საშიშროებაა 90-იანი წლები განმეორდეს

რჩილ ჭყოიძე სოციალურ ქსელიში პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი  90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების განმეორებას არ გამორიცხავს.

თუ გონივრულად არ მოვიქეცით, საქართველოში 1991-92 წლების გამეორების საფრთხე არსებობს. დღევანდელ მდგომარეობას მაშინდელ სიტუაციას თუ შევადარებთ, იოლად დავინახავთ, რომ 90-იან წლებში საქართველო, როგორც სახელმწიფო, გაცილებით ძლიერი იყო -  მას არ ჰქონდა დაკარგული ტერიტორიები; საქართველოში 4-მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობდა; არ იყო ესოდენ ძლიერი ქართველი ახალგაზრდების ლტოლვა საზღვარგარეთისკენ და, შესაბამისად, სიტყვას ‘სამშობლო’ - სხვა დატვირთვა ჰქონდა; რუსეთი უფრო დასუსტებული იყო, ვიდრე დღეს არის;  თურქეთს არანაირი გავლენა არ ჰქონდა აჭარაზე; სომხეთი და აზერბაიჯანი ორივე საქართველოზე ჩამორჩენილ სახელმწიფოებად მიიჩნეოდა, და ა.შ.

დესტრუქციული ძალების მოქმედება დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო.  მათ მოახერხეს  საქართველოს საზოგადოების შუაზე გახლეჩა და სულ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო სამოქალაქო ომის ინსპირირება, რამაც სავალალო შედეგამდე მიიყვანა საქართველო და დღემდე იმ სამოქალაქო ომის შედეგებს ვიმკით.

ბუნებრივად იბადება კითხვა - როდესაც თურქეთს აქვს ნეოოსმანური იმპერიის აღდგენის ამბიცია (და ამას არც მალავს), როდესაც აჭარაში 40-ათასზე მეტი თურქი ცხოვრობს ხოლო თურქი პოლიტიკოსები პირდაპირ აცხადებენ რომ აჭარა თურქეთის ნაწილია, როდესაც საკმაოდ არასახარბიელო განწყობაა ახალქალაქსა თუ მარნეულში, როდესაც საქართველოში ეთნიკური ქართველი მხოლოდ 2 მილიონზე ცოტა მეტია (სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო ერთობა კი ჩამოყალიბებული არ არის) - არის კი

გონივრული საქართველოსთვის ჰყავდეს ერთმანეთთან დაპირისპირებული 240 პარტია და 20 ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია?

დიდ ილიას თუ დავესესხებით, ეს გათითოკაცება შეიძლება ასეთი ტრაგიკული არც ყოფილიყო, რომ არა ამ ‘თითოკაცების’ ერთმანეთთან კონფრონტაცია, ერთურთის ლანძღვა, შანტაჟი და მუქარა.  თუ ისტორიულად საქართველოს კუთხეები შუღლობდნენ ერთმანეთს, დღეს ეს ‘მემკვიდრეობა’ პოლიტიკურმა პარტიებმა შეითვისეს და დიდ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის სტაბილურობას.  ასეთი სიტუაცია ადვილად შეიძლება გამოიყენონ საქართველოს შინაურმა თუ გარეულმა მტრებმა და უფრო დიდი ტრაგედია დაატრიალონ, ვიდრე ეს 1990-იანი წლების დასაწყისში მოხდა.   ეს შეიძლება ქართული სახელმწიფოს კრახით დასრულდეს.  სწორედ ამიტომ, აუცილებელია პოლიტიკური და სხვა საზოგადოებრივი ძალების გაერთიანება, კონსენსუსის გზით ერთიანი პლატფორმის შემუშავება, რომელიც იქნება მოქნილი და პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების მშვიდობიანი გზით დაძლევის საშუალებას შექმნის.