ქართველები უმადურები არასოდეს ვყოფილვართ

ამ წერილის დაწერა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ორმა სატელევიზიო განცხადებამ გადამაწყვეტინა.

29 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ქედაში, სადაც 25 კაცზე გათვლილი საავადმყოფო გახსნა. იქ მოახსენეს, რომ ამ საავადმყოფოში მოსახლეობის 90% იმკურნალებდა უფასოდ. მიშამ სიხარული ვერ დამალა – თქვენ აქ სოციალიზმი აგიშენებიათო, უმალვე მიხვდა რომ არასათავისოდ გამოუვიდა და დაუმატა – შვედურიო.

 

მე, 30 წელი ვიცხოვრე სოციალიზმის ეპოქაში, ჩემი ქვეყანა კი 70 წელი ცხოვრობდა. ამ წლებში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა (ქართული) გაათმაგდა, ფაქტიურად გაღატაკებულმა და დაქცეულმა ქვეყანამ კი გაიბრწყინა ყველა სფეროში. ჩვენ გვყავდა უამრავი ცნობილი სწავლული, ხელოვანი და სპორტსმენი, გაგვიცნო მთელმა მსოფლიომ (თუნდაც სტალინის ფენომენი რად ღირს). ჩვენ შევქმენით საკუთარი მრეწველობა (მძიმე თუ მსუბუქი). ავაშენეთ ქალაქები და საცხოვრებელი სახლები (რომლებიც უფასოდ ეძლეოდათ მშრომელებს). სწავლა-განათლება უფასო გვქონდა (იქით სტიპენდიას გვაძლევდნენ). რაც მთავარია ჯანმრთელობის დაცვა გვქონდა უფასო, დღეს კი რა ხდება ამ მხრივ – კაცი ვერ მისულა ექიმთან სამკურნალოდ და თუ კი მივა მოუწევს ბინის ან მანქანის გაყიდვა რათა იმკურნალოს. სოციალისტურ საქართველოში ქალი თუ კაცი ყველა დასაქმებული იყო, უმუშევარს ვის დატოვებდნენ მაშინ. დღეს კი მოსახლეობის ნახევარზე მეტი უმუშევარია და ფაქტიურად მათხოვრობით ირჩენს თავს. დღეს ქალები არჩენენ ძირითადად ოჯახებს, ისინი გასულები არიან მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში და ჩვენი ტრადიციებისათვის მიუღებელი შრომით არჩენენ ახლობლებს. ქართველი კაცი კი უფუნქციოდაა დარჩენილი.

კაპიტალისტურ საქართველოში თვალსა და ხელს შუა გვიყიდიან სისხლით დაცულ მიწა-წყალს და ხმის ამომღები კაცი აღარ არის ისე მოუსპეს ამ 20 წელიწადში ხალხს ღირსება და თავმოყვარეობა.

მე, ყოველთვის ოპტიმისტი ვიყავი და მჯერა რომ საბოლოოდ მაინც ვერ დაგვამარცხებენ, ჩემი საყვარელი ერი თითქმის გამოღვიძებულია და ელოდება ღირსეულ ლიდერს, რომელიც არსებობს, მაგრამ ჯერ არ ჩანს. დიახ გამოჩნდება და ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ვინც გვიყიდის სამშობლოს, ვისაც ჩვენი დაღუპვა და გადაშენება სურს, აუცილებლად დაისჯება.  ასე დიდხანს ნამდვილად აღარ გაგრძელდება. შარშან მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოსვლები იყო, მშრომელი ხალხი ითხოვდა სოციალიზმს, წელს ეს მოძრაობა კიდევ უფრო გამძვინვარდება, რადგანაც ნამდვილად მოახლოვდა არა კაცობრიობის, არამედ კაპიტალიზმის დასასრული.

დღეს საქართველოს ვითომ ახალი გადამრჩენელი გამოუჩნდა, მაგრამ არ შეიძლება კაცს რომელსაც სოციალიზმი სძულს და საერთო-სახალხო ქონების განიავებით იშოვა მილიარდები, ქართველი ერი და საქართველო უყვარდეს, ამერიკელების დაკრულზე მოთამაშე ჩემს ქვეყანას სიკეთეს ვერასოდეს მოუტანს.

31 დეკემბერს, ჩვენმა პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი საახალწლო მილოცვაში სოხუმში დაბრუნება უსურვა იმპერიის დაშლის ხარჯზე (იმპერიაში, რა თქმა უნდა რუსეთი იგულისხმა). არ არსებობს ხალხო არანაირი წინაპირობა რუსეთის ფედერაციის დაშლისა და ღმერთმა ნურც ქნას რომ ეს ასე მოხდეს, თორემ სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნება კი არადა საქართველო ჩამოგვეშლება საბოლოოდ.  ყოველდღე გაზეთები წერენ მიშა ასეთი და ისეთიაო, მე დავამატებდი, რომ მისი ყოფნა პოლიტიკაში ძალზედ სახიფათოა კაცობრიობისათვის.

ვიცხოვრე სოციალიზმის დროს ყოფილ საბჭოთა კავშირში და უამრავი სიკეთე და ტკბილი მოგონებები მაქვს ამ დროსთან მიმართებაში. შემოვლილი მაქვს ლამის მთელი კავშირი და ყველგან ვგრძნობდი დიდ სითბოსა და სიყვარულს ქართველების მიმართ. განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობდი რუსების მხრიდან. 4-5 წლის წინ რუსეთში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა, თუ რომელი რესპუბლიკა და ერი ენატრებოდათ ყველაზე მეტად კავშირის დაშლის შემდგომ?  აღმოჩნდა, რომ რუსებს ქართველები და საქართველო გაცილებით მეტად უყვართ და ენატრებათ, რადგანაც ამ გამოკითხვაში პირველ ადგილზე გავედით. ასევე უნდა იყოს ჩვენი მხრიდანაც, რადგანაც მათზე ახლობელი, თანამოაზრე და თანამორწმუნე ჩვენ სხვა არავინ არა გვყავს. ჩვენს სამშობლოს რუსეთისა და რუსების გარდა არასოდეს არავინ დახმარებია და არც მომავალში მაქვს ვინმეს დახმარების იმედი.

ერეკლე მეორემ, ჩვენმა უღირსეულესმა მეფემ, სწორედ განსჭვრიტა, როცა საქართველოს ბედი რუსეთს დაუკავშირა, ამით მან გადაგვარჩინა გადაგვარებისა და გადაჯიშებისაგან. ჩვენ ქართველებმა და რუსებმა აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი, ძმური და მეგობრული კავშირი აუცილებელია. რუსსაც უნდა ესმოდეს რომ რა სიკეთესაც ქართველი კაცი გაუკეთებს მათ, არავინ მსგავს არ მოიწადინებს მათთვის. რაც სტალინმა გაუკეთა რუსეთს – კავის რუსეთი ჩაიბარა და ატომური ბობბით დატოვა, არც ერთი ერის წარმომადგენელი არ გაუკეთებდა. მტრების ჯინაზე – ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავეხუტოთ ერთმანეთს. სწორედ ჩვენი ერთად დგომით გადავარჩენთ ამ ორ დიდ და ლამაზ ერს, ძლიერ და გონიერ ხალხს. აი ვინც კი რუსეთის დაშლას ლამობს, ის არამარტო რუსეთის არამედ საქართველოს მტერიცაა.

ჩემი ბედკრული, ძვირფასი და საყვარელი ერი არასოდეს ყოფილა უმადური. დღეს ჩვენი მტრები მიზანმიმართულად გვაძულებენ რუსეთსაც და სოციალიზმსაც. მჯერა იღვიძებს ჩემი ერი, გაერკვა შექმნილ მდგომარეობაში და არ იქნება არასოდეს უმადური სიკეთის მკეთებლების მიმართ. სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს.

გიორგი ყუშიტაშვილი