ერეკლე მეორის საზოგადოება პუტინის განცხადებას მიესალმება

ერეკლე მეორის საზოგადოება მიესალმება რუსეთის პრემიერის განცხადებას,  რომელიც მან წამყვანი მედიასაშუალებების რედაქტორებთან შეხვედრაზე გააკეთა.

კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი მზადაა რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობების განმუხტვის გზები ქართულ საზოგადოებასთან ერთად  ეძებოს.

`მრავალი ცილისწამების მიუხედავად (კრემლის მსახურები, ფსბ-ს აგენტები), ერეკლე მეორის საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მიაჩნია, რომ სახალხო დიპლომატიის განვითარებისთვის უკვე არსებობს კარგი საფუძველი, მათ შორის ქართული დიასპორის მეშვეობითაც, რაზედაც მიუთითებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი.

 

ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებს სჯერათ, რომ ყველა, ვინც მოღალატედ აცხადებს რუსეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულების აღდგენის მხარდამჭერებს, ან თავად არიან მოღალატეები, ან არასწორად ესმით გეოპოლიტიკა და რუსეთის როლი ევრაზიის კონტინენზე, მით უმეტეს, კავკასიაში.  ეს ის ადამიანები არიან, ვისაც სურთ საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იხილონ ევროატლანტიკურ ალიანსში.

ერეკლე მეორის საზოგადოებას მიაჩნია, რომ აუცილებელია ქართული საზოგადოება გამოეხმაუროს რუსეთის პრემიერ მინისტრის ინიციატივას, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლებასთან საერთო ინტერესების გამოძებნის შემთხვევაში შესაძლოა შეიქმნეს საფუძველი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადასაჭრელად და ქვეყნის რეალური ეკონომიკური წინსვლისთვის, რაც ყველა ჭეშმარიტი ქართველის სანუკვარი ოცნებაა. დღეს საქართველოს სჭირდება სწორი პოლიტიკური ვექტორების შერჩევა და ჩრდილოეთის ვექტორმა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს. ორი ერთმორწმუნე ერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იზიარებდა ერთურთის ჭირსა და ლხინს, ჭეშმარიტად იმსახურებს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ღირსეულ ურთიერთობებს~, _ ნათქვამია ერეკლე მეორის საზოგადოების განცხადებაში.