ჩვენს ერებს თვალსა და ხელს შუა ვკარგავთ

საჭიროა თუ არა ერების დაცვა და რისგან? – ამ კითხვას თავად ერები სვამენ. ბევრი ერისთვის ყველაზე დიდ “სატკივრად” მსოფლიოს რუკიდან მათი გაქრობა იქცა…

ამა წლის ივლისიდან მუშაობა დაიწყო ხალხთა უფლებების დაცვის საერთაშორისო მოძრაობამ. ამ ახალი ევრაზიული ინიციატივის პროექტი წარმოდგენილ იყო პარიზში, და იგი დაუყოვნებლივ დაგზავნეს რუსეთშიც – მოსკოვიდან ჯერ მხოლოდ კაზანსა და ჩვენთან – ვოლგოგრადში.


მოძრაობის წარმოშობა განაპირობა მსგავსი ორგანოს შექმნის გარდაუვალმა აუცილებლობამ, ორგანოსი, რომელიც უშუალოდ ხალხთა უფლებების დაცვით იქნებოდა დაკავებული.
ორგანიზატორები სვამდნენ მართებულ კითხვას: “რატომ აქვთ არსებობის უფლება ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა კომიტეტებს, ხალხთა უფლებების დაცვის ორგანოს კი – არა?  ნუთუ ერები არ საჭიროებენ დაცვას?” რა თქმა უნდა, საჭიროებენ. იუნესკოს მონაცემებით, დედამიწაზე მცხოვრები ორი ათასი ერიდან მსოფლიო ყოველთვიურად ჰკარგავს ერთს. ეს აქტუალურია რუსეთის ტერიტორიისთვისაც და სამხრეთ ფედერალური ოკრუგისთვისაც.
13 ოქტომბერს, ვოლგოგრადში, ხალხთა უფლებების დაცვის მოძრაობამ მრგვალი მაგიდის მსგავსი რამ მოაწყო. “მსგავსი” იმიტომ, რომ საერთაშორისო მოძრაობის მეცნიერები და ენთუზიასტები გაცილებით სჭარბობდნენ უბრალო მოქალაქეებს, მზადმყოფთ ინიციატივის გათავისებისა და მხარდაჭერისთვის. შეიძლება ითქვას, გმირ ქალაქში, თანაც მრავალეროვანში, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ფედერალური ოკრუგის ხალხთა კულტურული და ეთნიკური იდენტიფიკაციის დაცვის საერთაშორისო მოძრაობისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ შეუმჩნევლად ჩაიარა. სულ ტყუილად! თემა ხომ ესოდენ მნიშვნელოვანი და საჭირბოროტოა.
მოძრაობის რუსეთის კოორდინატორმა, პავლე ზარიფულინმა უმალ დახატა პრობლემა:
- ჩვენ ჩვენს ერებს თვალსა და ხელს შუა ვკარგავთ! იუნესკოს მონაცემებით შემაძრწუნებელი ციფრები გვეშლება თვალწინ – დედამიწაზე ყოველდღიურად თითო ერი ქრება! იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს ცალკეული ერების დასახლებებს აფეთქებენ, ატომურ ბომბებს ესვრიან ქვეყნებს. საქმე იმაშია, რომ ეს ერები ჩუმად და შეუმჩნევლად ქრებიან. მაგალითად, საფრანგეთში ისეთი სახელოვანი ერი გაქრა, როგორიც პროვანსელები არიან. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ უბრალოდ მოკვდა ამ ეროვნების წარმომადგენელი, რომელსაც ან არ ჰყავდა შთამომავლები, ანდაც დიდი ხანია ისინი თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში და წარმოდგენაც კი არა აქვთ თავიანთი კეთილშობილი ფესვების შესახებ. უკანასკნელი წარმომადგენლები შეუმჩნევლად კვდებიან, თავიანთი მდიდარი კულტურის სხვებისთვის გადაუცემლად.
თუ ვილაპარაკებთ რუსეთზე, მართალია ეს საფრანგეთი არ არის, მაგრამ პრობლემები არანაკლებია! მიმდინარეობს რუსეთის ყველა ერის რუსიფიკაცია. ორი-სამი თაობის შემდეგ აღარ იარსებებს ისეთი ეროვნება, როგორიცაა თათარი. ყურადღება მიაქციეთ, თათრები რიცხოვნობით მეორე ერია რუსეთში რუსების შემდეგ! სადღაც თაობის შემდეგ აღარ იქნებიან კაზაკები, რომლებიც ახლა ოდენ დღესასწაულებზე თუ იმოსებიან თავიანთ ნაბდებით, მართავენ ცეკვა-თამაშს, შემდეგ კი კვლავ ჯინსებში მიძვრებიან. ჩვენ გლობალიზაციის გზით წავედით. ხოლო ნაციონალურ საკითხში ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ პატარა ერები კარგავენ თვითმყოფადობას და უერთდებიან დიდ ერებს, ასევე ტრანსფორმირდებიან დიდი ერებიც. უკვე ხომ რუსებიც აღარ განსხვავდებიან ევროპელებისგან. და თუ ასე გაგრძელდა, რუსეთისა და ევროპის მდიდარი ნაციონალური შემადგენლობის ნაცვლად ერთ დიდ ერს მივიღებთ. და რა ვუწოდოთ მას? ევროპეოიდები?
რუსეთში, მულტინაციონალურ ქვეყანაში, სადაც დიდ ქალაქებში თითქმის ყოველდღე ხდება კონფლიქტები ნაციონალურ ნიადაგზე, ეს პრობლემები არც კი განიხილება. და თუ განიხილება, მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირულად. ჩემი აზრით, ეს სიტუაცია საფუძველშივე უნდა შეიცვალოს.
რა გვაქვს მხედველობაში, როცა ერების უფლებებზე ვლაპარაკობთ? ყველა ერს აქვს უფლება კულტურულ იდენტობასა და კულტურულ ავტონომიაზე.
სიტყვა ბ.ბ. გეხტმა აიღო, ვოლგოგრადის ოლქის ადმინისტრაციის ნაციონალურ და კაზაკურ საქმეთა კომიტეტის ეროვნულ ურთიერთობათა განყოფილების კონსულტანტმა:
- რუსეთში ყველაფერი არც ისე მარტივადაა ნაციონალურ საკითხებში. აი, მაგალითად, მე. ჩემი გვარი გერმანელ ერთან უშუალო კავშირზე მეტყველებს. ასევე მაქვს პოლონური ფესვებიც. კაზაკობა ჩემთვის ცარიელი სიტყვები არ არის! ვცხოვრობ კი რუსეთში. რომელ ქვეყანაში მიბრძანებთ თვითიდენტიფიცირებას?
მაგრამ, იმავდროულად ჩვენს ოლქში დარეგისტრირებულია 46 ნაციონალური გაერთიანება. ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია ხალხთა მხარდაჭერა მათი განვითარების გზაზე. ვფიქრობ, ჩვენს ოლქში ყოველ ერს თავისი ნაციონალური ნიშა უჭირავს. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ჩვენ გვემუქრება – თქვენ მართალი ხართ – გლობალიზაციაა. იქნებ ეს ბუნებრივი პროცესია?
ამას, როგორც ამბობენ, დრო გვაჩვენებს.

მარია დოლგოპოლოვა

რუსულიდან თარგმნა
გივი ბაქრაძემ

http://www.geopolitica.ru/Articles/784/