ერეკლე მეორის საზოგადოების განცხადება

ერეკლე მეორის საზოგადოება აღშფოთებას გამოხატავს იმ ზეწოლის გამო, რომელსაც ხელისუფლების ორგანოები ახორციელებენ ორგანიზაციის წევრებზე და მათ ახლობლებზე.

უკვე რამდენიმე თვეა ორგანიზაციას მხარდაჭერა გამოუცხადეს და მის ღონისძიებებში მონაწილეობას ღებულობენ მცხეთელი მოქალაქეები. 7 ნოემბერს, ერეკლე მეორის დაბადების დღეს, საზოგადოებამ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მცხეთაში საფეხბურთო ტურნირი მოაწყო.  ღონისძიების დროს დარიგდა ორგანიზაციის გაზეთი “ერეკლეს გზა”, რამაც, როგორც ჩანს, გააღიზიანა ხელისუფლება, რომლისთვისაც მიუღებელია ნებისმიერი მოწოდება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისკენ. მატჩის შემდეგ ტურნირში მონაწილე ბავშვთა ზოგიერთი მშობელი გააფრთხილეს აღარ გაეშვათ შვილები ერეკლე მეორის ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე.

 

გუშინ, 27 ნოემბერს, ერეკლე მეორის ორგანიზაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების მიერ გამართულ ღონისძიებაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ორგანიზაციის აქტივისტმა, მცხეთელმა თემურ თვალიაშვილმა, დამსწრეებს დაურიგა ორგანიზაციის გაზეთის ბოლო ნომერი.

27 ნოემებერს, ღამით, უცნობმა პირებმა რუსეთის დროშის ფერებში გადაღებეს ბატონ თემურ თვალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც იდგა მის საცხოვრებელ კორპუსთან, მცხეთაში, აღმაშენებლის 101-ში.  ამავე დღეს მიზეზის ახსნის გარეშე სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს ორგანიზაციის კიდევ ერთი მხარდამჭერი.  რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის რამდენიმე წევრის ოჯახებში ერთდროულად მივიდნენ უბნის რწმუნებულები, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობს განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

ეს თითქოსდა უმნიშვნელო სახის ზემოქმედების მცდელობები კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ერეკლე მეორის ორგანიზაციამ სანქცირებული მიტინგი მოაწყო სატელევიზიო კომპანია “იმედის” შენობასთან, სადაც მისმა წევრებმა პროტესტი გამოხატეს ამ კომპანიის მიერ გადაღებული ფილმის წინააღმდეგ, რომელშიც აუგად იყო მოხსენიებული რუსეთის პატრიარქი კირილი.  მიტინგის მსვლელობისას გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ დაუშვებელია სხვა ერების სასულიერო ლიდერების ლანძღვა, მიუხედავად იმისა მართლმადიდებელი პატრიარქი იქნება იგი, ებრაელი რაბინი თუ მუსულმანი მუფტი ან აიათოლა. 

განსხვავებული აზრის პატივისცემა, იქნება იგი დაკავშირებული პოლიტიკურ, რელიგიურ, სოციალურ, გენდერულ თუ სხვა საკითხებთან, დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე გაეროს პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომელთა დაცვაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა.

ერეკლე მეორის საზოგადოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაცია, არ ემსახურება არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ, და რომ მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს რუსეთსა და საქართველოს შორის ჩატეხილი ხიდის აღდენის ხელშეწყობა სახალხო დიპლომატიის გზებით.


ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ორშაბათს, 30 ნოემბერს, 14:00 საათზე, ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისში (უზნაძის ქ. 15, ტელ: 950364) გაიმართება პრესკონფერენცია.
2009 წლის 28 ნოემბერი
თბილისი