ქართველი ახალგაზრდები კვლავ ივლიან ცოდნის ხიდზე

ფართო საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ 2010 წლის იანვრიდან ივნისამდე, ერეკლე მეორის საზოგადოებამ, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის, ბატონ ალექსანდრე ებრალიძის პირადი შემოწირულობისა და კონგრესის თბილისის ფილიალის მზარდაჭერით წარმატებით განახორციელა პროექტი „ცოდნა საუკეთესო ხიდია“. ამ პროექტის ფარგლებში 100-მდე ახალგაზრდამ, და არა მხოლოდ ახალგაზრდამ, რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსები გაიარა. მსმენელთა პირველ ნაკადს სერტიფიკატები გადაეცათ ივლისის თვის დასაწყისში.

 

 

პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ პირველი ნაკადის დასრულების დღიდან, როგორც ერეკლე მეორის საზოგადოებაში, ისე საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის ოფისში, ზარები ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებშიც არ შეწყვეტილა. საბოლოოდ მსურველთა რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია.

ერეკლე მეორის საზოგადოებამ დახმარებისათვის კვლავ საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესს მიმართა. ამჯერად შეიქმნა ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკომპლექტდა რუსული ენის შემსწავლელი 5 ჯგუფი და ქართული ენის შემსწავლელი ერთი ჯგუფი (სამწუხაროდ მეტის საშუალებას საკლასო ოთახების რაოდენობა და ამ პროექტისთვის გამოყოფილი თანხები არ იძლევა). დაიგეგმა პროექტის პრეზენტაციის დღე, 16 სექტემბერი, რამეთუ 15 სექტემბერს საქართველოში სასწავლო წელი იწყება და კურსების გახსნაც მისმა ორგანიზატორებმა სწორედ ამ დღეს დაუკავშირეს.

რუსეთ-საქართველოს შორის არსებული მძიმე ურთიერთობების მსხვერპლი ამ კურსების მსმენელები და მისი ორგანიზატორებიც აღმოჩდნენ. კურსების გახსნაზე დასწრების სურვილი გამოთქვა რუსეთის დუმის წევრმა, ბატონმა სერგეი ალექსანდრეს ძე მარკოვმა და სტრატეგიული განვითარების მოდელირების ცენტრის ვიცე პრეზიდენტმა, ბატონმა გრიგორი პავლეს ძე ტროფიმჩუკმა, რომლებიც საქართველოში სულ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდიოდნენ, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არ იყო. ბატონ ტროფიმჩუკს მსმენელებისთვის პირველი ლექცია უნდა წაეკითხა. სამწუხაროდ არც ერთი და არც მეორე საქართველოში არ შემოუშვეს. ბატონი ტროფიმჩუკი უკვე თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, აეროპორტიდანვე გააბრუნეს უკან, ხოლო ბატონ მარკოვს შესაბამისმა სამთავრობო უწყებამ ჩამოსვლამდე აცნობა, რომ მას უარი უთხრეს საქართველოს ვიზის მიღებაზე.

ალბათ ყოველივე ამის გამო კურსების გახსნას მართლაც აკლდა საზეიმო ელფერი. რუსული ენის შესასწავლად მოსული ახალგაზრდებისთვის ეს პირველი დაბრკოლება იყო მათ მიერ გაკეთებული არჩევანისთვის. მათ თავიდანვე აგრძნობინა ხელისუფლებამ, რომ იმ ენას არ სწავლობენ, რომელზედაც საქართველოს მთავრობას აქვს აღებული ორიენტაცია. თუმცა მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამის მიუხედავად, არც ერთ მათგანს არ შეუცვლია აზრი.

შეხვედრა ჩატარდა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის ოფისში. მსმენელებს მიესალმენ: საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის დირექტორი, ქალბატონი ნანა ჯაფარიძე; ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე, ბატონი არჩილ ჭყოიძე; პუშკინის საზოგადოების თავმჯდომარე, ბატონი მიხეილ აიდინოვი; ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, კურსების რუსული ენის პედაგოგი, ქალბატონი ირმა გოგიაშვილი.

პროექტის კოორდინატორმა, ქალაბტონმა მაია ხინჩაგაშვილმა მსმენელებს გააცნო მეცადინეობის გრაფიკი და კურსების შინაგანაწესი. მეცადინეობა ყველა ჯგუფში მომდევნო ორშაბათიდან დაიწყება. წარმატება ვუსურვოთ ყველას, ვისაც ცოდნით სურს ხიდის გადება ორ მოძმე ერს შორის.

თათა ჩილოჩავა

კურსების მსმენელი