სამამულო ომის მონაწილე – ბატონი კარლო გარდაფხაძე ერეკლე მეორის საზოგადოებაში გაწევრიანდა

ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები სტუმრად ეწვივნენ მეორე მსოფლიო ომის საპატიო ვეტერანს, რამდენიმე ჯილდოს მფლობელს, უფროს ლეიტენანტს და სოციალური უზრუნველყოფის ყოფილ მინისტრს ბატონკარლო გარდაფხაძეს. საზოგადოების წევრების მიზანი იყო,უფრო კარგად გაცნობოდნენ ბატონი კარლოს სამხედრო მოღვაწეობას, მოესმინათ მისი შეხედულებები დღევანდელ საქართველოზე და დაეფასებინათ იგი.

   ბატონი კარლო გარდაფხაძე დაიბადა 1917 წელს სოფელ ტვიშში, ცაგერის რაიონში. ოთხწლედის დამთავრების შემდეგ შევიდა ქუთაისის პირველ რეალურ ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ჩააბრა უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტზე. იმავდროულად ასევე 3 წელი სწავლობდა ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის გაუქმების შემდეგ იგი გადაიყვანეს კიროვის რაიონში ხელმძღვანელ კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოებზე. როგორც კომკავშირის რაიკომის მდივანი ბ–ნი კარლო ხელმძღვანელობდა კომკავშირულ ორგანიზაციებს, რათა ახალგაზრდებს შეესწავლათ თავდაცვის ელემენტარული საშუალებები.

   ბატონი კარლო იხსენებს იმ დღეს, თუ როგორ მოისმინა რადიოში –,,Выступит Молотов“.  მან დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება ფრონტზე წასულიყო. ჯერ იყო ოცეულის, შემდეგ – ასეულის და ბოლოს ბატალიონის უფროსი. სწორედ იქედან დაიწყო მისი მოღვაწეობა სამხედრო საქმეში. სტალინის ბრძანებით უნდა მომხდარიყო  უღელტეხილების გამაგრება სოხუმიდან აზერბაიჯანამდე. სწორედ ბატონ კარლოს დაევალა ყაზბეგიდან აზერბაიჯანამდე მონაკვეთის გამაგრება. ეს გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. მეორე მსოფლიო ომის ერთ–ერთ ხელჩართულ  ბრძოლაში სამწუხაროდ ბატონი კარლო დაიჭრა მკერდში, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაჭრილმა შეძლო თავისი არმიის ნაწილის გამოყვანა შეტაკების ადგილიდან. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მოსკოვში მას ოპერაცია გაუკეთა კრემლის მთავარმა ექიმმა, აკადემიკოსმა ბაკულევმა, რომელიც წარმატებით დასრულდა.

   ბატონო კარლო, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს რუსეთ–საქართველოს შორის წამგებიანი (ორივე ქვეყნისათვის) ურთიერთობის განვითარების მიზეზი?

–        რუსეთი თითქმის ორ საუკუნეზე მეტია რაც ცდილობდა და ცდილობს ეხლაც თავისი პოზიციების განმტკიცებას სამხრეთ–აღმოსავლეთის მიმართულებით. საქართველო არის ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. შესაბამისად, ვისაც უნდა ამ ტერიტორიებზე გაბატონება, სჭირდება ამ ხიდის (საქართველოს) კეთილგანწყობა. სწორედ მეფე ერეკლე მეორემ მიიღო ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება იმ პერიოდისათვის 1783 წელს. ვინაიდან საქართველო ვერ გაუძლებდა ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიებს. რუსეთისათვის პროტექტორატობის თხოვნა გამართლებული იყო იმითაც, რომ არ მომხდარიყო ქართველი ერის გადაგვარება. რუსეთს ბევრი კარგი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, მაგრამ სამწუხაროდ ეს ბევრმა ქართველმა შეიძლება არც კი იცოდეს. რა ხდება დღეს საქართველოში. ამერიკა ადრე არ წარმოადგენდა პირველ იმპერიას, მაგრამ დღესდღეობით იგი არის პირველი იმპერია და ცდილობს ყველგან თავისი პოზიციების განმტკიცებას. ამერიკა ვითომ გვეხმარება, მაგრამ სინამდვილეში ამ დახმარებით იმდენ მოგებას ნახულობს, რომ 10–ჯერ აღემატება ჩვენთვის გამოყოფილ სახსრებს. ამერიკას სჭირდება საქართველოს ტერიტორია სამხედრო ბაზებისთვის, ხოლო ქართველი ჯარისკაცები – მისი ინტერესებისათვის საბრძოლველად. გულუბრყვილობაა გვეგონოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამო რუსეთს გადაიმტერებს. ამერიკა თავის ერთ ჯარისკაცსაც არ გასწირავს ჩვენი გულისათვის. რაც შეეხება ,,ნატოს“ – ,,ნატოც“ ფაქტობრივად ამერიკის განკარგულებაშია.

     ბატონო კარლო , თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღდგეს კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთ–საქართველოს შორის?   

    –  ჩემი აზრით, ჯერ ერთი, აუცილებელია შედგეს მოლაპარაკებები ხელმძღვანელობებს შორის, როგორც რუსეთის ასევე საქართველოს მხრიდან და განიხილონ ის პირველი ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა რუსეთ–საქართველოს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად.

     მეორე, აუცილებელია, რომ საქართველომ ნატოში შესვლის სურვილს ჩვენი სახელმწიფოებრიობა არ გადააყოლოს.

     მესამე, საჭიროა რომ რუსეთმა აღიაროს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და აიღოს ვალდებულება თავისი სამხედრო ბაზების გაყვანისა ჩვენი ტერიტორიიდან. მაგრამ ამასთანავე საქართველომაც შეიძლება გააფორმოს ხელსეკრულება რუსეთთან, რომ თუ რომელიმე სახელმწიფო შეეცდება საქართველოში შემოსვლას, რუსეთს ჰქონდეს საქართველოს დაცვის უფლება და, რაც მთავარია, საქართველო უნდა გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო.

    რას იტყვით ქუთაისში მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ, სადაც მოხდა ხელისუფლების დაკვეთით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ვეტერანთა მემორიალის აფეთქება?

–        ეს არის სახელმწიფო დანაშაული. ეს მემორიალი წარმოადგენდა დიდ სამამულო ომში დაღუპული ქართველების პატივისცემის დადასტურებას.

 

ბატონო კარლო და ბოლოს, რას უსურვებდით ერეკლე მეორის საზოგადოებას?

–        რასაკვირველია ვუსურვებდი ყოველივე კარგს ორგანიზაციულ და ოპერატიულ მუშაობაში და ასევე წევრების სიმრავლეს. მისაღებია შეიქმნას ადგილობრივი ორგანიზაციები რაიონებსა და ქალაქებში. ასევე საჭიროა გაეწიოს პროპაგანდა ერეკლე მეორის პოლიტიკას, რადგან ეს ყველამ არ იცის ან არ ესმის. შესაძლებლობის შემთხვევაში  სასურველია გამოიცეს ამ თემასთან დაკავშირებით ბროშურები, წიგნები და ასე შემდეგ.

     შეხვედრის ბოლოს ბატონი კარლო გახდა ერეკლე მეორის საზოგადოების საპატიო წევრი. საზოგადოების წევრებმა დიდი მადლობა გადაუხადეს მას საინტერესო საუბრისთვის და გადასცეს ერეკლე მეორის საზოგადოების მიერ გამოცემული გაზეთის ,,ერეკლეს გზა“ ბოლო ნომერი.