კვერცხების სროლიდან ფიტულების დაწვამდე-წრეზე ტრიალებთ და ისევ ნაცების წისქვილზე ასხამთ წყალს!

არჩილ ჭყოიძე სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება  აჭარაში სააკაშვილის და გიულენის ფიტულების დაწვას.  მათ ორგანიზატორებს მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყლის დასხმაში ადანაშაულებს.

ჩემი მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ ვითომცდა სააკაშვილის მოწინააღმდეგე ჯგუფებზე. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ ივანიშვილთან დაახლოებულმა პიროვნებებმა შექმნეს ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“, რომელიც უპირისპირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და „თავისუფალ ზონას“. ერთადერთი, რასაც „თავისუფალმა თაობამ“ მიაღწია, იყო ის, რომ ნაცების წარმომადგენლებმა რამდენიმეჯერ გალახეს „თავისუფალი თაობის“ ლიდერები და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ივანიშვილი და ღარიბაშვილი გამოეყვანათ ძალადობის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდამჭერად.
იგივე მეორდება ახლაც. დაახლოებით 100-კაციანი ჯგუფი აქციებს აწყობს ნაციონალური მოძრაობის ოფისებთან, წვავენ ფიტულებს და რეალურად ხელს უწყობენ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ასევე მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას აძლევს ხელს, ვინაიდან აქაც ისინი საკმაოდ მომგებიან პოზიციაში არიან, და აქაც ისინი მათზე ზეწოლაში ადანაშაულებენ ხელისუფლებას, იმ მოტივით, რომ თითქოს ამ ჯგუფების გვერდზე, რომლებიც საკმაოდ წამგებიანი მეთოდებით უპირისპირდებიან ნაცმოძრაობას, ივანიშვილი და ქართული ოცნება დგას.
ჩემი აზრით, ამჟამად დადგა ის მომენტი როდესაც ნაციონალური მოძრაობის ლანძღვით ვერც ერთი პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ვერანაირ რეიტინგს ვერ მოიხვეჭს. ხალხს მობეზრდა

კვერცხების და პომიდვრების სროლაში შეჯიბრის ყურება, და აღარც 20-30 კაციანი არაფრისმომცემი აქციები აინტერესებს. ხალხს პარტიებმა უნდა შესთავაზონ ახალი ხედვები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ეკონომიკის განვითარების, უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის, ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან აცილების, უხარისხო სურსათისა და სხვა მრავალი მწვავე პრობლემის გადასაჭრელად. 
სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ: ნაციონალურ მოძრაობას და მის შვილობილ პარტიებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაცილებით მეტი პროფესიონალი ჰყავთ, ვიდრე ერთად აღებულ ყველა სხვა პარტიას, თუ არ ჩავთვლით ქართულ ოცნებას. თუმცა ქართულ ოცნებაშიც საკმაოდ ბევრი გაოცნებებული ნაციონალია მოკალათებული. მოკლედ, ასეთი აქციები ან სპეციალურად კეთდება, რომ ნაცების წისქვილზე დაასხას წყალი, ან მათი ორგანიზატორები ცუდად ფლობენ ე.წ. ‘პიარის’ მეთოდებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია, ‘ოცნება’ ნამდვილად მოიკოჭლებს ‘პიარის’ კუთხით, რაც ფრიად სამწუხაროა. 

https://www.youtube.com/watch?v=TXhB4ijeLzw