დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია

დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული კონკურსის ორგანიზატორებმა 2010 წლის 29 იანვარს, დღის 12 საათზე, სასტუმრო “ამბასადორში” კონკურსის შედეგები გამოაცხადეს.  ამავე დღეს კონკურსის ლაურეატები და ნომინანტები სასტუმრო “შერატონ-მეტეხი პალასში” შეიკრიბნენ, სადაც მათ ლაურეატის დიპლომები გადაეცათ. საღამოს შეხვედრის მონაწილეებს ვიდეოჩანაწერის მეშვეობით მიესალმა პრემიის დამფუძნებელი, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე, ალექსანდრე ებრალიძე.
ერეკლე მეორის საზოგადოების პრესმდივანი, ქ-ნი ეკა სხირტლაძე შეხვდა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის დირექტორს, ქალბატონ ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძეს და მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

ქალბატონო ნანა, როგორ ჩაიარა კონკურსმა და მიაღწიეთ თუ არა მოსალოდნელ შედეგს?

 

- კონკურსი ძალზე საინტერესოდ წარიმართა.  მსგავსი კონკურსების ჩატარებაში გამოუცდელობის გამო დახმარებისათვის მწერალთა კავშირს მივმართეთ.  ქალბატონი მაყვალა და მწერალთა კავშირის სხვა წევრები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ კონკურსის გამოცხადებას, რადგან, მავანთაგან განსხვავებით, მასში არავითარი პოლიტიკური შტრიხი არ დაუნახავთ. თუმცა მოგვიანებით, როდესაც კონკურსში მონაწილე მწერლებს თავიანთი კოლეგა მწერლები დაუპირისპირეს და მწერალთა კავშირზე უსაფუძვლო თავდასხმები დაიწყეს, ჩვენ ვთხოვეთ ქალბატონ მაყვალას ოფიციალურად განეცხადებინა, რომ პირადად იგი და მწერალთა კავშირიც ემიჯნებოდნენ აღნიშნულ კონკურსს, თუმცა მასში მონაწილეობა მაინც მიიღო მწერალთა კავშირის მრავალმა და ზოგი მათგანი კონკურსის პრიზების მფლობელიც გახდა. შედეგი მიღწეულია, ჩვენ ღირსეული ლაურეატები და ნომინანტები გვყავს.  მე თქვენ სიამოვნებით გადმოგცემთ მათ გვარებს მცირე ანოტაციებით.

ზოგიერთი მწერალი გამოდის და ხმამაღლა აცხადებს, რომ უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით, როგორც ჩანს, ხელისუფლების გულის მოგება სურს…

- რაღაცაზე უარი რომ თქვა, სულ მცირე, ამ რაღაცას ვინმე უნდა გთავაზობდეს. ჩვენ არ შეგვითავაზებია კონკურსში მონაწილეობა არც ერთი ავტორისთვის, რომელიც დღეს გულში მჯიღს ირტყამს და იძახის, რომ უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე. მათგან განსხვავებით, მე ჯერჯერობით გვარებს არ დავასახელებ, არა მჩვევია ადამიანების იოლად გამეტება, მაგრამ თუ არ გაჩერდებიან, იმ ავტორებს კი ნამდვილად დავასახელებ, ვინც საკუთარი ხელით შეავსო განაცხადი, ხოლო დღეს დასაკლავი გოჭივით ჭყვიტინებს – ამ კონკურსში მონაწილეობას როგორ მივიღებდი, შემაცდინესო.  ჩვენ ბევრ რამეს არ ვამბობთ და არც ვაპირებთ თქმას, რადგან საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება არც ჩვენი ხელობაა და არც მიზანი.  ერთსაც გეტყვით, მრავალმა ავტორმა მხოლოდ იმიტომ ვერ წარმოადგინა საკუთარი ნაშრომი, რომ მათ უბრალოდ არ აღმოაჩნდათ ისტორიულ თემაზე შექმნილი თხზულება.  ამ მხრივ ძალზე გაუჭირდათ ჟურნალისტებს.

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის განცხადებამ, ვგონებ მან ასე თქვა – მე და წულეისკირი უკონკურსოდ ვმონაწილეობდითო…

- ჩემთვის სრულიად მიუღებელია ბატონი ჭაბუას სახელის ხსენება რაიმე, თუნდაც ნეიტრალურ კონტექსტში.  ფრაზა ”კონკურსგარეშე” ბატონ ჭაბუა ამირეჯიბთან და ბატონ ნოდარ წულეისკირთან დაკავშირებით მე ვახსენე და მასში მხოლოდ ერთ რამეს ვგულისხმობდი, კერძოდ იმას, რომ ბატონი ჭაბუასა და ბატონი ნოდარის კალმის შემფასებელი კონკურსი მე საქართველოში ვერ წარმომიდგენია.  ეს იგივე იქნება გალაკტიონ ტაბიძეს რომ მიეღო 50-იან წლებში რაიმე კონკურსში მონაწილეობა და მისი ლექსების ხარისხი ვაჟა ოთარაშვილის რანგის პოეტს შეეფასებინა.  მე მადლობელი ვარ უფლის, რომ ამ კონკურსის საშუალებით გავიცანი ბატონი ჭაბუა და სახსოვრად დამრჩა წიგნი, რომელიც მიძღვნით მაჩუქა.  სანამ დათა თუთაშხია დაიბეჭდებოდა, ჩემი უსაყვარლესი წიგნი სერვანტესის “დონ კიხოტი” იყო, რომელსაც ხშირად ვკითხულობდი.  დღეს ჩემთვის ასეთი წიგნია “დათა თუთაშხია”.  მე მას მარადისობის წიგნს ვეძახი.  რაც შეეხება ბატონ ნოდარ წულეისკირს, იგი არის ჩვენი ერის სინდისი, ხოლო ერი, რომელიც საკუთარ სინდისს არ გაუფრთხილდება, სხვისგან პატივს ვერ მიიღებს.  სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ დღევანდელმა ახალგაზრდა თაობამ ცოტა რამ იცის ბატონი ნოდარის შემოქმედების შესახებ.  ეს ხარვეზი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.  ამ კონკურსის ჩატარება თუნდაც ამისთვის ღირდა.  ახალგაზრდებმა გაიგეს, რომ არსებობს შესანიშნავი აგიოგრაფიული რომანი “ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი”.  ჩვენ შევეცდებით ამ კონკურსის ფარგლებში ეს რომანი მაინც გამოვცეთ, თუმცა ნოდარ წულეისკირის თხზულებათა მრავლტომეულის გამოცემა მართლაც საშური საქმეა.

სხვა ლაურეატებზე რას გვეტყვით?

- ბატონ ნოდარ ამაშუკელს და ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს საზოგადოება იცნობს არა მხოლოდ მათი კალმის ნაღვაწით, არამედ მათი მოქალაქეობრივი პოზიციით.  მე არ ვარ ის პიროვნება, რომელმაც უნდა აქოს მათი შემოქმედება. ზოგადად მე ერთი რიგითი მკითხველი ვარ და  მიმაჩნია, რომ რეზო ამაშუკელის დახვეწილი სტრიქონი, ძარღვიანი სიტყვა და იმედიანი შეძახილი სწორედ ის პოეზიაა, რომელიც ჭირში გამაგრებს და ლხინში გახალისებს.  იგი უდავოდ არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი და ამაზე მგონი არც არავინ დავობს. თუ ვინმეს მისი პოლიტიკური შეხედულება არ მოსწონს, ეს სხვა საკითხია. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ – ამ კონკურსს არაფერი აქვს საერთო ბატონი ალექსანდრე ებრალიძის პოლიტიკურ გზასთან. სხვათა შორის, ამის შესახებ ძალიან კარგად აღნიშნა ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემ მეტეხში გამართულ საღამოზე. მან თქვა, რომ კონკურსი არ იყო პოლიტიკური, პოლიტიკური იყო ამ კონკურსში მისი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება.

გაგრძელდება თუ არა ეს პროექტი?

რა თქმა უნდა.  ბატონმა ალექსანდრე ებრალიძემ უკვე თქვა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პირდაპირი ჩართვისას.  ჩვენ სულ მალე დავხვეწთ ჩვენს დებულებას იმ ხარვეზების გათვალისწინებით, რომლებიც კონკურსის მსვლელობისას აღმოვაჩინეთ.  რამდენიმე საზოგადოებამ უკვე გამოთქვა სურვილი იყოს პრემიის თანადამფუძნებელი.  ჩვენ ამაზეც ვიფიქრებთ.  ნაწარმოებების მიღების დაწყების დღედ ალბათ დიდგორობას გამოვაცხადებთ, ხოლო კონკურსის შეჯამება კვლავ წმიდა დავით აღმაშენებლის დღესთან იქნება დაკავშირებული.  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში გვედგა, გვამხნევებდა და გვეხმარებოდა.  განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს რეცენზენტებსა და კომისიის წევრებს.  იმედი მაქვს, რომ ისინი კვლავაც ჩვენს გვერდით იქნებიან.