ევრაზიული მოძრაობის ინიციატივა

ცხრა ივლისს პორტალზე “გეოპოლიტიკა”  (http://geopolitika.ru/News/4376/) გამოქვეყნდა შემდეგი სახის განცხადება:

“ოსები და ქართველები მალე შერიგდებიან
გამოქვეყნებულია 2010-07-09 17:39:31

ევრაზიული მოძრაობა მხარს უჭერს რუსეთის პრემიერ მინისტრის განცხადებას, რომელიც მან პოკლონის მთაზე გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ქართველებმა და ოსებმა თავად უნდა გამოძებნონ საერთო ენა, რომელიმე მესამე მხარის უხეში ჩარევის გარეშე.

 

 

ევრაზიის მოძრაობა გულწრფელადაა მოწადინებული ხელი შეუწყოს ასეთ დიალოგს სახალხო დიპლომატიის დონეზე, რამეთუ ჩვენ ვთანამშრომლობთ სვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციედბთან, როგორც ცხინვალში, ისე თბილისში.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ საწყის ეტაპზე ორივე მხარეს შეიძლება მოიძებნოს სამოქალაქო ორგანიზაციები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ერეკლე მეორის საზოგადოება და დავით სოსლანის საზოგადოება, რომლებიც არასოდეს გამოსულან ერთურთის წინააღმდეგ და დელიკატური და ურთიერთმისაღები მეთოდებით ცდილობდნენ საერთო ენის გამონახვასა და ადრინდელი ურთიერთობების აღდგენას საერთო კეთილდღეობის მიზნით.

ამ ორგანიზაციებმა მრავალჯერ განაცხადეს, რომ ისწრაფვიან ოსებსა და ქართველებს შორის პირდაპირი ურთიერთობების დამყარებისკენ.

ევრაზიული მოძრაობა მათ სთავაზობს დახმარებას ურთიერთობების დამყარებაში და დარწმუნებულია, რომ როგორც კი პირველი ყინული გალღვება, ისინი თავად შეძლებენ დიალოგის გაგრძელებას უფრო არსებით დონეზე.”

ერეკლე მეორის საზოგადოება დიდად აფასებს მისი მეგობრების ნდობას და მათ მზადყოფნას დახმარება გაუწიონ ქართულ საზოგადოებას პირდაპირი კონტაქტების დამყარებაში სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან, ჩვენს ოს ძმებთან.

სრული ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენ არასოდეს გამოვსულვართ არც ოსი და არც რუსი ხალხის წინააღმდეგ.  უბედურება, რომლის გამოვლაც ჩვენ ყველას მოგვიხდა, არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის, ან, მით უმეტეს – ერთი ხალხის ბრალი.  ახლა არ ღირს წარსულისკენ ყურება, დაე ეს გააკეთონ კომპეტენტურმა მეცნიერებმა და ისტორიკოსებმა, ხოლო ჩვენ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ არსებული სრულიად არანორმალური მდგომარეობის გამოსწორებისათვის, რომელიც შეიქმნა ერთი მხრივ ქართველებსა და ოსებს, ხოლო მეორე მხრივ – ქართველებსა და რუსებს შორის.

ჩვენ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ ევრაზიული მოძღაობის ლიდერისა და მისი მთავარი იდეოლოგის, ბატონიალექსანდრე დუგინის მიმართ.  ბოლო ორი წლის განამვლობაში ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მის გამოსვლებს, ლექციებს, პუბლიკაციებს, მთლიანად მის საქმიანობას და მივხვდით, თუ რატომ უქმნიან მას მტრის, არაკეთილმოსურნის იმიჯს ზოგ სახელმწიფოში, მათ შორის – საქართველოშიც.  ბატონი დუგინი, ევრაზიული მოძრაობის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, იბრძვის ეროვნული ტრადიციების, მართლმადიდებლობის, ერის პატიოსნებისა და ღირსების შენარჩუნებისთვის.  ჩვენ ვერ ვიპოვეთ ბატონი დუგინის ვერც ერთი განცხადება, ვერც ერთი პუბლიკაცია, სადაც იგი არაობიექტურად აფასებდეს საქართველოს, მის ხალხს ან ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას.  თუ ადამიანი პირდაპირ გეუბნება სიმართლეს, თუნდაც არასამაამებელს, ასეთი ადამიანი ნამდვილი მეგობარია, მეგობარი ხომ ის არ არის ვინც ერთი ხელით მიგიტყუებს და საკენკს გადმოგიყრის, ხოლო მეორეთი ყველა ჩვენს სიწმინდეს ანგრევს.  ჩვენ ასევე მადლობელი ვართ ბატონი პავლე კანიშევის, ევრაზიის ახალგაზრდული კავშირის ლიდერის, ჩვენს ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.  ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მეგობრები რუსეთიდან ყველაფერს გააკეთებენ მშვიდობისა და მეგობრობის განმტკიცებისთვის რეგიონში, რომელიც ესოდენ რთულია, მაგრამ ერთი მარტივი სახელი ჰქვია – კავკასია.

ერეკლე მეორის საზოგადოება სიამოვნებით ღებულობს ევრაზიული მოძრაობის წინადადებას და გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს თავის კოლეგებს ცხინვალში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელსაც ჩვენი მეგობრები შემოგვთავაზებენ ევრაზიული მოძრაობიდან.