არჩილ ჭყოიძე: ჩვენ, აფხაზებს ძმებს ვეძახით, ისინი კი ბიძაშვილადაც არ გვთვლიან

 

არჩილ ჭყოიძე; ახლა რასაც ვიტყვი, ამის გამო, შეიძლება, ქსენოფობად გამომაცხადონ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა...

ინტერვიუ „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარესთან არჩილ ჭყოიძესთან.
– ბატონო არჩილ, მოდით ცოტა შორიდან დავიწყოთ. რა დადებითი და უარყოფითი ასპექტები აქვს საქართველოსთვის აფხაზეთის რკინიგზის გახსნას?
– პირველ რიგში, დადებითზე ვისაუბრებ, თუმცა, აქვე დავძენ, რომ ეს, პრაქტიკულად, არაწამგებიანი ნაბიჯი იქნება. სრულიად ნათელია, რომ დღეს ნებისმიერი ქვეყნის კეთილდღეობა მის სავაჭრო პოტენციალზე არის დამოკიდებული. სახელმწიფოები ოკეანეების მიღმა ეძებენ გასაღებისა თუ რესურსების ბაზრებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სავაჭრო მაგისტრალი გაიხსნას. რკინიგზის გახსნას უსათუოდ მოჰყვება ქართველებსა და აფხაზებს შორის, ასევე ქართველებსა და რუსებს შორის ეკონომიკური პროქეტების გააქტიურება. ეკონომიკური პროექტები ყოველთვის ხელს უწყობს ურთიერთობების დათბობას. ამის კარგი მაგალითი გვქონდა ერგნეთის ბაზრობის სახით, რომელიც გაიხსნა შევარდნაძის დროს. რეალურად, ქართველებს გვქონდა იმის საშუალება, რომ შევსულიყავით ცხივნალში - სამარშრუტო ტაქსებმაც კი დაიწყეს სიარული ცხინვალიდან რაჭის მიმართულებით. დათბობის პროცესი, პრაქტიკულად, დაწყებული იყო. ბაზრობის დახურვას იქ კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვა, რაც, საბოლოოდ, 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებით დასრულდა. ყველაზე დიდი პლუსი იქნება აფხაზებთან და ზოგადად, აფხაზეთის მოსახლეობასთან ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობების აღდგენა. 
საქართველოშიც და აფხაზეთშიც ახალი თაობები გაიზარდნენ. მათ უნდა გამოძებნონ ერთმანეთთან საერთო ენა. ჩაკეტილი გზის პირობებში ეს ვერ მოხდება. გზის გახსნას, შეიძლება, მხოლოდ ერთი უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, კერძოდ, თუ ქართველი მებაჟეები და სასაზღვრო კონტროლი ენგურზე დადგება. 
– რკინიგზის გახსნით ხომ არ შეექმნება საქართველოს სამხედრო საფრთხე, ხომ არ მოუტანს ეს ზარალს ჩვენს ეკონომიკას?
– ჯერ სამხედრო საფრთხეზე მინდა გითხრათ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის მხრიდან რაიმე აგრესიის განხორციელებაზე, ვიცით, რომ მათ ავტობანთან უდგათ სამხედრო შენაერთები სეპარატისტული ცხინვალის რეგიონში. რკინიგზის გახსნით ჩვენ საფრთხე არც მოგვემატება და არც დაგვაკლდება. სხვათა შორის, სამხედრო თვალსაზრისით, რკინიგზის გახსნაზე მეტი საფრთხე ხუდონჰესის მშნებელობას შეუძლია მოგვიტანოს, თუმცა ამის განხილვა შორს წაგვიყვანს. ამაზე ძალიან საინტერესო სტატიები მოამზადეს ცნობილმა

სამხედრო ექსპერტებმა. ეს საკითხი ძალიან ბუნდოვნად რომ არ დაგიტოვოთ, მოკლედ გეტყვით: სოფლების დატბორვით იმ მონაკვეთში იშლება სახმელეთო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს (ჩრილოეთ კავკასიას) შორის, ხოლო წყალსატევზე გამავალი საზღვარი განსაკუთრებით მოწყვლადია.
ახლა ორიოდე სიტყვით ეკონომიკური სარგებლის შესახებ ვისაუბროთ. დღეს დიდძალი საქონელი მოძრაობს აზერბაიჯანის გავლით, მათ შორის, ქართული საქონელიც. უფრო მეტიც, პრესაში აქა-იქ უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესების შემდეგ რუსეთისთვის განკუთვნილი სახმელეთო ტვირთის გარკვეული ნაწილი საქართველოს გავლით თურქ ბიზნესმენებს აზერბაიჯანში შეაქვთ და იქედან გადააქვთ რუსეთში. ამას დავუმატოთ სომხეთის ტრანზიტული საქონელი. ასევე შეძლებენ შემოიტანონ რიგი საქონელი რუსეთიდან, რაც, ვფიქრობ, მხოლოდ მომგებიანი იქნება – რაც მეტი სატრანსპორტო დერეფანი და კომუნიკაციის საშუალებები ექნება საქართველოს, მით უფრო გაიზრდება მისი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი. მთავარია, არ განმეორდეს 1990-იანი წლების მტაცებლური პოლიტიკა და ეს სარგებელი სახელმწიფო ხაზინას წაადგეს და არა კერძო ჯიბეებს. მოკლედ, რკინიგზის გახსნაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, უკეთესი იქნება და გააჯანსაღებს ქართულ ეკონომიკას.
ამ პროექტმა, ჩემი აზრით, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე რაიმე გავლენა არ უნდა მოახდინოს. მეორე მხრივ, თუ იმის პრეტენზია გვაქვს, რომ სახელმწიფო ვართ, და თანაც სუვერენული, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ხდება საქართველოს ტერიტორიაზე.
ჩვენ ენგურამდე გვაქვს საუკეთესო თუ არა, ნორმალური რკინიგზა, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის აღდგენას საკმაოდ დიდი ხარჯები სჭირდება. თუ მის აღდგენაში რუსები მიიღებენ მონაწილეობას, რას კარგავს საქართველო ან დღეს ან სამომავლოდ?!
– ამის გათვალისწინებით, შემცირდება თუ არა ნატოში შესვლის შანსი? როგორ ფიქრობთ, რა ურთიერთობები უნდა გვქონდეს ნატოსთან დღეს?
– რაც შეეხება ნატოს. ეს პროექტები ნატოს რეალურად ხელს არ უშლის. უკვე მეორე ათეული წელია საქართველო, შევარდნაძის სიტყვებს თუ დავესესხებით, ნატოს კარებზე აკაკუნებს, ხან აბრახუნებს, ზოგჯერ ფეხებსაც ურტყამს, მაგრამ ეს კარი არავინ გაგვიღო.
თავის დროზე, როდესაც რუსეთის უკანასკნელი სამხედრო ბაზა გავიდა საქართველოდან, ჩვენ რომ ნატოში შესვლასთან დაკავშირებით განცხადებებისგან თავი შეგვეკავებინა და გვეთქვა, რომ საქართველოს სურს სამხედრო ნეიტრალიტეტი და მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები არ განლაგდება, დღეს უდაოდ უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა, ჩვენი გაყინული თუ მიძინებული კონფლიქტების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, ნატოსთან თანამშრომლობა იგივე საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ კონტექსტში, თუნდაც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და სხვა სამხედრო კამპანიებში მონაწილეობა, ხელსაყრელია ჩვენი ქვეყნისთვის და მეტ შანსს გვაძლევს დედა-სამშობლოს მოწყვეტილი ტერიტორიებისა და, რაც მთავარია, მოსახლეობის დაბრუნების თვალსაზრისით. მე მაინც ასე ვფიქრობ, და არსებობს ობიექტური საფუძვლები ასეთი ვარაუდისთვის – რომ არა ჩვენი გადამეტებული სწრაფვა ნატოსკენ, რუსეთი არ იჩქარებდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებას.
– ხურჩაში საზარელი მკვლელობა მოხდა.
– რუსეთმა ამ ფაქტზე მკვეთრი რეაგირება უნდა მოახდინოს, საზარელი ფაქტი, რომელიც მოხდა, პროვოცირებულია იმ მიზნით, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები უფრო მეტად დაიძაბოს. მით უფრო, ახლა, როცა ტურისტული სეზონი ახლოვდება.
უკვე დადასტურდა, რომ მკვლელი აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება და არის აფხაზი მესაზღვრე.
ამ არაადამიანურ მკვლელობას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი პასუხი. თუ ეს არ მოხდა, უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთს ან აწყობს ეს პროვოკაცია, ან მისთვის სულ ერთია და ხელსაც აძლევს სიტუაციის დაძაბვა.
თუ რამდენიმე დღეში არ გამოიკვეთა კონტურები და რუსეთმა არ დასაჯა ეს ადამიანი, სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიმართოს რუსეთის მხარეს მკვლელის დასჯის მოთხოვნით, ან გადმოსცეს ქართულ მხარეს.
დიახ, ეს იყო პროვოკაცია, თუმცა პროვოკაციასაც ვერ დავარქმევთ, ეს იყო სასტიკი დანაშაული. ამიტომაც ვამბობ, რუსეთმა ცალსახად უნდა დაგმოს ეს ფაქტი და სასწრაფო რეაგირება მოახდინოს.
– აქამდე არაფერი გვსმენია რუსული მხრიდან.
– იყო უღიმღამო განცხადებები, რომ რუსეთი ამ საქმესთან არაფერ კავშირშია. კი. ბატონო, მკვლელი არის აფხაზი მებაჟე, თუმცა იმ ტერიტორიას რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
ზოგმა შეიძლება ცუდად გამიგოს და ქსენოფობიაშიც დამდოს ბრალი, თუმცა მე ვფიქრობ, ის აფხაზები, რომლებიც ქართველებს მოსაკლავად დასდევენ, ჩვენი ძმები არ არიან.
მათ ჩვენ ვეძახით ძმებს, ისინი გვთვლიან მტრებად.
რა თქმა უნდა, აფხაზები უნდა დავიბრუნოთ, მაგრამ იმ ნაწილის საქციელის, რომლებიც მზად არიან ქათამივით მოკლან ქართველი კაცი, ძალიან შერცხვება ჯანსაღად მოაზროვნე აფხაზებს მერე, როცა უკვე ერთად ვიქნებით, როცა საქართველოს კონსტიტუცია ამოქმედდება აფხაზეთის ტერიტორიაზე.
პრემიერი, პრეზიდენტი და ყველა, ვისაც ხელეწიფება ამჟამად ქვეყნის მართვა, ვალდებულნი არიან აწარმოონ მოლაპარაკებები რუსეთთან, რადგან აფხაზეთი, სიმართლე უნდა ითქვას, რუსეთის გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადადგამს.

სალომე დავლაშელიძე