 2009 წლის გაზაფხულის დემონსტრაციები, 2011 წლის 26 მაისი და ერთხელაც არ აღშფოთებულა, ხოლო ნავის ჩაძირვის საფრთხე რომ იგრძნო, სხვა ნავში დაუფიქრებლად გადახტა. სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც უღალატეს წინა მმართველ პარტიას, ახლა ახალ მმართველ პარტიასთან ერთად ხელისუფლებაში მოდიან. ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, ძნელია მათ ვენდო.

_ არსებობენ ისეთი პარტიები, რომლებიც არ მოიაზრებოდნენ არც ნაციონალურ მოძრაობაში, არც ბიძინა ივანიშვილთან. ამ პარტიების უმრავლესობის ლიდერებმა პოლიტიკური შვებულება აიღეს ან საერთოდ წავიდნენ პოლიტიკიდან . რატომ ვერ გავიდნენ მემარჯვენეები, ედპ , ქდმ?

_ პირველ რიგში ქდმ-ზე და ლეიბორისტებზე ვისაუბროთ, ვინაიდან ბარიერის გადალახვის ყველაზე მეტი შანსი მათ ჰქონდათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ციხის კადრები აჩვენეს, მათი ხმებიც „ოცნებამ“ წაიღო. მოდით გულახდილად ვთქვათ, პრაქტიკულად არჩევნები ჩატარდა 29 სექტემბერს. ეს ზღვა ხალხი ქუჩში გამოიყვანა „ოცნებამ“. იმ დღესვე გახდა ცხადი, რომ პარლამენტში სხვა პარტიების ადგილი აღარ დარჩებოდა.

_ საკმაოდ სერიოზული ფინანსური შესაძლებლობა ქონდა კუკავას პარტიასაც , რომელსაც რუსეთში მოღვაწე ქართველი ოლიგარქი აფინანსებდა, მაგრამ მან 1%-იც ვერ დააგროვა.

_დაფინანსების ოდენობასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მან თავად დაწერა, რომ შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდა, თუმცა მისივე საიტს თუ გადავხედავდით, ყოველთვიური შემოწირულობა იყო 150-200 ათას ლარამდე. მე ვფიქრობ, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს არ ჰქონდა საკმარისი ქარიზმა, რაც დღეს ქართული ელექტორატის მოთხოვნაა. მან პრორუსული მიმართულება დაიჭირა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ მას დასავლეთიდან არავითარი მხარდაჭერა არ გააჩნდა. კახა კუკავა პარლამენტში მოვიდა ნაციონალური მოძრაობის სიით და სააკაშვილთან განხეთქილებამდე აქტიურად იცავდა პროდასავლურ კურსს. როგორც ჩანს, ელექტორატის მეხსიერება არც ისე მოკლე აღმოჩნდა და ამიტომ საზოგადოების ნდობაც მის მიმართ ნაკლები იყო. სოციოლოგიურ კვლევებს თავისი წესები აქვს. თუ გახსოვთ, არც ერთ სერიოზულ გამოკითხვაში არ დაფიქსირებულა ‘თავისუფალი საქართველოს’ რეიტინგი ცალკე, და იგი ალბათ მოიაზრებოდა გრაფაში ‘სხვა პარტიები’. სამწუხაროდ არჩევნების შედეგებშიც ასე დაფიქსირდა – 1% აიღეს სხვა პარტიებმა.

რაც შეეხება ბატონ ალექსანდრე ებრალიძეს, მე შემიძლია მხოლოდ ერთი რამ გითხრათ დაბეჯითებით – ამ ადამიანს უყვარს თავისი სამშობლო, ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული თავისი თანამემამულეებისთვის და ვფიქრობ, რომ კუკავას პარტიის დაფინანსება სწორედ ამ პარტიის პრორუსულმა კურსმა განაპირობა. ბატონი ალექსანდრე არის მართალი და პირდაპირი კაცი. მახსოვს მის ერთ ინტერვიუში წერდა – მე ვარ ქართველი, მაგრამ ვარ რუსეთის მოქალაქე და რუსეთი ჩემი მეორე სამშობლოა. გასაკვირი არ არის რომ მას სურს ნორმალური ურთიერთობები იყოს ამ ორ ქვეყანას შორის, მით უმეტეს, რომ საქართველოს ჰაერივით სჭირდება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა და მე ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა ქვეყნის ლიდერისაგან ამდენი წლის შემდეგ პირველად გავიგეთ საიმედო სიტყვები. ჩვენი საზოგადოება 2008 წელს სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ამ ყინულის ლღვობისთვის შეეწყო ხელი. სხვათა შორის, სწორედ ბატონი ალექსანდრე ებრალიძე იყო თავიდან ის ერთადერთი ბიზნესმენი, რომელმაც რუსული ენის კურსების და რამდენიმე რუსულ-ქართული ლიტერატურული ალმანახის გამოცემა დაგვიფინანსა. და კიდევ, ზუსტად ერთი თვის წინ მისი ინიციატივითა და დაფინანსებით პეტერბურგში პეტრე ბაგრატიონის ძეგლი დაიდგა, რაც პრაქტიკულად რუსეთში ქართული საბრძოლო სულისთვის დადგმული ძეგლია.

_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ იყო პოლიტიკური კეკლუცობა კახა კუკავას მხრიდან, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილის ნავში გადასხა დაახლოებით 12 კანდიდატი, რომელიც არაფერში არ სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს.

_ ამაზე თავად ბიძინა ივანიშვილმა გასცა პასუხი და მე მეტს ვერაფერს დავამატებ. როგორც პრესაში გაჟღერდა, მრავალი მაჟორიტარი თვითონ გადავიდა „ოცნებაში“. კახა კუკავამ არჩევნების შემდეგ თავად განაცხადა, რომ ბარიერის გადალახვის იმედი არ ჰქონდა. სამწუხაროდ წინასაარჩევნო პერიოდში ვერ შეიქმნა რაიმე სერიოზული მესამე ძალა და შესაბამისად ეს მესამე ძალა არც პარლამენტში იარსებებს, ეს კი მკვეთრად პოლარიზებულს გახდის როგორც პარლამენტს, ისე საზოგადოებას. აქ ძალზე ფაქტიზი სვლების გაკეთებაა საჭირო, რომ რაიმე სერიოზული რყევების წინაშე არ აღმოვჩნდეთ და პარლამენტში დაპირისპირება ქუჩაში არ გადმოვიდეს.

_ ჩადგნენ თუ არა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში სხვა პარტიები, რომლებსაც, მოდი ვაღიაროთ, ჰყავს თავისი ელექტორატი, თუნდაც ქრისტიან დემოკრატები, ედპ, ან ლეიბორისტული პარტია? ყველა ერთად აღებული შესაძლოა იმაზე უფრო რეიტინგული ყოფილიყო, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. რა იყო ის ძირითადი შეცდომა, რომელიც ყველა პარტიამ ერთად და ცალცალკე დაუშვეს, რომლის გამოც მათ ვერ გადალახეს პროცენტული ბარიერი?

_ სამწუხარო რეალობა ჩვენ უკვე ბოლო 15 წელიწადია გვაქვს. ეროვნულ მოძრაობაში ფული ხალხს მიჰქონდა, საკუთარი გულის კარნახით. 1992 წლის პარლამენტში ფულით თითქმის არავინ იყო მისული. ეს მანკიერება 1995 წლიდან დაიწყო და თანდათანობით ისეთ აპოგეას მიაღწია, რომ დღეს უფულოდ და ფინანსური გარიგებების გარეშე არჩევნებს პოლიტიკური ძალა ვერ იგებს. რომ დაგიჯერონ, უნდა ჩანდე, ხოლო რომ გამოჩნდე – ფულია საჭირო. რაც მეტი დრო გადის, თანხებიც იზრდება. საქართველოში ჩვენი საზოგადოება ხშირად მხარს უჭერს არა პოლიტიკოსს, პროგრამას ან იდეას, არამედ ფინანსურად ძლიერ კანდიდატს. სამწუხაროდ ასეთი მოსაზრება არსებობს საზოგადოებაში, რომ თუ ადამიანი არის კარგი ბიზნესმენი და შოულობს ფულს, ესე იგი არის კარგი პოლიტიკოსიც. ანუ აქ პრობლემა პარტიებში კი არა, საზოგადოებაშია. ეს გამოწვეულია საზოგადოების დიდი ფენის სიდუხჭირით. მას ჰგონია, რომ თუ სათავეში იქნება შეძლებული ადამიანი, იგი იზრუნებს სხვათა სასიკეთოდ, და არა თავისი ოჯახის. ეს ილუზორული ხედვაა და საკმაოდ შორსაა პრაგმატული პოლიტიკისაგან. რაც შეეხება პარტიების მიერ დაშვებულ შეცდომას, ეს ალბათ ისევ არის დაქსაქასულობა. რამდენიმე მეტ-ნაკლებად წარმოჩენილი პარტია უნდა შეერთბულიყო და შეექმნა ბლოკი, რომლიც იმ 30 პროცენტიდან, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა, 10 პროცენტს მაინც დააინტერესებდა (და ეს რეალურად შესაძლებელი იყო) და პარლამენტში რაღაც ბუფერულ ძალას მაინც შექმნიდა.

_ როდესაც ნაციონალური მოძრაობა არის ოპოზიციაში, ქვეყნის მმართველი ძალა არის ქართული ოცნება და ქვეყნის პრეზიდენტი არის მიხეილ სააკაშვილი, ხომ არ გგონიათ რომ ეს შექმნის პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში , რომლის საფრთხის წინაშე დგას ქართული საზოგადოება?

_ რა თქმა უნდა ასეთი კრიზისი შესაძლოა მოხდეს, თუმცა საქართველოს, როგორც პატარა სახელმწიფოს, ნაციონალურ მოძრაობასაც და ქართულ ოცნებასაც, სხვა ძალები მართავენ. ძალზე აშკარად ჩანს შეერთებული შტატების ზეგავლენა. ეს ჩვენ კარგად დავინახეთ. თქვენ გინახავთ სადმე ამერიკის ელჩები ესწრებოდნენ მიტინგებს? ან გინახავთ, რომ გამოსულიყვნენ სენატორები და ამბობდნენ, ჩვენ ერთი თვეა ვიმყოფებით ქვეყანაშიო?. ბოლო აკორდი იყო სამხედრო გენერლების ვიზიტი ბატონ ივანიშვილთან. თუნდაც რიჩარდ ნორლანდის განცხადება, რომ სამეგრელო ცოტა რთული რეგიონია და აქ იმიტომ ვარო. გუბერნატორია თუ შინაგან საქმეთა მინისტრი? სხვა ქვეყნის ელჩი ამბობს ამას, მოვლენები რომ არ გაექცეთ ხელიდან. თუმცა ერთიც უნდა ითქვას (და ასეთი რამ დიდ პოლიტიკაში ხდება ხოლმე). შეიძლება აქ მხოლოდ ამერიკელები ჩანდნენ, მაგრამ რეალური ზეგავლენა სხვა ძალებისაც იყოს. პოლიტიკური დაძაბულობა დიდწილად იქნება დამოკიდებული როგორც ამერიკის, ისე იმ სხვა ძალების პოზიციაზეც, ვინაიდან, თუ ისინი გადაწყვეტენ რომელიმე პოლიტიკურ ძალას დაუჭირონ მხარი, ხვალ ლიდერი შეიძლება სრულიად ურეიტინგო პოლიტიკოსი გახდეს. ჩვენი ქვეყანა არც დამოუკიდებელია და არც თავისუფალი, თავი არ უნდა მოვიტყუოთ. ოტია იოსელიანს აქვს ერთი პატარა მოთხრობა. ერთი კაცი მეორეს ეკითხება, სუვერენიტეტი რა არისო. მეორე კი უხსნის, ლომის და ვეფხვის შუა რომ დგახარ, თავი რომელს შეაჭმევინო ამის უფლება რომ გაქვს, ესაა სუვერენიტეტი პატარა ქვეყნისთვისო. სხვათა შორის ეს მოთხრობა სამოცდაათიან წლებშია დაწერილი. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე დაზარალებული საქართველოა. მან დაკარგა თავისი ძირძველი კუთხეები, მეომრებთან ერთად დაეღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა. ომი ჰქონდა ჯერ საკუთარ ხალხთან (იმედია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზსა და ოსს ჭკუათამყოფელი ქართველი უცხოელად არ მიიჩნევს), შემდეგ კი ერთმორწმუნე რუსეთთან. ქვეყანას, დამოუკიდებლობიდან 22 წლის თავზეც კი არა აქვს დადგენილი საზღვარი თავის მეზობლებთან, თურქეთის გარდა, და ისიც რუსების გაკეთებულია, და ამ სახელმწიფოს პრეზიდენტი რვა წელიწადია გვიმტკიცებს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებული მთელ პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე და ლამის თურმე ევროკავშირის სახელმწიფოები სწავლობენ ჩვენგან ინსტიტუციების შექმნას. ხალხის რისხვა და დემონსტრაციები 2007 წელსაც მასშტაბური იყო და არც 2009 წელს იყო ნაკლები, მაგრამ ხალხს მაშინ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ არ დაუჭირა მხარი. აი ეს არის მწარე სიმართლე. ანუ, კრიზისი ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მსოფლიოს ამ ნაწილში დღეს სერიოზული კრიზისი, როგორიც გასული საუკუნის 90-იან წლებში გვქონდა, არ აწყობთ ე.წ. ძლიერ მოთამაშეებს.

_ არჩევნების შედეგად უკვე შეიკრიბა პარლამენტი, მაგრამ გვყავს ისეთი პარტიები,რომლებიც დარჩნენ თამაშგარე ვითარებაში. ზოგი პოლიტიკურ შვებულებაში წავიდა, ზოგმა ტაიმ-აუტი აიღო,ზოგი საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან. რა იყო ის ძირითადი შეცდომა, რის გამოც მათ არჩევნები წააგეს?

_ როგორც უკვე გითხარით, მათ ვერ შეძლეს გაერთიანება. დროულად ვერ აუღეს ალღო პოლიტიკურ მოვლენებს. სამწუხარო ფაქტია ის ,რომ პარტიის შესაქმნელად საჭიროა ფინანსები და არც ისე მცირე. დღეს ძალიან რთულია ხალხმა იდეით იმუშაოს და ამ იდეას მიჰყვეს. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეძლებს საქართველო რეალურ გაბრწყინებას, რეალურ გამარჯვებას, როდესაც მოვა პარტია ,რომელსაც ხალხი დააფინანსებს, და არა ვაშინგტონი, რუსეთი, ან ბრიუსელი. ვინაიდან, როდესაც პარტიას, რომელიმე ძალა ან ქვეყანა აფინანსებს, ის უკვეთავს მუსიკას . ეს არ გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალამ არ უნდა ითანამშრომლოს რომელიმე ქვეყანასთან. მაგრამ, როდესაც ესენი უკვე როგორც რეზიდენტები მოჰყავთ და თავიდანმე საქართველოს ფარგლებს გარეთ იგეგმება ამ ადამიანების მოყვანა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემა. ვფიქრობ, რომ პარტიებმა უფრო მეტი უნდა იმუშაონ იდეოლოგიურად. დღეს ძალიან დიდი დილემის წინაშე ვდგავართ, რადგან არ გვყავს ამომრჩეველი, რომელიც იდეის გამო ირჩევს ვინმეს.

_ საუბრობენ ქართული პოლიტიკის განვითარების მესამე გზაზე, მესამე პოლიტიკურ ცენტრზე. არის თუ არა ეს ეფექტური და პერსპექტიული გზა?

_ერთადერთი გზა, რასაც გვთავაზობენ ორივე პარტია, ოცნებაც და ნაციონალებიც, ესაა ატლანტიზმის გზა, ანუ ნატოში გაწევრიანება. არავინ საუბრობს საქართველოს ნეიტრალიტეტზე. სერიოზულად პრესპექტიული გზაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ დღეს და ხვალ მოხდება ეს და განხორციელდება, თუმცა ამაზე საუბარი შეიძლება. 15 წელიწადია ვსაუბრობთ ნატოზე. პერსპექტიულია ნატო? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ნატოში შესვლა რუსეთის თანხმობის გარეშე არ მოხდება. უფრო მეტიც, დღეს რუსეთს უფრო მჭიდრო კავშირები აქვს ნატოსთან, ვიდრე ჩვენ. უკვე მიდის საუბარი იმაზე, რომ ავღანეთის ოპერაციებში შეიძლება ჩერთოს დსთ-ის სამხედრო კომპონენტი, რომლის შემადგენლობაშიც რუსეთის გარდა კიდევ რამდენიმე სახლემწიფოა, მათ შორის ყაზახეთი და სომხეთი. აი მესამე ძალა უნდა გაერთიანდეს ნეიტრალიტეტის იდეის გარშემო. დარწმუნებული ვარ, ამ იდეის დრო მომწიფდება, სწორედ იმ ძალების ინტერესში შევა, რადგან ამ რთულ რეგიონში აუცილებელია არსებობდეს ისეთი კუნძული, როგორიც შვეიცარია იყო გასული საუკუნის ევროპაში.

_ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში რა მიმართულება ექნება ქვეყანას რუსეთთან მიმართებაში? ხედავთ თუ არა რეალურ კონტურებს?

-ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნებს რუსეთს, რომ საქართველოს ნატოში შესვლა რუსეთისთვის არის სასარგებლო, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ილუზიაა. რუსეთს აქვს თავისი გზა და საკუთარი პოლიტიკური ხედვა. თუ მის ხედვაში ჯდება საქართელოს ნატოში გაწევრიანება, ე.ი. შევალთ ნატოში, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საქართველოს რამეს შემატებს. ნატოს წევრმა საბერძნეთმა ისე დაკარგა კვიპროსი, რომ თურქეთისთვის ერთი თითი არ დაუქნევია არავის სერიოზულად. და ისევ გავიმეორებ, რომ ნატოს სერიოზული კავშირები აქვს რუსეთთან. სულ ორიოდე თვის წინ ნატოს ეგიდით ჩატარდა შეერთებული შტატების, კანადისა და რუსეთის სამხედრო ძალების წვრთნები წყნარ ოკეანეში. აქ უკვე კომენტარი ზედმეტია. რატომ უნდა „ეშინოდეს“ რუსეთს საქართველოს ნატოში შესვლის? ამითი შეიძლება მხოლოდ ბავშვი მოატყუო.

_ რუსეთის მხარე აცხადებს, რომ დეოკუპაციის კანონის გადახედვას არ აპირებს…

_ მე მგონი ცოტა ხანში რუსეთში დაიწყება სერიოზული საუბარი ევრაზიის კავშირზე. საქართველოს ევრაზიის კავშირში შესვლით შეუძლია, რთულად, თუმცა ღიად დაიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეს ჩემი მოსაზრებაა. აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსი ძალიან მიზერულია. ეს ტერიტორიები არ დაკარგულა ერთ დღეში და ასევე ერთ დღეში რა თქმა უნდა, ვერ დავიბრუნებთ, თუმცა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ შევალთ ნატოში და ამით დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ოსეთს, არის ალოგიკური, რადგან რუსეთი პირდაპირ გვეუბნება, რომ ისინი არ დაუშვებენ თავიანთ საზღვრებთან ნატოს გაფართოებას. ესეც მათი მხრიდან საბაბია და არა მიზეზი. მიზეზები კი იმდენად ღრმაა, რომ მათზე საუბარი ერთ ინტერვიუში ალბათ შეუძლებელია.

ნანა ნიაზაშვილი