არის თუ არა მესამე რომის იმპერიის იდეა ”ტოტალიტარული” –

რეპლიკა პროფესორ გ. ანჩაბაძეს და არა მარტო მას

 ტელეკომპანია ”იმედმა” ვახო სანაიას ”სპეციალურ რეპორტაჟში” ქართული საზოგადოებრიობის თვალში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მესაჭე კირილის და მთლიანად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის  ”განადგურება” დაისახა მიზნად. ამის თქმის საფუძველს ის ტენდენციურობა გვაძლევს, რომლითაც აღნიშნული ”რეპორტაჟი” გამოირჩეოდა.

  რუსი პატრიარქის განქიქება ”რუსულ საზოგადოებრიობასვე” მიანდო პატივცემულმა ვახომ, თუმცა ”რუსული საზოგადოებრიობა” ულტრა-ლიბერალ მარგინალთა სახით წარმოგვიდგა: დღეს უკვე გალოთებული და მივიწყებული, 90-იანი წლების სკანდალური ბიზნესმენი ბოროვოი, რომელიც მაშინდელ პრესაში თავს იწონებდა, ”ჯგუფურ სექსში” მაქვს მონაწილეობა მიღებულიო, მუდმივი დისიდენტი და კომედიანტი ვალერია ნოვოდვორსკაია, გაპარსული მღვდელი-პოლიტიკოსი გლებ იაკუნინი, ჩვენთან ”ჭკვიანის” იმიჯის მქონე კიდევ ერთი ”მართლმადიდებლობის გულშემატკივარი რუსი” – ლეონიდ რადზიხოვსკი, რომელმაც ამას წინათ ტელეკომპანია ”რტვი”-ზე განაცხადა, რუსეთს შავი ზღვის ფლოტი არ სჭირდებაო… აი ეს კამარილია იღებდა თავის თავზე პატრიარქ კირილის შეფასებას და გაკილვას, რომელთაც სამხედრო დაზვერვის გადამდგარი გენერალი კვაჩკოვი დაემატა აბსურდული ბრალდებებით, ხოლო რუსი მოაზროვნე ალექსანდრე დუგინის სიტყვები ტელეკომპანია ”იმედისთვის” სულაც არ იყო განკუთვნილი, ეს ინტერნეტიდან ამოღებული მასალა კონკრეტულ კონტექსტს მოჰგლიჯეს ”გარუსთავორელებულმა იმედელებმა” და ისე მიაწოდეს ტელემაყურებელს.

 არადა, საქმე ეხება იმ პატრიარქის განქიქებას, რომელზეც თავად სანაიას ”რეპორტაჟში” გაკვრით იქნა ნახსენები, რომ იგი დაიბადა რეპრესირებული მღვდლის ოჯახში და ახალგაზრდა კირილი არც პიონერთა რიგებში, და არც კომკავშირში გაწევრებულა, შემდეგ არც ჯარში უმსახურია – ახალგაზრდობიდანვე აირჩია საეკლესიო მოღვაწეობის გზა.

 ”რეპორტაჟში” კირილე ნახსენებია, როგორც კგბ-ს კარტოტეკაში აღნიშნული პიროვნება ანუ უშიშროების კომიტეტთან გარკვეული თანამშრომლობის მქონე პირი, ჩვენში ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოდან დამკვიდრებული ტერმინით რომ ვთქვათ, ”სუკის აგენტი”. ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ადგილობრივი ბოროვოები და ნოვოდვორსკაები ასეთსავე ბრალს ხშირად საქართველოს ეკლესიის პატრიარქსაც უყენებე ხოლმე. რა თქმა უნდა, საბჭოთა ხელისუფლება და კერძოდ, კგბ, ეკლესიის ნებისმიერ მაღალი რანგის მოღვაწეს აღრიცხავდა თავისთან და მასთან თანამშრომლობდა, რადგან ეკლესია უნდა ყოფილიყო საბჭოთა სახელმწიფოსადმი ლოიალური, ეკლესია არ უნდა ქცეულიყო ანტისაბჭოთა იდეებისა და ქმედებების ბუდედ. დღევანდელი გადასახედიდან ეს სავსებით ბუნებრივად ჩანს და ამაში ტრაგიკული არაფერია. ტრაგიკული ის უფრო იქნებოდა, რომ პატიოსან სამღვდელოებას უარი ეთქვა კგბ-სთან კონტაქტებზე, რის შედეგადაც  უშიშროების კომიტეტი მათ  არ დააკავებინებდა საეკლესიო თანამდებობებს და ამ თანამდებობებზე უღირსი პირები მოხვდებოდნენ, რაც ეკლესიას უფრო დააკნინებდა. კონკრეტული სამღვდელო პირების პატიოსნება-უპატიოსნობაზე მსჯელობა, ჩემი ღრმა რწმენით, მათი კონკრეტული საქმიანობიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს და არა იქიდან, თუ რა ”კლიჩკა” ჰქონდათ მათ კგბ-ს არქივებში. ვინაიდან, როგორც ვიცით, ხე კეთილი და ხე ბოროტი მისი ნაყოფით შეიცნობა, ამას გვასწავლის სახარება. საკითხი ამ სახარებისეული ჭეშმარიტების შესაბამისად უნდა იქნას დასმული: რა ნაყოფი გამოიღო ამა თუ იმ სასულიერო პირის მოღვაწეობამ? მაგალითად, კირილემ ვინმე დაასმინა და კგბ-ს დააჭერინა? მრევლს ქრისტეს მცნებების გაზიარების ნაცვლად ბოროტი საქმისკენ მოუწოდა? ან სხვა რამე კონკრეტული დააშავა? რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები არ არსებობს არც კირილესთან, და მით უმეტეს, არც ილია მეორესთან დაკავშირებით. მაგრამ ბარავოი-თუთბერიძეებს ეს არ ადარდებთ, მათი მიზანი ბინძურია – ტალახში გასვარონ დიდი სულიერი ავტორიტეტები.

 ”რეპორტაჟში” პატრიარქ კირილესადმი წაყენებულ ბრალდებათაგან ყველაზე აქტუალური ალბათ მის მიერ ცხინვალის რეგიონში შარშანდელი ომის დროს გაკეთებული განცხადებაა – კირილემ განაცხადა, რომ ის ლოცულობს რუსი ჯარისკაცებისათვის, რომლებიც ”ძმური ოსი ხალხის აგრესიისგან დასაცავად ბრძოლაში დაეცნენ”. ნებისმიერი ქართველის ყურს ცუდად ხვდება ამგვარი განცხადება, და ეს გასაგებია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სისხლი მართლაც დაიღვარა და დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით – რუსების და, პირველ რიგში, ქართველების არაკეთილისმსურველებმა მიაღწიეს მიზანს და ქართველმა და რუსმა ოფიციალურმა შენაერთებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარეს. დღეს ისიც ვიცით დარწმუნებით, ვინ დაიწყო 7 აგვისტოს ”ოპერაცია”, ვინც კიდევ არ იცის, ტალიავინის კომისიის დასკვნისკენ მივუთითებ… შეუძლებელია, რომ ამას არ გამოხმაურებოდა  რუსეთის პატრიარქი. მაგრამ მას ნამდვილად არ მოუხსენიებია აგრესორად საქართველო. კირილემ აღნიშნა, რომ იყო აგრესიის ფაქტი, მაგრამ არ უთქვამს, რომ ამ აგრესიის ავტორი არის ქართველი ხალხი და საქართველო. საქართველოს ხელისუფლებას რომ უყვარდეს თავისი ხალხი, მან თავად უნდა აიღოს საკუთარ თავზე ეს დანაშაული, რომც არ ყოფილიყო დამნაშავე… დაე აგრესორის იმიჯი ხელისუფლებას ჰქონდეს და მან თან წაიღოს ეს იარლიყი, როცა წავა, მარადიული საქართველოს იმიჯს კი ნუ დააზარალებს… თუმცა ეს სულ სხვა თემაა.

 კირილეს იმასაც უკიჟინებდნენ ”რეპორტაჟის” ავტორები, რუსული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე დგასო, ფილმსაც ასე ჰქვია – ”კრემლის პატრიარქი”. მაგრამ რატომ გვავიწყდება, რომ საქართველოს პატრიარქიც არ დგას განზე, როდესაც საქმე საქართველოს ინტერესებს ეხება. ნუ მოვთხოვთ კირილეს იმას, რასაც ჩვენს პატრიარქს არ ვთხოვთ – იზოლაციას ეროვნული მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხებისაგან. ილია მეორემაც არაერთხელ დალოცა ქართული ჯარი და შეიძლება, ეს ოსებს და აფხაზებს სულაც არ მოსწონდეთ. მართლმადიდებელი ეკლესია, ჩემი აზრით, გარკვეული სტრუქტურული პრობლემის წინაშე დგას თანამედროვე მსოფლიოში – არ გაგვაჩნია რა პაპის დარი საერთო ავტორიტეტი მართლმადიდებელ სამყაროში (ეს მეორეს მხრივ დადებითიცაა – მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები თანასწორუფლებიანნი არიან), ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობებში მოდის ამა თუ იმ ქვეყნის საეკლესიო პოლიტიკა, როდესაც ეს პოლიტიკა საკუთარი ქვეყნის ინტერესებთან იგივდება.  ისევ და ისევ ჩემი აზრით, ამ ხარვეზის აღმოფხვრას სერიოზული მუშაობა სჭირდება და ეს უნდა იყოს ილია მეორისა და კირილეს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მაგრამ ყოვლად უნდა გამოირიცხოს მართლმადიდებელთა შორის შუღლის, ვნებათაღელვის და ქიშპის თესვა, როგორც ამას სამწუხაროდ ”იმედის” კოლექტივი შეეცადა. ეკლესია დიახაც რომ ზე-ეროვნულია, რწმენა უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეროვნება, რადგან თავად უფალი მოგვევლინა არა როგორც რომელიმე ერის წარმომადგენელი, არამედ ნებისმიერი ადამიანის -  კაცობრიობის მხსნელი, მაცხოვარი.

  გადაცემის ბოლოს სიტყვა მიეცა პროფესორ გიორგი ანჩაბაძეს, რომელსაც მინდა, ამ წერილის ბოლოს მეც გამოვეხმაურო. ბატონმა გიორგიმ ”მესამე რომის” ანუ ”ბოლო იმპერიის” იდეა ”ტოტალიტარულად” და მეზობლებისთვის საშიშად მოიხსენია. უცნაურია, ისტორიის პროფესორი რატომ არ ითვალისწინებს კარგად ცნობილ ფაქტს: ქრისტიანული იმპერიის იდეა და ამ იდეის განხორციელებაც არსებობდა როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთ ევროპაში. იმპერია მოიაზრებოდა არა როგორც რომელიმე ერთ ერზე მეორე ერის ბატონობის და ჩაგვრის მექანიზმი, არამედ ერების საკრალურ ერთიანობად, რომლის მიზანია, დავესესხები კარლ შმიტს – ”შეაჩეროს, თავიდან აიცილოს ანტიქრისტეს მოსვლა”, იმპერია არის ბოროტების შემაკავებელი ძალა, კატეხონი (კარლ შმიტი მიუთითებს შესაბამის ადგილს სახარებაში, რომლის საფუძველზეც ჰპოვა განვითარება კატეხონის იდეამ – პავლე მოციქული, 2-ე თესალონიკელთა მიმართ, 2, 5-7). აი ეს იდეაა ჩადებული იმპერიაში, შეუძლებელია, რუსეთის პატრიარქს სხვანაირად ესმოდეს იმპერიის ცნება და მასში ”საბჭოთა კავშირის აღდგენას” გულისხმობდეს. იმპერია, ”მესამე რომი” მოიაზრება მეტაფიზიკურად, იგი არის ორიენტირი, მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის საფუძველი, რომლებიც ერთად არიან შეკრულნი, და ამავე დროს სრულ თავისუფლებას ინარჩუნებენ. ძალიან დასანანია, როდესაც ქართველი მეცნიერი ამ ფაქტორს უგულებელჰყოფს და რაღაც შტამპების გამოყენებით საუბრობს. საერთოდ გაუგებარი დარჩა ჩემთვის, საიდან დაასკვნა ბატონმა გიორგიმ ის, რომ რუსეთის მიერ მე-15 საუკუნეში ”მესამე რომის” იდეის ატაცებამ რუსეთისგან უკრაინელების და ბელორუსების საეკლესიო განცალკევება გამოიწვია ან საეკლესიო ერთიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაისვა, ეს საერთოდ აბსურდია. კათოლიკური ლიტვა-პოლონეთის პოლიტიკური ბატონობა მაშინდელი ბელორუსის ტერიტორიაზე და უკრაინის ნაწილზე, ისევე როგორც რომის პაპების მცდელობები, ეს რეგიონები მოეწყვიტათ მართლმადიდებელი სამყაროსაგან, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მართლმადიდებლები მართლმადიდებელ და გნებავთ, რუსულ სამყაროს გამოეყვნენ.

 ეს ისეთივე აბსურდია, როგორც ”რეპორტაჟში” შემოცურებული მტკნარი სიცრუე, თითქოს ჟურნალმა ”ფორბსმა” პატრიარქი კირილე მსოფლიო მილიარდერების სიაში შეიყვანა (ერთი რიგითი ჟურნალისტის აზრი გაიგივებულ იქნა ჟურნალის მიერ შედგენილ ყოველწლიურ რეიტინგთან). ზოგადად კი, თუ საუბარია ეკლესიის მიერ სიმდიდრეების ფლობაზე, ნებისმიერი კონფესიის ეკლესია ისტორიულად ყოველთვის ფლობდა და ფლობს დიდძალ ქონებას. რა არის ამაში დადებითი, რა – უარყოფითი, ეს ცალკე განხილვის საგანია და ჟურნალისტური მანიპულაციების ობიექტად არ უნდა იქცეს.

 გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტი