ერეკლე მეორის საზოგადოების განცხადება მოსკოვის მეტროს სადგურებში განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით

ერეკლე მეორის საზოგადოება ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ამ დილით მოსკოვის მეტროს ორ სადგურში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, რომლებსაც ადამიანთა დიდი მსხვერპლი და დაზიანება მოჰყვა. ჩვენი საზოგადოების წევრები მწუხარებით თავს ვხრით ყველა დაღუპულის წინაშე და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს.  ნებისმიერი ძალადობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის.  მით უმეტეს მიუღებელია ტერორისტული აქტი, რომელიც სრულიად უდანაშაულო ადამიანთა განადგურებისკენაა მიმართული. ჩვენ არანაკლებ გვაწუხებს ორი თვითმკვლელი ტერორისტის ტრაგიკული ბედიც, რომლებიც გარკვეულმა ძალებმა ასე დაუნდობლად გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური ამბიციების განსახორციელებლად.

 

რუსეთის მოსახლეობის მრავალფეროვანი ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა გვაფიქრებინებს, რომ რელიგიური ექსტრემისტების მიერ განხორციელებულმა ტერაქტმა შესაძლოა თქვენი ქვეყნის მუსულმანი მოქალაქეებიც შეიწირა, თავიანთი ქვეყნის ერთგული შვილები.  სწორედ ამიტომ არის ტერორიზმი 21-ე საუკუნის ყველაზე რთული გამოწვევა.  მას არც ეროვნება აქვს და არც რელიგია.  იგი ჩვენი ათასწლეულის შავი ჭირია და მის წინააღმდეგ მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლა წარმატებას არ მოიტანს და, რაც მთავარია, ვერ აგვაცილებს მოსალოდნელ მსხვერპლს. 

ერეკლე მეორის საზოგადოება მწუხარებას გამოხატავს მომხდარი უბედურების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.  უფალი იყოს თქვენი შემწე ამ განსაცდელის ჟამს.

ერეკლე მეორის საზოგადოება
2010 წლის 29 მარტი
თბილისი