ერეკლე II და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის

გიორგი ვეკუა (ევრაზიის ინსტიტუტი)

საქართველოს ისტორიიდან ცნობილია, რომ სიძლიერის და ტერიტორიული გაფართოების მწვერვალს ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მე-13 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მეფე თამარის დროს ჩამოყალიბდა მრავალეროვნული სახელმწიფო.  ეს სახელმწიფო იყო იმპერიული ტიპის და იგი მოიცავდა კავკასიის ტერიტორიის დიდ ნაწილს.

ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ამ შემთხვევაში ტერმინის „იმპერია“, რადგან ის მეცნიერულად სწორად ასახავს სახელმწიფოს ტიპს. გარდა ამისა, იმპერიები არ წარმოიქმნება მაინცდამაინც იმპერიული ერის მიერ სხვა ერების და ეთნოსების დაპყრობის შედეგად. მაგალითად, ბიზანტიის იმპერიაში ან საღვთო რომის იმპერიაში დაპყრობილი მიწების წილი შედარებით მცირე იყო. მონღოლების შემოსევის შემდეგ საქართველო დაიშალა ცალკეულ წარმონაქმნებად და როგორც ერთიანი სახელმწიფო „იმპერიულ“ საზღვრებში შემდგომ აღარ აღმდგარა.

მაგრამ ამ ცალკეული სამეფოების მეფეები ცდილობდნენ ხელახლა გაეერთიანებინათ ქვეყანა. ისტორიულად, უკანასკნელი გამოჩენილი მონარქი საქართველოში, რომელიც აქტიურად იღწვოდა ერთიანი და თავისუფალი საქართველოს შესაქმნელად, იყო ქართლ-კახეთის სამეფოს მეფე ერეკლე II. ამ მეფის ფიგურა იმსახურებს განსაკუთრებით საგულდაგულო შესწავლას, რადგან მისი მოღვაწეობის ანალიზმა შეიძლება მოგვცეს პასუხები თანამედროვების ბევრ რთულ კითხვაზეც.

მერე ერეკლე ისტორიაში შევიდა, როგორც გეორგიევსკის ტრაქტატის დადების ინიციატორი – ეს იყო სამოკავშირეო ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. ამ ხელშეკრულების მიხედვით აღმოსავლეთ საქართველო შედიოდა რუსეთის იმპერიის მფარველობაში, მაგრამ ინარჩუნებდა შინაგან ავტონომიას, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას და ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას.

ერეკლე II ლეგენდარული მეფე გახდა უკვე მისივე სიცოცხლეში, რომელსაც ხალხმა „პატარა კახი“ უწოდა. ჩვენს დროში საჭიროა გავაცოცხლოთ ერეკლეს მოღვაწეობის არა მარტო ისტორიული, რაციონალური შეფასება, არამედ მისი ფიგურის ერთგავრ „საკულტო“ ხასიათსაც უნდა გავუსვათ ხაზი. საყურადღებოა, რომ საქართველოში უკვე შექმნილია ერეკლე მეორის საზოგადოება, ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად იღწვის საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირების აღდგენისთვის და განმტკიცებისთვის.

მაგრამ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II არა მხოლოდ რუსეთის იმედად იყო, რომელიც საქართველოს ერთადერთ მართლმადიდებელ მეზობელს წარმოადგენდა (და წარმოადგენს დღესაც), არამედ გმირულ ბრძოლას აწარმოებდა სამეფოს გადასარჩენად ჩრდილოკავკასიელი და თურქი მარბიელების შემოსევებისგან. საინტერესოა, რომ მიუხედავად ირანს (იმდროინდელ სპარსეთს) და აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოებს შორის მრავალრიცხოვანი ომებისა წინა საუკუნეებში, სწორედ სპარსეთის მრისხანე მბრძანებელმა, ნადირ-შაჰმა შეუწყო ხელი ერეკლეს და მისი მამის, მეფე თეიმურაზის გამეფებას ქართლსა და კახეთში. ამით ნადირ-შაჰი უნებლიე მხარდამჭერი აღმოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებისა
ერეკლეს ხელმწიფობის ქვეშ. სპარსეთთან კავშირში ერეკლე მეფემ გააძევა ოსმალო დამპყრობლები აღმოსავლეთ საქართველოდან და ინდოეთშიც კი ილაშქრა. არასდროს მანამდე და არც მის შემდეგ ქართველებს არ ულაშქრიათ და უბრძოლიათ ასე შორს ქვეყნიდან, მათ შორის არც თამარ მეფის დროს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო საკუთრივ ქართული სახელმწიფოს ლაშქრობა, მაგრამ ფაქტი მაინც აღსანიშნავია. ერთგვარად სიმბოლურია, რომ ქრისტიანი და მართლმადიდებელი მეფე მთელი ცხოვრება ულამაზეს აღმოსავლურ თავსაბურავს ატარებდა. ისიც სიმბოლურია, რომ ერეკლე აღმოჩნდა პირველი მეფე ქართლსა და კახეთში, რომელსაც საუკუნებრივი შესვენების შემდეგ სპარსეთის შაჰმა ნება მისცა ქრისტიანული წესით კურთხებულიყო ტახტზე ასვლის დროს.

ერეკლე, ვისი სახელიც მომდინარეობს ძველბერძნული მითოლოგიის გმირის ჰერაკლეს სახელისგან, არა მარტო მეომარი და მხედართმთავარი იყო, თუმცა მისი ხმალი მოწიწებას და შიშს იწვევდა მთელს კავკასიაში. ის იყო ნამდვილი რეფორმატორი და სახელმწიფო მოღვაწე. ერეკლე მეორე ცდილობდა განეხორციელებინა ის, რასაც უწოდებენ მოდერნიზაციას ვესტერნიზაციის გარეშე (ვესტერნიზაცია – დასავლური წეს-ჩვეულებების და ცხოვრების წესის ხელოვნური გადმოტანა სხვა ქვეყნებში). მეფე ერეკლე აარსებდა მანუფაქტურებს, ქმნიდა რეგულარულ არმიას, რომელიც შეიარაღებული იყო არტილერიით, აღორძინებდა ქალაქებს, იწვევდა ხელოსნებს და ოსტატებს არაქართული რეგიონებიდან, ამასთან, არ ცდილობდა რა მათ ხელოვნურ ასიმილაციას და ეთნიკურ-რელიგიური თავისებურებების ნიველირებას. პეტრე პირველისგან განსხვავებით, რომელმაც ერეკლემდე ნახევარი საუკუნით ადრე რუსეთის მოდერნიზაცია მოახდინა, მაგრამ ამავე დროს რუს თავადებს წვერს აკრეჭდა და რუსულ ტანსაცმელს ევროპულით უცვლიდა, ერეკლე მეფე არ წავიდა ასეთ ნაბიჯებზე. რუსეთთან ტრაქტატის დადების პროცესშიც ის ცდილობდა შეენარჩუნებინა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ხელშეუხებლობა, როგორც უცვლელი ინსტიტუტისა (როგორც ცნობილია, რუსეთში ამ დროს საპატრიარქო გაუქმებული იყო და ეკლესიას იმპერატორის მიერ დანიშნული პირი უძღვებოდა).

თუმცაღა მეფე ერეკლემ თავისი უკანასკნელი ბრძოლა წააგო – 75 წლის ასაკში, თავადების მიერ მიტოვებული, რომლებიც დრტვინავდნენ მის მიერ რუსეთზე ორიენტაციის გამო, ის დამარცხდა ირანის შაჰ აღა მაჰმად-ხანთან ბრძოლაში, რომელიც მრისხანე ნადირ-შაჰის აჩრდილი თუ იყო – მაგრამ მისი ცხოვრების მიზანი მიღწეულ იქნა. ქრისტიანული საქართველო გადარჩა, შევიდა რა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამ იმპერიაში ყოფნისას საქართველომ დაიბრუნა თავისი ისტორიული მიწები და განაგრძო სრულფასოვანი არსებობა, მიუხედავად სახემწიფოებრივი დამოუკიდებლობის არარსებობისა. საკმარისია აღინიშნოს, რომ სწორედ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში წარმოიშვა ქართული ეროვნული ინტელიგენცია, ასპარეზზე გამოვიდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე და ა.შ. რუსეთის იმპერიის დაშლის და საბჭოთა კავშირის წარმოქმნის შემდეგ საქართველომ ამ იმპერიაშიც შეინარჩუნა თვითმყოფადობა, მიაღწია მის ისტორიაში არნახულ ეკონომიკურ განვითარებას და კულტურის, მეცნიერების, სპორტის და მრავალი სხვა დარგის მნიშვნელოვან წარმატებებს.

ერეკლე მეორის ფიგურაში, პოტენციური სახით, არის ყველაფერი ის, რაც საჭიროა დღევანდელი საქართველოსთვის ცივილიზაციური არჩევანის გასაკეთებლად: ეს არის მართლმადიდებლობა, ორიენტაცია რუსეთზე და მოდერნიზაცია ვესტერნიზაციის გარეშე. სწორედ ეს „ტრიადა“ იძლევა საქართველოს აღდგენის და გადარჩენისთვის იდეოლოგიური საფუძვლის მომზადების საშუალებას. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება ჩვენი ქვეყნის მიერ საკუთარი იდენტობის პოვნა თანამედროვე ურთულეს სამყაროში.