რუსული ენის კურსები გრძელდება

ახალი სასწავლო წლიდან მრავალი რუსული სკოლა და კლასი აღარ იფუნქციონირებს. ისინი დაიხურა იმ მიზეზით, რომ მათზე მოთხოვნა არ არის. ერეკლე მეორის საზოგადოებაში კი უკვე მესამე დღეა არ წყდება რუსული ენის შესწავლის მსურველთა ნაკადი.

ამ ორგანიზაციაში პირველი კურსები ჯერ კიდევ 2010 წლის იანვარში გაიხსნა. ისინი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა. პედაგოგები ლექციებს ანაზღაურების გარეშე ატარებდნენ. პროექტის – „ცოდნა საუკეთესო ხიდია“ მეორე ეტაპი დააფინანსა გამოჩენილმა ქართველმა მეცენატმა, პეტერბურგელმა ბიზნესმენმა და საზოგადო მოღვაწემ ალექსანდრე ებრალიძემ. მიმდინარე წელს ფონდმა „რუსკი მირ“ დააკმაყოფილა ერეკლე მეორის საზოგადოების განაცხადი და გამოყო გრანტი ექვსთვიანი პროექტის განსახორციელებლად, რომლის ფარგლებშიც მსურველები შეისწავლიან რუსულ ენასა და ლიტერატურას. რუსული ენისა და ლიტერატურის გარდა მსმენელებს წაუკითხავენ ლექციებს რუსეთის ისტორიისა და კულტურის საკითხებზე, ასევე ღვთისმეტყველებას.

 

2პროექტის ფარგლებში კურსებს გაივლის 100 ახალგაზრდა. გასაუბრების შედეგად დაკომპლექტდა 5 ჯგუფი. მეცადინეობები ხვალიდანვე დაიწყება. ხოლო დღეს, 1 სექტემბერს, ცოდნის დღეს, ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისში შეიკრიბნენ მსმენელები, პედაგოგები, ორგანიზაციის აქტივისტები და პრესის წარმომადგენლები.

არჩილ ჭყოიძე, ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე: „მოთხოვნა ძალიან დიდია. რუსული ენის ცოდნა აუცილებელია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობისთვის, განსაკუთრებით ჩვენს უშუალო მეზობლებთან. ხოლო უმდიდრესი რუსული ლიტერატურის გარეშე ალბათ ძნელია ვისმეს ჰქონდეს პრეტენზია ინტელექტუალის ტიტულზე.

ჩვენ მადლობას ვუცხადებთ ფონდ „რუსკი მირის“ ხელმძღვანელობას ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. ფონდი ეხმარება რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსულენოვან ორგანიზაციებს რუსული ენისა და კულტურის განვითარებაში. დღეს საქართველოში ბევრია რუსული ენის შესწავლის მსურველი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კურსები გავაფართოვეთ, მაინც ვერ ვახერხებთ ყველა მსურველის მიღებას. ვფიქრობთ, რომ სწავლების პროცესი ძალზე საინტერესო იქნება.

ბორის მანჟუკოვი, რუსეთის ისტორიის პედაგოგი: „უპირველეს ყოვლისა მინდა ყველას მივულოცო სწავლების დაწყება. ვფიქრობ, რომ რუსეთის ისტორიის ცოდნამ შეუძლია ხელი შეუწყოს რუსული ენის შესწავლის პროცესს, ასევე სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე საუკუნეების მანძილზე. ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები ამ ორმა ერმა ერთად გაიარა და ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ ვიცოდეთ მართალი ისტორია“.

3მამა კონსტანტინე, ღვთისმეტყველების პედაგოგი: „ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა იცოდნენ რუსული მათლმადიდებლური ეკლესიის ისტორია. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ რუსეთთან გვაკავშირებს ძალიან ბევრი რამ, განსაკუთრებით კი მართლმადიდებლური ეკლესია“.

4რუსული ენის პედაგოგმა, ირმა გოგიაშვილმა, დასმწრეთ გააცნო სწავლების პროგრამა და ახალი მეთოდიკა. მას ამაში დაეხმარა ის მდიდარი მეთოდური მასალა, რომელიც ერეკლე მეორის საზოგადოების წარმომადგენელს გადასცეს რუსული ენის პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა მოსკოვში ფონდ „რუსკი მირისა“ და რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის მიერ. ქალბატონმა გოგიაშვილმა დამსწრეთ გააცნო ფონდ „რუსკი მირის“ აღმასრულებელი დირექტორის, ვიაჩესლავ ალექსის ძე ნიკონოვის წერილი, რომელიც მან კურსების ორგანიზატორებსა და მსმენელებს გამოუგზავნა. „… თქვენი პროექტის სახელწოდება სრულად ასახავს მის ღრმა არსს, – სწორედ ცოდნა, ობიექტური და პატიოსანი ინფორმაცია ქმნის საიმედო საფუძველს ურთიერთპატივისცემისთვის, ურთიერთთანაგრძნობისთვის, მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის ჩვენს ხალხებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ კურსების საქმიანობა მსმენელებს საშუალებას მისცემს სრულად შეაფასონ რუსული ენისა და კულტურის სიმდიდრე და უდიდესი შესაძლებლობები. … ფონდი „რუსკი მირ“ მხარს უჭერს კურსების ორგანიზატორთა საგანმანათლებლო საქმიანობას და დარწმუნებულია, რომ მათი საქმიანობა მოემსახურება მშვიდობის მაღალ ჰუმანურ იდეალებს, განათლებასა და მეგობრობას“.

ჩვენ, ამ პროექტის ორგანიზატორები, ვიმედოვნებთ, რომ პროექტის ეს ეტაპი, წინა ეტაპების მსგავსად წარმატებული იქნება. და რაც მთავარია, მოიძებნებიან სხვა სპონსორებიც, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდა მსმენელებს საშუალებას მისცემენ არა მხოლოდ შეისწავლონ რუსული ენა, არამედ ეწვიონ რუსეთს და გაიცნონ თავიანთი თანატოლები რომელიმე ახალგაზრდულ ბანაკში. ჩვენ ძალზე გვჭირდება ასეთი ცოცხალი შეხვედრები!

მაია ხინჩაგაშვილი

პროექტის „ცოდნა საუკეთესო ხიდია“ კოორდინატორი