ერეკლე მეფის ხსოვნას პატივი მიაგეს

7 ნოემბერი დიდი მეფის-ერეკლე მეორის დაბადების დღეა. ერეკლე მეორის საზოგადოების ინიციატივით, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც პატარა კახი განისვენებს,  დეკანოზმა მამა კონსტანტინე პაიჭაძემ დიდი მეფის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. სანთლებით აციაგდა საფლავზე გამოსახული ფარი და მახვილი წარწერით: ,,ერეკლე მეფე _ 1720-1798.”
ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებთან ერთად სვეტიცხოველში იმყოფებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.
თედო ხოსროშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი:
- დღეს თელავში, და არა მხოლოდ თელავში, დიდი დღესასწაულია, ბუმბერაზი მეფის-ერეკლე მეორის დაბადების დღე. მას 289 წელი შეუსრულდა. კახეთი თელავქალაქობას ზეიმობს. ჩვენმა გუბერნატორმა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაწყვიტა, პატარა დელეგაცია სვეტიცხოველში ჩამოსულიყო და ერეკლე მეორის საფლავთან პარაკლისი აღვლენილიყო.


ისე დაემთხვა, რომ დღეს ერთად შევიკრიბეთ ერეკლე მეორის საზოგადოება და თელაველები.
არჩილ ჭყოიძე, ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე:
- ერეკლე მეორის დაბადების დღე მთელმა საქართველომ უნდა

აღნიშნოს, რამეთუ დიდი მეფის გონიერმა პოლიტიკამ 200 წლის წინათ საქართველო გადაარჩინა. სამ იმპერიას შორის მოქცეული ქვეყანა, რომელიც ოსმალეთსა და სპარსეთს ჰქონდა დანაწილებული, ერეკლეს სიმამაცემ იხსნა და იმ საზღვრებში დააბრუნა, რომელშიც გიორგი ბრწყინვალეს დროს იმყოფებოდა. სამწუხაროა, რომ დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ერი ჰელოუინსა და სხვა მსგავს უცხო და მიუღებელ დღეებს ზეიმობს, ჭეშმარიტი დღესასწაულები კი მივიყებულია. ჩვენ იმდენი სახელოვანი მეფე და გმირი გვყავს, სირცხვილიც არის, ქართული ტრადიციისა და მართლმადიდებლობისთვის მიუღებელ ზეიმებს ვეთაყვანებოდეთ.
მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ საკუთარი ისტორია – ვისი გორისანი არიან. ამიტომ გვმართებს ჩვენი გმირების დაფასება და მათი ხშირი ხსენება.
მცხეთაში პირველად ერეკლე მეორის საზოგადოების ეგიდით და მცხეთის მუნიციპალიტეტის თანადგომით, ერეკლე მეორის სახელობის ტურნირი გაიმართა ფეხბურთში მოსწავლეებს შორის. ტურნირში მცხეთის, ნატახტრის, საგურამოსა და ძეგვის 4 გუნდი მონაწილეობდა. გაიმარჯვა ნატახტრის გუნდმა, რომელსაც ერეკლე მეორის საზოგადოების მიერ დაწესებული თასი გადაეცა.
- ეს ტურნირი ტრადიციად იქცევა და დიდ მასშტაბს შეიძენს. იმედია, ამ დღის ფართოდ აღსანიშნავად, სხვადასხვა ორგანიზაციები და ბიზნესმენები შემოგვიერთდებიან. გვინდა, რომ მომავალი წლიდან ერეკლეს თასი დავაწესოთ.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში ეროვნებით ოსი – სამი  ახალგორელი დევნილი მონაწილეობდა. მშვიდობა უნდა ვუსურვო ჩვენს ძმებს – ოსებს, აფხაზებსა და რუსებს. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო, ამბობს ქართველი კაცი. ბოლოსდაბოლოს, მტრობა უნდა დავძლიოთ სიყვარულით. სხვა გზა არ დაგვრჩენია, – დაასკვნა არჩილ ჭყოიძემ.

ლალი შანიძე