თუ ,,კავკასია” დემოკრატიული ტელევიზიაა, განსხვავებული აზრის გამოთქმის საშუალებას რატომ არ გვაძლევს?

17 ივნისს 12 საათზე ქაშუეთის ეკლესიიდან საპატრიარქომდე გაიმართება აქცია, რომლის მიზანია ტელეკომპანია ,,კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის შედეგად დაპატიმრებული ახალგაზრდების განთავისუფლება. ამის გამო რამდენიმე კითხვით მივმართეთ ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარეს არჩილ ჭყოიძეს.
- ბატონო არჩილ, ერთმანეთთან აიგივებენ სახალხო მართლმადიდებელ მოძრაობასა და ამ 8 დაკავებულ ადამიანს. იქნებ განგვიმარტოთ, რა მიზანს ისახავს ეს აქცია და ვინ მონაწილეობენ მასში?

 


 - 17 ივნისს დაგეგმილი აქციის მიზანია იმ 8 დაპატიმრებული ადამიანის განთავისუფლება, რომლებიც ციხეში სხედან მხოლოდ იმის გამო, რომ დაუპირისპირდნენ უფლისა და ჩვენი წინაპრების მგმობელებს. ქვეყანაში სხვადასხვა კატეგორიის პატიმარი არსებობს – პოლიტპატიმრები, უკანონო პატიმრები, ისეთნი, მცირე დანაშაულის გამო რომ იხდიან 10, 12, 15 – წლიან სასჯელს. მაშინ, როდესაც მკვლელები პირდაპირ პრეზიდენტის შეწყალებით გამოდიან ციხეებიდან. ასეთ ფონზე გაგვიჩნდნენ ახალი – მართლმადიდებლობის გულისთვის დაპატიმრებული ადამიანები.
 მრავალ გაზეთსა და ჟურნალში, ასევე სატელევიზიო გადაცემაშიც შეგხვდებათ, რომ ამ 8 დაკავებულ ადამიანს მხოლოდ სახალხო მართლმადიდებელთა კავშირთან აიგივებენ. სინამდვილეში მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, თუმცა ახლა ეს არ არის აქტუალური.  მე პირადად ამ მოძრაობის არც მომხრე ვარ და არც მოწინააღმდეგე. ჩემთვის საერთოდ მიუღებელია დედა ეკლესიის გარდა რაიმე საზოგადოების, მოძრაობის თუ პარტიის არსებობა მართლმადიდებლური, ან თუნდაც უფრო ზოგადი – ქრისტიანული ნიშნით, თუმცა ასეთი სახელწოდებით ევროპაში მრავალი ძლიერი პარტია მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ერეკლე მეორის საზოგადოება მხარს დაუჭერს ნებისმიერი პარტიის თუ სამოქალაქო ორგანიზაციის წევრს, რომელიც იდევნება ჩვენი სარწმუნოების, ზნეობის, ქართული ტრადიციების და ქართული სიწმინდეების დაცვის გამო.
 ვფიქრობ, დღეს ყველა – ქართველი, არაქართველი, ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი ამ ახალგაზრდებს მხარში უნდა დაუდგეს. დედამიწის ზურგზე არ არსებობს არც ერთი რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც იესო მაცხოვარს  გმობდეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასე უხეშად მოიხსენიებდეს, ინცესტს და დედასთან და დასთან სექსუალურ კავშირს ამართლებდეს. ასეთი რამ დედამიწის ზურგზე არ არსებობს. ასეთ აღვირახსნილობას გმობს ყველა ფუნდამენტური რელიგია და ყველა ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი ადამიანი.

უნივერსიტეტში ასეთი წიგნის წარდგენა ნიშნავს ამ იდეების პროპაგანდას. ჩვენ სწორედ პროპაგანდის მოწინააღმდეგენი ვართ, თორემ, რამდენ არაადეკვატურს თავისი სულიერი მდგომარეობის ქაღალდზე გადატანა მოუნდება, ამის დევნას ჩვენ არ ვაპირებთ, უზნეობის ტირაჟირებას კი აუცილებლად შევებრძოლებით.

აქციაში მონაწილეობენ ერეკლე მეორის საზოგადოება, მოძრაობა ,,წინ” და ევრაზიის ინსტიტუტი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოერთება და საკუთარი ხმის შეწევნა დაკავებული ახალგაზრდებისთვის.
- თქვენ აკრიტიკებთ ტელეკომპანია ,,კავკასიას”არაობიექტურობის გამო, თუმცა არც მისი მესვეურნი სხედან გულხელდაკრეფილი. ამას წინათ ქალბატონმა ნინო ჯანგირაშვილმა თქვენ და თქვენი თანამოაზრენი ლამის კარიერისტებად მოგნათლად…�
 - დღეს ჩვენთან საინფორმაციო სივრცე ძალზე მიკერძოებულია და რა თქმა უნდა ვერც მთელ საზოაგდოებას და ვერც მთლიანი საზოგადოების ინტერესებს ვერ ფარავს.  ანუ, მედიასივრცე ზუსტად ასახავს საზოგადოებაში არსებულ დაქუცმაცებას.  ფაქტობრივად დაკნინებულია ჟურნალისტის პროფესია და იგი მედიასაშუალების მფლობელის ნააზრევის რუპორადაა გადაქცეული, თუმცა ზოგიერთი ჟურნალისტის სასახელოდ უნდა ითქვას (და ასეთები არიან ყველა ტელეარხზე და თითქმის ყველა გაზეთში), ისინი მაინც ახერხებენ ხალხისთვის მართალი სიტყვის მიწოდებას. მაგრამ ეს საერთო ამინდს ვერ შექმნის, ერს ვერ გაამთლიანებს.  მასმედია უძლიერესი იარაღია, მას ერის გამთლიანებაც შეუძლია და დანგრევაც.  სხვათა შორის, საბჭოთა საქართველოს ჟურნალ-გაზეთებს ალან ჩოჩიევის იადგილარასადმი მიწერილ წერილზე ანტიოსური ისტერიის ნაცვლად უფრო გონივრული, დაბალანსებული და შორსგამიზნული “პიარკამპანია” რომ ეწარმოებინათ, დღეს ჩვენ სამხრეთ ოსეთში პრობლემა არ გვექნებოდა. 

საკუთარ სინდისს მოჰკითხონ პასუხი იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც ჩვენს დაპატიმრებულ ძმებს მოძალადეებად და ხულიგნებად რაცხავენ.  ასეთი შეხლა-შემოხლა მრავალჯერ გვინახავს, პარლამენტშიც კი, მაგრამ არავინ დაუჭერიათ…
 თავად ნინო ჯანგირაშვილმაც განაცხადა, რომ შოთა აფხაიძეს საერთოდ ხელიც არ გაუნძრევიაო. სტუდიაში მყოფი ადამიანები ისხდნენ ჩვეულებრივად, როგორც ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ. გარეთ ატყდა ჩხუბი და დააპატიმრეს ადამიანები, რომლებიც არაფერ შუაში არ იყვნენ. არც კი იცოდნენ, რა ხდებოდა. ტელევიზიები ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩაახშონ ეს თემა, ტაბუ დაადონ.
 წავიკითხე პრესა.გე – სთვის მიცემული ნინო ჯანგირაშვილის ინტერვიუ. მე არც ძალიან ახალგაზრდა ვარ და არც ასაკოვანი მეთქმის, იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში (ანუ ყველა შესაძლო კატაკლიზმების პერიოდში) ჩამოყალიბდა.  თითქოს აღარაფერი აღარ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ მე მაინც მიკვირს, რატომ უნდა აყენებდეს ქალი ასეთ შეურაცხყოფას მხცოვან, დამსახურებულ ადამიანს, რომელმაც ჯოხით ხელში, მტკივანი ფეხით გაიარა მთელი რუსთაველის გამზირი, რათა უსამართლოდ დაპატიმრებული ახალგაზრდებისთვის მხარდაჭერა გმოეხატა?! მხოლოდ ბატონი ლელიკო ჯაფარიძე გამოხატავს უკმაყოფილებას კავკასიის მიმართ ამ ინციდენტისთვის? არა, რა თქმა უნდა არა, და მათ ეს იციან.  ჩემი არაპროფესიონალური ან დაუფიქრებელი საქციელის გამო ვინმე რომ დაეჭირათ, სულ ცოტა, ბოდიშს მაინც მოვიხდიდი.  ჯანგირაშვილს და მის გადამღებ ჯგუფს, როგორც ეტყობა ცოტნე დადიანობას ვერ მოვთხოვთ.  �
 და კიდევ ერთი – თავად ჯანგირაშვილმა ბრძანა, რომ ,,კავკასია” თურმე ერთადერთი ტელევიზია ყოფილა, რომელიც სიმართლეს აშუქებს და ხალხის აზრს გამოხატავს, და თურმე ხალხს სჯერა ,,კავკასიისა” და მისი ეთერისა. თუკი, მართლაც, დემოკრატიული ტელევიზიაა, და ხალხის აზრს არ ახშობს, რატომ არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი განსხვავებული აზრი მოსახლეობას მივაწოდოთ? თუ ამ ბიჭების განთავისუფლებით ასე ძალიან დაინტერესებული არიან ბატონი დავითი და ქალბატონი ნინო (და იგი ამბობს ზემოხსენებულ ინტერვიუში, რომ დანტრესებულია), თუნდაც ჩვენი მსვლელობის თარიღს რატომ არ აცხადებს, რომ აქციაზე გაცილებით მეტი ადამიანი მოვიდეს, და ამით უდანაშაულო ადამიანები ციხიდან გამოვიდნენ?
და ეტყობა ნინო ჯანგირაშვილს არ მოეწონა, რომ ,,კავკასიასთან” პროტესტი ასმა კაცმა გამოხატა. 100 დღეს იყო, ხვალ 300 იქნება, ზეგ-500. ჩვენ საზოგადოება ვართ და არ მივცემთ უფლებას სიცრუე ილაპარაკაონ და სიცრუით ტალახი ესროლონ ჩვენს ძმებსა და მეგობრებს, რომლებიც ადამიანობისა და ზნეობის დაცვის გამო დღეს ციხეში სხედან. ისინი ხვდებიან, რომ უკვე მოიხსნეს სიცრუის ნიღაბი და მათი მოქმედებები ყოველთვის არ არის ადეკვატური. ძალიან ბევრი მიხვდა, რომ ,,კავკასია” გაცილებით უფრო კონტროლირებადი ტელევიზიაა, ვიდრე თუნდაც ,,რუსთავი -2″ და ,,იმედი.” თუ ,,იმედი” და ,,რუსთავი-2″ დამოკიდებულია სახელმწიფოზე, მათ პროფესიონალი ჟურნალისტები მაინც ჰყავთ, თავისუფლება რომ ჰქონდეთ, გაცილებით უკეთეს გადაცემებს და სიუჟეტებს მოამზადებდნენ. არა მგონია “კავკასიის” მესვეურები ვერ ხვდებოდნენ, რომ 7 მაისი მათთვის იყო ან მათი არაპროფესიონალიზმის აპოთეოზი, ან იმის დასტური, რომ “კავკასიაც” შინაგან საქმეთა სამინისტროდან იმართება, რომელსაც, ბატონი აქუბარდია, თავის ეთერში ხშირად “ვანოს კანტორას” უწოდებს, რომელიც “აქუბარდია-ჯანგირაშვილის კანტორისაგან” განსხვავებით საკმაოდ მაღალპროფესიულად მუშაობს.�
და კიდევ – გამოდიან და ამბობენ, იცით, ნიცშე ანდა კანტი ამას და ამას ამბობდაო. რაში გვაინტერესებს, ნიცშე ან ფროიდი რას ამბობდა? ჩვენ გვაქვს 2-ათასწლოვანი მართლმადიდებლური ისტორია, გვყავდნენ ისეთი დიდი წმინდანები და განმანათლებლები, როგორებიცაა ჩვენი ასურელი მამები, იოანე ოქროპირი, ალექსანდრე ათანასიელი, ნიკოლოზ სასწაულმოქმედი, გრიგოლ ხანძთელი, ეგნატე ბრიანჩანინოვი, ილია ჭავჭავაძე… ამ ადამიანებმა უზღვავი ლიტერატურა დაგვიტოვეს, რომლებიც სულიწმინდის კარნახით იქმნებოდა.  ამ წიგნებში დაწერილი შესასრულებლად უფრო ძნელია, ვიდრე ნიცშეს პოსტულატებით ცხოვრება, რომელიც ნამდვილად არ გვასწავლის – მოყვასი ერთ ლოყაში რომ გაგარტყამს, მეორე მიუშვირეო.  სხვათა შორის მან ცხოვრება საგიჟეთში დაასრულა და მისი სიკვდილის წინ წარმოთქმული სიტყვები იყო: მაინც მაჯობე ნაზარეველოო.

 ქართველი ერი მაინც ვაჯობებთ მათ. შეიძლება ერთს, ორს, ხუთს გაგვისწორდნენ, მაინც გავიმარჯვებთ, მაინც ბოლომდე მივიყვანთ ბრძოლას, რადგან ჩვენი საქმე მართალია, ჩვენი გზა უფლის გზაა და არასოდეს დამარცხდება, და მათი გზა ყოველთვის დამარცხებული იქნება. ისინი უკვე დამარცხებული არიან, უბრალოდ ამას ჯერ ვერ ათვითცნობიერებენ.

 ზურაბ ჩაჩანიძე, მოძრაობა ,,წინ”-ის წარმომადგენელი:
 - თუ ბევრნი ვიქნებით, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ერთადერთი ხსნა ჩვენი უწმინდესია. დაკავებულმა რატი მაისურაძემ ოთხიოდე დღის წინათ წერილი მოგვწერა – მხოლოდ პატრიარქის იმედი აქვს.
 უწმინდესთან და უნეტარესთან ჩვენც ძალზე მოკრძალებული თხოვნა გვაქვს, რომ ამ საქმეს სათავეში ჩაუდგეს და გაათავისუფლოს სულიერი შვილები -მართლმადიდებელი პატიმრები. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში საქართველო იმ ქვეყნად გადაიქცა, სადაც რელიგიური ნიშნით, ქრისტიანობისთვის ისჯებიან. პოლიტპატიმრებს ქვეყანაში დაემატა მართლმადიდებელი პატიმრები.
- როგორ გრძნობენ თავს დაკავებულნი?
- ზვიად ბლიაძის მამა დაპატიმრებიდან მესამე დღეს სამმართველოსთან გარდაიცვალა გულის შეტევით, მაშინ, როდესაც შვილის ამბავს ელოდებოდა. ზვიად ბლიაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და დაკავების შემდეგ გაუარესდა. იგი დაბრმავდა, რასაც მშობლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასევე, თვალი მძიმედ აქვს გიორგი გურჩიანს, რადგან მას ,,კავკასიის” ოპერატორმა შტატივი ჩაარტყა. სასწრაფოდ გადასაყვანია საავადმყოფოში და ყურადღებას არ აქცევენ.
 დანარჩენ დაპატიმრებულებზეც ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რომ აღიარონ დანაშაული, მაგრამ რა უნდა აღიარონ, რაც არ ჩაუდენიათ და ვაჟკაცურად იცავენ თავიანთ პოზიციას.
 მათთან სამ დღეში ერთხელ შედიან მამა დავით ისაკაძე, მამა დავით ქვლივიძე, მამა დავით ლასურაშვილი და გამოაქვთ ამბავი მათი მდგომარეობის შესახებ.
სხვათა შორის, ნინო ჯანგირაშვილი ზემოხსენებულ ინტერვიუში მღვდლებს მოიხსენიებს კაბიან პროვოკატორებად, ხოლო ჩვენ -კარიერისტ-ახალგაზრდებად.
უნდა გითხრათი, რომ ამას წინათ რადიო ,,ობიექტივით” ,,რატომ”-ის ერთ-ერთი ლიდერი დავით ფაცაცია გავაკრიტიკე. მან სოლიდარობა გამოუცხადა ,,კავკასიას” და ამავდროულად გამოგვიცხადა, თქვენი მეგობარი ვარო. ერთ დროს შოთა აფხაიძესთან და რატი მაისურაძესთან ერთად ერთ აზრზე ვიყავით, ახლა კი ორმაგ თამაშს ეწევა – თან ბიჭების განთავისუფლებას ითხოვს და თან ,,კავკასიას” სოლიდარობას უცხადებს. როცა ვკითხე, ვის უცხადებთ სოლიდარობას, ვინც კაბიან პროვოკატორებად მოიხსენია მოძღვრები-მეთქი? ხმა ვერ გამცა. ეს ადამიანები ამ მომენტით სარგებლობენ. მსგავსად იქცევა შორენა შავერდაშვილი – ჟურნალ ,,ლიბერალის” რედაქტორი, ასევე, ,,ლიბერალის” ჟურნალისტი – ირაკლი კორძაია. სტატიებში გრანტებს იღებენ. ათიოდე ადამიანი ამ ბინძური თემებით კარიერას იწყობს. მინდა ნინო ჯანგირაშვილს ვკითხო-ვინაა კარიერისტი – ჩვენ თუ ისინი?

თორნიკე შანიძე