არჩილ ჭყოიძე: რუსეთმა უარი უნდა თქვას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარებაზე.

 

 

 

ინტერვიუ „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძესთან.

 -თქვენი აზრით,რამდენად სწორია ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების გამო რეფერენდუმის ჩატარების შესახებ?

- დავიწყოთ იმით, რომ ჩემი აზრით თიბილოვი რაიმე გადაწყვეტილებების მიმღები ნამდვილად არ არის და რა თქმა უნდა ის სერიოზულ გადაწყვეტილებებს რუსეთის გარეშე ვერ მიიღებს. ვფიქრობ, რომ თიბილოვს ტყუილად აქვს იმედი იმისა, რომ თუ რუსეთს შეუერთდება ცხინვალი და სეპარატისტული რეგიონი, რომელიც მოწყვეტილია დღეს დედა სამშობლოს- საქართველოს, მათი ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება, ეს ნამდვილად არ იქნება მომგებიანი იქ მცხოვრები ხალხისთვის.  და მეორე, საქართველოსთვის ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა როდის რა სტატუსს მიიღებს სამაჩაბლო, საქართველო მუდამ იბრძოლებს ყველა შესაძლო მშვიდობიანი გზით დაუბრუნოს თავის ტერიტორიას ის სტატუსი, რაც მას საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა.  პოლიტიკური გარემოებები სწრაფად ცვალებადი ხასიათისაა და ასეთი გარემოება უსათუოდ შეიქმნება.

- როგორც ვიცით საქართველოში ახლა მიმდინარეობს ნატოს კვირეული, თქვენი აზრით ამ ფაქტმა ხომ არ გააღიზიანა რუსეთი და ამიტომ ხომ არ გააქტიურეს თიბილოვი?

- რა თქმა უნდა ეს გამორიცხული არ არის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთს აღიზიანებს როცა მის საზღვრებთან სხვა სამხედრო ბლოკი გამოჩნდება ხოლმე, მათ შორის ნატო და ამაში არაფერი არ არის გასაკვირი, ზესახელმწიფოებს ახასიათებთ ასეთი რამ. იგივე რუსეთის სამხედრო ძალები რომ განლაგდნენ მექსიკის ტერიტორიაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც აუცილებლად დაიწყებს პრობლემების შექმნას მექსიკისთვის და ეს მარტივად გასაგებია. ნაწილობრივ ალბათ ამის გამოც გააკეთა თიბილოვმა ეს განცხადება, რადგან რუსეთმა აჩვენოს საქართველოს, რომ ის ეწინააღმდეგება ნატოს კვირეულებს და საქართველოს დაახლოვებას მათთან, და ამით აგრძნობინა, რომ ხელი აიღოს ნატოსკენ სწრაფვისაგან. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არც ეს ნატოს კვირეულები, რომელიც ტარდება დღეს საქართველოში, ჩემი თვალსაზრისით არ გვაახლოვებს ნატოსთან.  საქართველომ, თუ არ ვცდები, ნატოს ‘როუზ-როსის’ სემინარი პირველად 15 წლის წინათ ჩაატარა, მას შემდეგ ნატოს რამდენიმე დიდი ფორუმი ჩატარდა, იგივე „როუზ-როსი“, ნატოს ელჩდების შეხვედრა, ნატოს გენერალური მდივნების და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტების უმაღლესი დონის ვიზიტები, მაგრამ ამით საქართველოს ერთი ნაბიჯითაც კი არ წაუწევია წინ, ვგულისხმობ, ნატოს წევრობისაკენ. ამიტომ კარგი იქნებოდა,

რომ რაც შეიძლება ნაკლები საბაბი მივცეთ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ რადიკალური ნაბიჯების გადადგმაში.

- როგორც ჩანს რუსეთი არ ჩქარობს ე.წ სამხრეთი ოსეთის ოფიციალურად  მიერთებას. თქვენი აზრით როგორ განვითარდება რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები?

- ეს რომ რუსეთის მიზანი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ამ რვა წლის განმავლობაში ამას როგორმე მოახერხებდა.  ჩვენ ვნახეთ როგორ მიიერთა მან ყირიმი. რუსეთისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით მომგებიანია საქართველოსთან თანამშრომლობა, მისი რეგიონული ამბიციებისთვის გაცილებით სასიცოცხლოა საქართველოსთან ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობები, ამიტომ ჩემი თვალსაზრისით რუსეთი შეეცდება, რომ სამხრეთ ოსეთით და აფხაზეთით მოახდინოს რაღაც სახის ვაჭრობა საქართველოს ხელისუფლებასთან და დასავლეთთანაც კი.

- ცხინვალის რეგიონში 1992 და 2006 წელს ჩატარებული რეფერენდუმებით ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობამ ე.წ სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. თუ რეფერენდუმი მესამედაც იმავე შედეგით დასრულდა, ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?

- რეფერენდუმი, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს. რეფერენდუმის ჩატარება იმ ვითარებაში, როდესაც ცხინვალის რეგიონიდან გამოყრილია ათიათასობით ქართველი დევნილი და ისინი ვერ შეძლებენ ამ რეფერენდუმში მონაწილეობის მიღებას, ლეგიტიმური ვერ იქნება.  გარდა ამისა, საქართველო არ ცნობს ცხინვალში ჩატარებულ არც-ერთ არჩევნებსა თუ რეფერენდუმებს. საერთოდ რეფერედუმების თემა საკმაოდ რთულია. მაგალითად, 2008 წლის 5 იანვარს საქართველოში ჩატარებული პლებისციტი,  როდესაც სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ თითქოს საქართველოს მოსახლეობის 70% მხარს უჭერდა საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, ეს სიმართლეს არც მაშინ შეეფერებოდა და არც ახლა. რეფერენდუმი მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს, მედიასაშუალებების ხარისხიც უნდა იყოს თავისუფალი და არ უნდა მოხდეს ისე, როგორც დღეს ხდება - მასმედია რეალურად თავის პატრონებზე არის დამოკიდებული, ხოლო ეს პატრონები, რიგ შემთხვევაში, ზოგიერთი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებიან. აქ უკვე რაღაც რეფერენდუმზე საუბარი რთულია.  მე ვფიქრობ, რომ ეს რეფერენდუმი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ჩატარდება, რა თქმა უნდა დარღვევებითაც და დარღვევაა თავიდანვე, რომ იქ ქართველები ვერ მიიღებენ მონაწილეობას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს რეფერენდუმი ბევრს ვერაფერს შეცვლის.  რუსეთს თუ სურს სამხრეთი ოსეთის ოფიციალურად მიერთება, ამას რეფერენდუმის გარეშეც გააკეთებს, მაგრამ, კვლავ ვიმეორებ, ეს საქართველოს დღის წესრიგს თავისი ძირძველი მიწა-წყლსი მიმართ, არანაირად არ შეცვლის.  ქართველმა ხალხმაც უნდა ისწავლოს მოთმინება, და ვიდრე ის ხელსაყრელი გარემოებები შეიქმნება, მან უპრიველეს ყოვლისა უნდა იზრუნოს თავისი ოსი და აფხაზი და-ძმების დაბრუნებაზე საქართველოში.  კარგი იქნებოდა თავისუფალი მიმოსვლის აღდგენაც და ამაზე დაწესებული ბარიერების მოხსნა, უპირველეს ყოვლისა, ქართველი მოსახლეობისთვის.  ადამიანური ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია.  აუცილებელია სახალხო დიპლომატიის გააქტიურება.  და ეს გააქტიურება უნდა ხდებოდეს არა საქართველოს ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ორგანიზაციების მედიატორობით (თუმცა არც ეს არის ცუდი, მაგრამ ესეც კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორია რუსეთისთვის), არამედ აქ, საქართველოში, თუნდაც აფხაზეთში.  აფხაზი ძირძველი ერია, საოცარი ტრადიციების მქონე, და მას მასპიძლობა ეშლება.  თითო-ოროლა მცდელობა ასეთი კავშირებისა უფრო უნდა გააქტიურდეს.

- თქვენი აზრით, რუსეთთან მიერთება იქნება თუ არა სამხრეთ ოსეთისთვის რაიმე დადებითის მომტანი?

- ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ფაქტს გეტყვით. სამხრეთ ოსეთში დღეს დაახლოებით 50 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთში - 800 ათასზე მეტი.  რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან ჩრდილოეთ ოსეთის დაფინანსება არის 10 მილიარდი რუბლი, ხოლო სამხრეთ ოსეთის დაფინანსება შეადგენს 8 მილიარდ-ნახევარ რუბლს, თითქმის ერთი და იგივე დაფინანსება აქვთ 800-ათასიან და 50-ათასიან მოსახლეობას. რუსეთის სახელმწიფოსთან სამხრეთ ოსეთის შეერთება მე მგონი, არ მოხდება. თუნდაც იმიტომ, რომ ეს არ შედის რუსეთის ინტერესებში, მას ეს არაფერში არ სჭირდება.  ყირიმში სხვა სიტუაცია იყო.  აქ კი მას აქვს, რაც უნდოდა, მეტი არ სჭირდება, და არ ვფიქრობ, რომ დამატებით აახმაურებს მსოფლიოს მსგავსი ფაქტით. რომც მოხდეს ესეთი რამ, ეს გააუარესებს სამხრეთი ოსეთის მოსახლეობის მდგომარეობას და იქ მყოფი მოსახლეობის ეკონმომიკური პირობები უფრო გაუარესდება.

- რა გამოსავალს ხედავთ, რომ საქართველომ საბოლოოდ არ დაკარგოს სამხრეთი ოსეთი?

- მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ფორმატით უნდა ვაწარმოოთ დიალოგი რუსეთთან. ჩვენ ხელი უნდა ავიღოთ რადიკალური რიტორიკისგან, რომ მივისწრაფვით ნატოსკენ. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ამას ეწინააღმდეგება და ამის გამო ჩვენ გვექმნება სეროზული პრობლემა, მათ შორის აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებით. ჩვენ პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთთან, აუცილებლად უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ნატოში შესვლას არ ვაპირებთ, ამით ჩვენ მოგვეცემა იმის საშუალება რომ,  რუსებს დავუმტკიცოთ, რომ არანაირი სამხედრო ბაზების გახსნას არ ვაპირებთ რუსების საწინააღმდეგოდ. ეს არ ნიშნავს რომ ნატოსთან არ უნდა ვითანამშრომლოთ ან დასავლეთზე და ევროკავშირზე ვთქვათ უარი, მითუმეტეს, ევროკავშირი სამხედრო ბლოკი არ არის და თავისუფლად შეგვიძლია მისკენ სვლა გავაგრძელოთ, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ არ შევალთ ამ სამხედრო ბლოკში. ნატოსთან თანამშრომლობა შეიძლება გაცილებით უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდეს, ვიდრე თავად ნატოში შესვლა.  ჩვენ შეგვიძლია, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში დავუდგეთ ალიანსს გვერდით, ჩვენი ჯარის მშენებლობაში დავიხმაროთ ნატო, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე არავითარ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სამხედრო დანაყოფები ან ბაზები არ უნდა გავხსნათ, ვინაიდან ეს პირდაპირ იქნება რუსეთისთვის სახიფათო და ამას ისინი ღიადაც აცხადებენ.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება კვლავ აღმოვჩნდეთ 2008 წლის სიტუაციაში, როდესაც ჩვენ პირდაპირ კონფრონტაციაში შევალათ რუსეთის ფედერაციასთან, ხოლო დასავლეთი შემოიფარგლება აღშფოთება-შეშფოთებით, ხოლო ჩვენ დავრჩებით დაზარალებულები. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ საქართველო არ იქცეს საჯილდაო ქვად დასავლეთსა და რუსეთს შორის, და ჩვენ შევძლოთ ოქროს შუალედის გამონახვა, რათა ჩვენი ქვეყნისთვის გარანტიები მივიღოთ როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისაგან. საქართველოსთვის დღეს საუკეთესო გამოსავალი სამხედრო ნეიტრალიტეტია.  სხვათაშორის, არ არის გამორიცხული, რომ ამ რეგიონში რუსეთსა და ამერიკას შორის რაღაც პატური სიტუაციის მსგავსი შეიქმნას.  ასეთ სიტუაციაში რეგიონის ყველა მოთამაშისთვის მისაღები იქნება საქართველოს ნეიტრალიტეტი.  სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მომზადებული ამისთვის კონცეფცია და პრინციპში უნდა მუშაობდეს კიდეც ამ მიმართულებით.  თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ბოლომდე ისიც კი არ გვაქვს გააზრებული, თუ რა ელის ქვეყანას თუნდაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, მე ვგულისხმობ მის ბაზრებს (ეკონომიკურს, შრომითს, სასაქონლოს, და ა.შ.).  მრავალტომიან ასოცირების ხელშეკრულებას ისე მოვაწერეთ ხელი, რომ საქართველოში სამმა ადამიანმაც კი არ იცოდა რა ეწერა იქ და რა ვალდებულებებს უყენებდა იგი ქვეყანას.

- თქვენი აზრით როგორ გაგრძელდება საქართველო- რუსეთის ურთიერთობა?

რუსეთმა აუცილებლად უნდა დაიწყოს ფიქრი, რომ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებით საქართველო იქცეს მისთვის მეგობრულ ქვეყნად. იმისათვის, რომ საქართველომ დაიწყოს რუსეთის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინება, აუცილებელია, რომ რუსეთმა უარი თქვას აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარებაზე და და ერთობლივად უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ და რანაირად დაუბრუნდეს საქართველოს ტერიტორიებს აფხაზეთი და სამაჩაბლო. თავის დედა სამშობლოში აფხაზეთი და სამაჩაბლო აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ, იმიტომ რომ ისტორიულად ეს ტერიტორიები ყოველთვის საქართველოს შემადგენლობაში იყო და გეოგრაფიულადაც ძნელი წარმოსადგენია მათი დიდი ხნით მოწყვეტა ქართული მიწისაგან.

- და ბოლოს ყარაბახზეც უნდა გკითხოთ. ხომ არ ფიქრობთ რომ ეს კონფლიქტი რუსეთის ხელისუფლების მიერ არის პროვოცირებული და ფარულად რუსეთი რომელიმე მხარეს უწევს დახმარებას?

- კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და დღეს გაკეთდა განცხადება, რომ დაიდო რაღაც საზავო ხელშეკრულება, სამხედრო შენაერთები დაუბრუნდნენ თავიანთი დისლოკაციის ადგილებს, რომელიც იყო ორ აპრილამდე. ძალიან რთულია ასე უცებ ჩვენ გავაკეთოთ რაიმე სახის განცხადება, ურევია თუ არა რუსეთის ხელი ან ურევია თუ არა ვაშინგტონის ხელი, ან თურქეთის, ეს რთულია. თუმცა ალბათ უახლოეს მომავალში გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები და რიგი სახელმწიფოების მოქმედებები დაგვანახებს, თუ ვის აწყობდა ეს სისხლისღვრა, ვის წისქვილზე ასხამდა ეს სისხლისღვრა წყალს და ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს რეალურად ანალიზი, თუ რა მოხდა ყარაბახში და რის გამო დაიღუპა ამდენი უდანაშაულო ადამიანი.  მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ყარაბახში არსებული სტატუს-კვო არ შეიცვლება.

- როგორი უნდა იყოს საქართველოს როლი ყარაბახის კონფლიქტში და არის თუ არა ეს კონფლიქტი საქართველოსთვის სახიფათო?

- საქართველო ამ კონფლიქტში რაიმე როლს ვერ შეასრულებს, თუნდაც იმ უბრალო მიზეზით, რომ მას ჰყავს როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანული, ისე ეთნიკურად სომხური მოსახლეობა, თანაც, საკმაოდ სოლიდური სიდიდის.  გარდა ამისა, თქვენ უკვე მოისმინეთ განცხადებები, რომლებიც გაკეთდა საქართველოს პარლამენტში სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატების მიერ.  ჩვენ აქ დიდი სიფრთხილე გვმართებს. რაც შეხება ამ კონფლიქტის მოგვარებას, საქართველო არ არის იმ მასშტაბის ქვეყანა, რომ მან გადაწყვიტოს ყარაბახის პრობლემა და ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ ჩარევაც ზედმეტი იქნება და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ შევინარჩნოთ ნეიტრალიტეტი, ხოლო კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში უნდა შემოვიფარგლოთ როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური მხარის ჰუმანიტარული დახმარებით და შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყოთ სამშვიდობო პროცესების განვითარებას. 

ესაუბრა -  სალომე დავლაშელიძე