იჩქარეთ თესოთ სიკეთე…

ერეკლე მეორის საზოგადოება აგრძელებს საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებულ საქველმოქმედო აქციებს. ნათლიღების დღესასწაულის დადგომამდე საზოგადოების თავჯდომარე არჩილ ჭყოიძე და საზოგადოების წევრები მრავალშვილიან ოჯახებს ეწვივნენ და მათ სადღესასწაულო საჩუქრები-სურსათი და ტკბილეულობა მიართვეს.

ელენე არავინა – კურსინას ოჯახი რუსთავში ცხოვრობს. ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები პირველად სწორედ მათთან მივიდნენ. თავად ქალბატონი ლენა 50 წლისაც არ არის. მას 8 შვილი ჰყავს. უფროსი გოგონა, გალინა, 27 წლისაა, ხოლო უმცროსი ვაჟი, ვლადიმი, მხოლოდ ოთხის. მას ასევე სამი შვილიშვილიც ჰყავს. და ყველანი ერთად ცხოვრობენ. ვლადიმი სულ რამდენიმე თვის იყო, როდესაც მამამისი, ვლადიმერი გარდაიცვალა. ლენა მასზე საუბრისას ახლაც ვერ იკავებს ცრემლებს. ამბობს, რომ იგი ძალიან კარგი ადამიანი იყო, რომელსაც იცნობდნენ და პატივს სცემდნენ ქალაქში, როგორც ცნობილ სპორტსმენსა და მწვრთნელს. მწვრთნელის ხელფასი დიდი არ იყო, მაგრამ ვლადიმერი მაშინ ერთადერთი იყო ოჯახში, რომელსაც მუდმივი სამუშაო ჰქონდა. მისი ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ რა თქმა უნდა ოჯახს უფრო გაუჭირდა. მაგრამ ელენა არავინა-კურსინას არასდროს არ უნანია ამდენი შვილი რომ ჰყავს.

 

- მე და ვლადიმერს რამდენიმე წელი შვილი არ გვყავდა, – იხსენებს იგი. – მე დიდ ხანს ვმკურნალობდი. და როდესაც ბოლოს გალინა დაიბადა, მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ იმდენი შვილი გვყოლოდა, რამდენსაც ღმერთი მოგვცემდა. მე მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ამ ჩემს ბედნიერებას არანაირ სიმდიდრეზე არ გავცვლი. რა თქმა უნდა, ზოგჯერ გვიჭირს, მაგრამ ვისთვის არის დღეს საქართველოში ცხოვრება ადვილი? როგორღაც ვუმკლავდებით. გალინა მუშაობს. უფროსი ვაჟი დროდადრო შოულობს სამუშაოს. არც მე ვზივარ ხელებდაკრეფილი, არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობ – ზოგს სამეურნეო საქმიანობაში ვეხმარები, ბინებს ვალაგებ, იატაკებს ვწმენდ და გასამრჯელო სახლში მომაქვს. გასავალი რათქმაუნდა ბევრი გვაქვს, ფულს კაპიკებით ვითვლით, ყველაფერზე ეკონომიას ვაკეთებთ. ფასები ხომ მუდამ იზრდება. განსაკუთრებით სასწავლო წლის დასაწყისში გვიჭირს, როდესაც ბავშვები სკოლისთვის უნდა მოვამზადოთ, უძვირესი სახელმძღვანელოები უნდა შევუძინოთ. მაგრამ რას იზამ, ბავშვებმა უნდა იმეცადინონ, ფეხზე უნდა დადგნენ.

სახელმწიფოს დახმარება, როგორც იტყვიან, მიზერულია. ოჯახი სოციალურ დახმარებას ღებულობს, როგორც სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახი, ასევე 20 ლარს ყველა არასრულწლოვან ბავშვზე. რაიმე შეღავათებით არ ვსარგებლობთ. მოკლედ, ბევრს ვერაფერს გააკეთებ. თუმცა დიდი ხანია მივეჩვიეთ მხოლოდ საკუთარი ძალების იმედზე ყოფნას. ელენა ამბობს, რომ ერთადერთი, რასაც იგი ხელისუფლებას სთხოვს, ბინის საკითხის გადაწყვეტაა. არა, მას სასახლე არ სჭირდება, მხოლოდ იმ ფართის დაკანონება სურს, რომელშიც ცხოვრობს. საქმე იმაშია, რომ ოჯახი დიდხანს ცხოვრობდა ელენას დედასთან და ძმასთან ერთოთახიან ბინაში. 12 წლის წინ მრავალშვილიან ოჯახს მეტალურგიული კომბინატის ყოფილ საერთო საცხოვრებელში გამონთავისუფლებული ფართობი გამოუყვეს. თავიდან ორი ოთახი მისცეს, შემდეგ – კიდევ ორი. საკუთარი ხელებით მოაწესრიგეს საცხოვრებელი, ჩასვეს ფანჯრის ჩარჩოები და მინები, დააგეს იატაკი, შეათეთრეს ჭერი, გააკრეს შპალერი. აი ამ ოთხ ოთახში ცხოვრობს დღეს ელენა ბავშვებთან და შვილიშვილებთან ერთად. თუმცა უკვე მერამდენე წელია ბინას საკუთრებაში ვერ იფორმებს, როგორც მას ეუბნებიან, რაღაც უწყებათაშორისი შეუთანხმებლობის გამო. მას თავად კარგად არც ესმის რაშია სინამდვილეში საქმე.

- ჩვენ უარს არავინ გვეუბნება, – გვიყვება ელენა, – მაგრამ არც არავინ გვიწყობს ხელს. მუდამ გვეუბნებიან: შემდეგ მოდით! ეს უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ჩვენ ძალიან ვნერვიულობთ ასეთი გაუგებრობის გამო. ყველა სხვა შემთხვევაში სხვებზე ცუდად არ ვცხოვრობთ. გარშემომყოფთ ზოგჯერ უკვირთ, რომ მე, წარმოშობით რუსი ქალი, რუსეთში არ წავედი. მე არ შემიძლია აქედან სადმე წასვლა. არ მიყვარს მაღალფარდოვანი სიტყვები, მაგრამ მე მართლაც საქართველოს პატრიოტი ვარ. ეს მრავალეროვნული ქალაქია, ერთმანეთს ყველა კარგად ეპყრობა. რა თქმა უნდა, შეიძლება წასვლაც მოგვიწიოს, თუკი მართლაც გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნება. მაგრამ მე ეს ნამდვილად არ მინდა. მე, როგორც რუს ადამიანს, მაწუხებს რუსებისა და ქართველების ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებსა და ერთმორწმუნე ხალხებს შორის აღდგება კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები.

ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები ალენა დრიაევასაც ეწვივნენ. იგი თბილისში დაიბადა, ეროვნებით ოსია. ქართველზე გათხოვდა და მასთან გადავიდა მცხეთაში საცხოვრებლად. დღეს ალენას სამი ვაჟი ჰყავს, სამივენი სკოლის მოსწავლეები არიან – ნოდარი, გიორგი და ლაშა. მათი გაზრდა მშობლებს უჭირთ, ორივენი უმუშევრები არიან.

- ჩემს ქმარს ყველაფერი ეხერხება, თითქმის ყველა სამშენებლო პროფესია იცის – შესანიშნავი მებათქაშეა, მაგრამ მთელი დღე „ბირჟაზე“ დგას იმის იმედით, რომ რაიმე შეკვეთას მისცემენ – ამბობს ქალი. – ზოგჯერ კარგ გასამრჯელოს აძლევენ. უფრო ხშირად ეძახიან ვინმესთან შეშის დასაჩეხად ან ავეჯის გადასატანად. ზოგჯერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არანაირი სამუშაო არ გამოუჩნდება ხოლმე. ახლა, იანვრის დღესასწაულებზე, სწორედ ასეთი პერიოდია. ამიტომ თქვენი საჩუქარი ჩვენთვის დიდი დახმარებაა. მეც მიწევს უსაქმოდ ყოფნა. მაღაზიაში ვმუშაობდი, მაგრამ დაიკეტა. ახალ სამუშაოს ჯერ ვერ ვპოულობ.

ეს ოჯახი სახელმწიფოსაგან არანაირ დახმარებას არ ღებულობს. უფროსი შვილი, რომელიც ფეხბურთზე დადიოდა და პერსპექტიულ სპორტსმენადაც ითვლებოდა, იძულებული გახდა ვარჯიშისთვის თავი დაენებებინა, რადგან მშობლებს ყოველთვიურად 50 დოლარის გადახდა არ შეეძლოთ. ამ წელს ვაჟი სკოლას ამთავრებს და ალენაც სერიოზულად ნერვიულობს, არ უნდა მისმა ვაჟმა საქართველოში უმუშევართა რიგები გაზარდოს.

მისი კიდევ ერთი საზრუნავი ქართულ-ოსური ურთიერთობებია. მას ჰყავს უახლოესი ნათესავები ცხინვალში, ვლადიკავკაზში. გასაგები მიზეზების გამო მას მათი მონახულება არ შეუძლია.

- როდესაც ვთხოვდებოდი, – ამბობს იგი, – არავის არ გაჰკვირვებია, რომ ჩემი რჩეული ქართველი იყო. ჩვენ ძალიან დაახლოებული ერები ვართ, და უცებ მტრებად ვიქეცით. უბრალო ხალხი ამაში რა თქმა უნდა დამნაშავე არ არის. ეს დიდი პოლიტიკაა. მის დეტალებში მე ვერ ვერკვევი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობები რომ ყოფილიყო, ცხინვალში არავითარი ომი არ იქნებოდა. მე ვმსჯელობ როგორც უბრალო ადამიანი. საჭიროა კარგი ურთიერთობები ყველასთან, უპირველეს ყოვლისა – უახლოეს მეზობელთან. მაშინ შენს სახლშიც ყველაფერი წესრიგში იქნება.

ერეკლე მეორის საზოგადოებისაგან საჩუქრები ძეგვის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმაც მიიღეს. ამ სახლს გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერი უწევს მზრუნველობას. „დიდი მადლობა თქვენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას ბავშვებისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და ზრუნვისათვის – სტუმრებს მადლობა გადაუხადა მონასტერის იღუმენიამ, დედა მარიამმა. – ჩვენი აღსაზრდელებისათვის ნებისმიერი ყურადღება ძალზე დიდი დახმარებაა“.

- ერეკლე მეორის საზოგადოება, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ გააგრძელებს სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას. – თქვა არჩილ ჭყოიძემ. – მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ ამ ადამიანებს ვეხმარებით ჩვენი საზოგადოების წევრთა შემოწირულობით, და არა იმ რაღაც გრანდიოზული თანხებიდან, რომელსაც თითქოსდა ვიღაცეები გვაძლევენ, როგორც ამის წარმოჩენას მასმედია ცდილობს. სამწუხაროდ ჩვენთან სახელმწიფო საკუთარ პიარზე უფრო ზრუნავს, ვიდრე ქვეყნის მოქალაქეებზე. ამიტომაც საქართველოს მთავრობას ძვირადღირებული კონცერტების ჩატარება ურჩევნია უმძიმესი სოციალური პრობლემების მოგვარებას. არავინ არის წინააღმდეგი მსოფლიოს გამოჩენილი მსახიობების გამოსვლებისა. მაგრამ სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, ხალხის კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს. საქართველოში ერთი მხრივ მძიმე დემოგრაფიულ სიტუაციაზე საუბრობენ, ხოლო მეორე მხრივ, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, არავინ არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად, გარდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და ქართული სამღვდელოებისა. ასეთ სიტუაციაში მინდა მოვუწოდო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, კომერციულ სტრუქტურებს, როგორც ქართულს ისე უცხოურს, მათ შორის რუსეთის, აქტიურად ჩაერთონ საქველმოქმედო საქმიანობაში, რომელიც რეალურადაა მიმართული საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ.

დევი ბერძენიშვილი

გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ ჟურნალისტი