ერეკლე მეორის საზოგადოება აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივას იზიარებს

ერეკლე მეორის საზოგადოება მხარს უჭერს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ინიციატივას, რათა ჩატარდეს პლებისციტი ბათუმში აზიზეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავსშირებით. ამასთანავე, ერეკლე მეორის საზოგადოებას მიუღებლად მიაჩნია პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის დამოკიდებულება, რომელიც მან გამოხატა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიმართ, სადაც აზიზეს მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგენი იაფფასიან პიარ-კამპანიაში დაადანაშაულა.

 

 

ბატონი ნუგზარისთვის ალბათ ცნობილია, რომ აზიზეს მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგენი მხოლოდ პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები არ არის. ამ მშენებლობის წინააღმდეგია ასევე საქართველოს საპატრიაქო, წმინდა სინოდი და მთელი მართლმადიდებელი მრევლი, რაც რამდენიმე დღის წინათ ბათუმში ჩატარებულმა აქციამაც დაადასტურა. ამ აქციაში, მართლმადიდებელ მრევლთან ერთად, მუსულმანმა მოქალაქეებმაც მიიღეს მონაწილეობა. აზიზეს მეჩეთის მშენებლობა დაგმო ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ. სამწუხაროა, რომ ეპარქიის წინამძღვრის მოწოდების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს საპატრიარქოსა და ხალხის უმრავლესობის ნების გარეშე ააშენოს მეჩეთი ბათუმში. ეს დემოკრატიული პრინციპების დარღვევაცაა, როდესაც ხელისუფლება აშკარად მიდის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ.

ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებისთვის ასევე მიუღებელია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ბატონ ზურაბიშვილის განცხადება, სადაც იგი მეუფე დიმიტრისა და საპატრიარქოს პოზიციის წინააღმდეგ გამოვიდა. მან სულტან აზიზი არა დამპყრობელად, არამედ ლამის ეროვნულ გმირად შერაცხა.

ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები თხოვნით მიმართავენ ყველას, ვისაც ევალება ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ყურად იღონ ქართველი ხალხის ნება და არ დაუშვას ბათუმში სულტან აზიზეს მეჩეთის მშენებლობა. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაჭრაში ჩაერთვება საქართველოს პრეზიდენტი და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

სამწუხაროდ, ბოლო წლების პრაქტიკა უჩვენებს, რომ საპროტექსტო აქციებს საქართველოში რაიმე შედეგი არ მოაქვს. სწორედ ამიტომ გონივრულად მიგვაჩნია პლებისციტის ჩატარება და მოვუწოდებთ ყველა დეპუტატს, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლებიდან, დააყენონ ეს საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე და თითოეულმა მათგანმა გადაწყვეტილება მიიღოს საკუთარი სინდისის და ჩვენი სახელოვანი წინაპრების ხმების კარნახით.

ერეკლე მეორის საზოგადოება